Thumbnail
  • 27 წლის დუშან ვასიჩს სერბეთის ნაკრების რიგებში მსოფლიო თასი აქვს მოგებული
  • მას სერბეთის, იტალიის, საბერძნეთისა და ხორვატიის ძლიერ კლუბებში უთამაშია

27 წლის სერბი წყალბურთელი დუშან ვასიჩი, რომელსაც თავისი ქვეყნის ეროვნული ნაკრების რიგებში მსოფლიო თასი აქვს მოგებული, მალე საქართველოს მოქალაქეობას მიიღებს, 1 წლის თავზე კი, ჩვენი ქვეყნის ეროვნულ გუნდშიც ითამაშებს.

ვასიჩს 2009-2020 წლების განმავლობაში არაერთ სახელოვან კლუბში უთამაშია. ესენია: ვოივოდინა (სერბეთი, 2009-2015), ფლორენცია (იტალია, 2016-2017), პანათინაიკოსი (საბერძნეთი, 2017), იადრან სპლიტი (ხორვატია, 2017), ვულიაგმენი (საბერძნეთი, 2018), ცრვენა ზვეზდა (სერბეთი, 2019) და შაბაცი (სერბეთი, 2020) არიან.

🎉 “დინამო თბილისს” კიდევ ერთი ახალწვეული ჰყავს! 🤽‍♂ Dusan Vasic - 27 წლის სერბი წყალბურთელი 🏐 2009 - 2020 წლების...

Posted by WPC Dinamo Tbilisi on ხუთშაბათი, 03 სექტემბერი, 2020

ამ ცნობას წყალბურთის კლუბის დინამო თბილისის პრეს-სამსახური ავრცელებს. საინტერესოა, რომ ვასიჩი სწორედ დინამოელთა ახალწვეული გახდა. გუნდმა იძულებითი სამთვიანი პაუზის შემდეგ ვარჯიში ივლისის დასაწყისში განაახლა, შემოდგომიდან კი, ჩემპიონთა ლიგის თამაშები ელის. შეგახსენებთ, რომ ევროპული წყალბურთის უმთავრეს საკლუბო ტურნირზე საუკეთესო 12 გუნდი ორ ჯგუფში გადანაწილდება და შეჯიბრში 11 ნოემბრიდან ჩაერთვება, ჯგუფების 4-4 საუკეთესო კი, რვათა ფინალში გავა და 4-6 ივნისს ჩემპიონობისთვის ჰანოვერში (გერმანია) იბრძოლებს.

ვასიჩი საქართველოს წყალბურთის ნაკრებში პირველი ნატურალიზებული მოთამაშე არ იქნება. აქამდე, ჩვენი გუნდის რიგებში უთამაშიათ დამირ ცრეპულიას (მონტენეგრო), მარკო ელეზს, მარკო იელაჩას, მარინო ფრანიჩევიჩს, ივან სტრუიჩს (ყველა – ხორვატია), ფაბიო ბარალდისა (იტალია) და ბორის ვაპენსკის (სერბეთი).

კომენტარები

ბოლო ამბები