Thumbnail

'ღირს კი ამ ქვეყნის ღირსების დაცვა?' - ბელარუსი სპორტსმენების პროტესტი

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ბელარუსში ანტისამთავრობო აქციებს ცნობილი სპორტსმენები უერთდებიან
  • მათ სპორტსმენთა თავისუფალი გაერთიანების შექმნის შესახებ გამოაცხადეს

ცნობილი ბელარუსი სპორტსმენები ანტისამთავრობო აქციებს უერთდებიან და ამ მიზნისთვის ბელარუს სპორტსმენთა თავისუფალი გაერთიანების შექმნის შესახებ გამოაცხადეს.

ორგანიზაციის მიერ შემუშავებულ იქნა მემორანდუმი, რომელსაც ხელს 400-მდე სპორტსმენი აწერს. მათ შორის მრავლად არიან ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები: ალეკსანდრა გერასიმენია, ელენა ლევჩენკო, ნიკიტა და ეგორ მეშჩერიაკოვები, არტურს უდრისი, ალეკსანდრ ოპეიკინი, კონსტანტინ იაკოვლევი და სხვები. ორგანიზაციაში უკვე ლამის ყველა სპორტის წარმომადგენელია გაერთიანებული.

“ღირს კი, დავიცვა ჩემი ქვეყნის ღირსება, როცა საკუთარს ვერ ვიცავ?“ – ასეთი ემოციური განცხადება გააკეთა ხსენებულმა გერასიმენიამ, რომელიც ცურვაში ოლიმპიური თამაშების სამგზის პრიზიორი და მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონია.

ბელარუსში ანტისამთავრობო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად კვლავაც მოქმედი პრეზიდენტი ალეკსანდრ ლუკაშენკო გამოცხადდა. ის ქვეყანას 25 წელზე მეტია ხელმძღვანელობს, რაც მოსახლეობაში უკმაყოფილებას იწვევს.

სპორტსმენთა გაერთიანება სწორედ გასული არჩევნების შედეგების გაუქმებას, აქციების დროს დაკაკებული პირებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და სამართალდამცავთა შორის დამნაშავე პირების დასჯას ითხოვს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ევრო 2020-ის პლეი ოფის ნახევარფინალში, 8 ოქტომბერს, სწორედ ბელარუსს ეთამაშება. მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ეროვნულ გუნდში თამაშზე უკვე უარი განაცხადა მოსკოვის ცსკა-ს ფორვარდმა ილია შკურინმა, ბორისოვოს ბატეს ფორვარდი ანტონ საროკა კი უშუალოდ აქციაზე დააკავეს და 7-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს. სპეციალური განცხადება გაავრცელა ბატეს კიდევ ერთმა ფეხბურთელმა სტანისლავ დრაგუნმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ქომაგები ნაკრების მაისურის ჩაცმაზე უარის თქმას სთხოვენ.

კომენტარები

ბოლო ამბები