Thumbnail

მესის მამა და ბარსას პრეზიდენტი ვერ შეთანხმდნენ - ლეოს წასვლა გადაწყვეტილი აქვს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

ბარსელონას პრეზიდენტის ხოსეპ მარია ბარტომესა და ლიონელ მესის მამის, ხორხე მესის შეხვედრამ შედეგი ვერ გამოიღო. 'მუნდო დეპორტივოს' ინფორმაციით, მხარეებმა პოზიციები არ დათმეს და ჯერჯერობით შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

როგორც გავლენიანი გამოცემა წერს, ბარტომეუმ მესის მამას განუცხადა, რომ ფეხბურთელის გაყიდვას არანაირ ფასად არ აპირებს. კატალონიური გუნდის პრეზიდენტის თქმით, რონალდ კუმანის ახალი პროექტის მთავარი ნაწილი 33 წლის არგენტინელია და არათუ მის გაყიდვას არ აპირებს, არამედ მასთან ახალი კონტრაქტის გაფორმება უნდა.

ბარტომეუს პოზიციას არ დაეთანხმნენ მესის მამა, ძმა და ადვოკატი, რომლებიც შეხვედრას ესწრებონდნენ. ხორხე მესიმ ბარსას პრეზიდენტს კიდევ ერთხელ განუმარტა, რომ მისი შვილი 'კამპ ნოუზე' დარჩენას აღარ აპირებს და კონტრაქტში არსებული პუნქტი კიდევ ერთხელ შეახსენა, რომლის თანახმად, არგენტინელმა კლუბი უფასოდ უნდა დატოვოს (რასაც ბარსელონა არ ეთანხმება).

ლიონელ მესის ბარსელონაში დარჩენა აღარ სურს

პარალელურად, ცნობილი ბრიტანული გამოცემა ტელეგრაფი წერს, რომ ესპანური კლუბი შესაძლოა დათმობაზე წავიდეს და 700 მილიონი ევროს ნაცვლად, მესი 100 მილიონ ევროდ გაყიდოს. ამის მიზეზი ისაა, რომ ლეოს კონტრაქტი 2021 წელს იწურება და თუ მას არ გაახანგრძლივებს, მომდევნო ზაფხულს 'ბლაუგრანას' უფასოდ დატოვებს. საინტერესოა, რომ 2 წლის წინ, კრიშტიანო რონალდო ტურინის იუვენტუსში სწორედ ზემოხსენებულ ფასად, უფრო კონკრეტულად 105 მილიონ ევროდ გადავიდა.

შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესისა და ბარსელონას შორის დავა 25 აგვისტოს დაიწყო, როდესაც ფეხბურთელმა კლუბს ფაქსით აცნობა გუნდიდან წასვლის სურვილის შესახებ. მესის მთელი კარიერა კატალონიურ გრანდში აქვს გატარებული და 731 მატჩში 634 გოლი გაიტანა.

კომენტარები

ბოლო ამბები