Thumbnail
  • გერმანია 1:1 ესპანეთი | გოლები: 1:0 ვერნერი (51), 1:1 გაია (96)
  • უკრაინა 2:1 შვეიცარია | გოლები: 1:0 იარმოლენკო (14), 1:1 სეფეროვიჩი (41), 2:1 ზინჩენკო (68)

სანაკრებო ფეხბურთის დაბრუნების პირველსავე დღეს ერთმანეთს ევროპული ფეხბურთის გრანდები, გერმანიისა და ესპანეთის ნაკრები გუნდები დაუპირისპირდნენ. ერთა ლიგის A დივიზიონის მეოთხე ჯგუფის პირველი ტურის მატჩში იოახიმ ლიოვის გუნდმა ლუის ენრიკეს ‘ფურია როხას’ შტუტგარტში უმასპინძლა და მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. გერმანელები თამაშს ტიმო ვერნერის გოლით იგებდნენ და ესპანელებმა გათანაბრება ბოლო წამებზე, 96-ე წუთზე მოახერხეს.

თითქმის 10-თვიანი პაუზის შემდეგ გამართულ პირველ სანაკრებო მატჩში ორივე გუნდს ეტყობოდა ხანგრძლივი პაუზა. განსაკუთრებით პირველ ტაიმში ტემპიც დაბალი იყო და მაგარი შეტევებიც - იშვიათი. მიუხედავად ამისა, რამდენიმე მომენტი მაინც შეიქმნა დე ხეაც და ტრაპიც საქმეში იყვნენ.

გერმანიის ნაკრებმა ანგარიში მეორე ტაიმის დაწყებიდან 6 წუთში გახსნა: გიუნდოგანის ძლიერი, დიაგონალური გადაცემის შემდეგ, გოზენსმა კარგად მოძებნა ვერნერი, რომელმაც ცენტრისკენ შეიწია და ბურთი ესპანელთა კარის მარცხენა კუთხეში ეფექტურად გაგზავნა.

96-ე წუთზე ესპანელებმა ანგარიში ასე გაათანაბრეს: ფერან ტორესის ჩაწოდების შემდეგ, როდრიგო მორენომ ბურთი გაიასკენ გაგზავნა, ამ უკანასკნელმა კი ახლო დისტანციიდან მარტივად გაიტანა. გოზენსის გამო თამაშგარე მდგომარეობა არ დაფიქსირდა.

ლეროი სანე და ტონი კროოსი

ეს იყო გერმანიისა და ესპანეთის პირველი ოფიციალური მატჩი 2010 წლის მუნდიალის ნახევარფინალის შემდეგ. მაშინ ‘ფურია როხამ’ კარლეს პუიოლის გოლით მოიგო ა ფინალში გავიდა, იქ კი ნიდერლანდების ნაკრები დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. აღსანიშნავია, რომ გერმანიის ნაკრებს ესპანეთი ოფიციალურ მატჩში 1988 წლის შემდეგ არ დაუმარცხებია, ამხანაგური მატჩი კი 2-ჯერ მოუგო.

გერმანია 1:1 ესპანეთი

გოლი: 1:1 ვერნერი (51), 1:1 გაია (96)

გერმანია (3-4-1-2): ტრაპი - ემრე ჯანი, ზიულე, რიუდიგერი - კერერი, გიუნდოგანი (74. სერდარი), კროოსი, გოზენსი - დრაქსლერი - სანე (63, გინტერი), ვერნერი (91. კოხი).

ესპანეთი (4-3-3): დე ხეა - კარვახალი, სერხიო რამოსი, პაუ ტორესი, გაია - ბუსკეტსი (57. მერინო), ფაბიან რუისი (80. ოსკარი), ტიაგო ალკანტარა - ხესუს ნავასი (46. ანსუ ფატი), როდრიგო მორენო, ფერან ტორესი.

მატჩის მიმოხილვა

ჯგუფის პარალელურ მატჩში უკრაინის ნაკრებმა შვეიცარია 2:1 დაამარცხა და პირველი ტურის შემდეგ ჯგუფს 3 ქულით ლიდერობს. ამით ანდრეი შევჩენკოს გუნდის შესანიშნავი სერია გაგრძელდა: უკრაინელებს უკვე 12-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვთ (8 მოგება, 4 ფრე). საკუთარ მოედანზე კი უკრაინას სულაც 2017 წლის მერე არ წაუგია (8 მოგება, 2 ფრე).

მეორე ტურში (6 სექტემბერს) გერმანიის ნაკრები შვეიცარიას ესტუმრება, ესპანეთი კი უკრაინას უმასპინძლებს.

უკრაინა 2:1 შვეიცარია

გოლები: 1:0 იარმოლენკო (14), 1:1 სეფეროვიჩი (41), 2:1 ზინჩენკო (68)

 

კომენტარები

ბოლო ამბები