Thumbnail
  • ლიონელ მესის მამა ბარსელონაში ჩაფრინდა
  • ხორხე მესი ბარსას პრეზიდენტ ბარტომეუს შეხვდება
  • ისინი ლეოს მომავალზე დაილაპარაკებენ

ლიონელ მესის და ბარსელონას ამბავში, როგორც იქნა, რაღაც ძვრები შეინიშნება. ლეოს მამა და მრჩეველი ხორხე მესი ოთხშაბათს დილით ბარსელონაში ჩაფრინდა, რათა დღის განმავლობაში ბარსელონას პრეზიდენტ ხოსეპ მარია ბარტომეუს შეხვდეს და თავისი შვილის მომავალზე დაელაპარაკოს.

მესის მამას აეროპორტში ჟურნალისტები დახვდნენ. უფროსი მესი მათ კითხვებს ასე პასუხობდა: “მე არაფერი ვიცი, ხალხო!” მერე კი ტაქსიში ჩაჯდა და ქალაქის ცენტრისკენ წავიდა. ამასობაში, ‘მუნდო დეპორტივოს’ ინფორმაციით, მესის მამას ქალაქის ცენტრში უთქვამს, რომ მას მანჩესტერ სიტის მთავარ მწვრთნელ ხოსეპ გვარდიოლასთან არ უსაუბრია.

მესის მამა ბარსელონას აეროპორტში

ფაქტია, რომ მასსა და ბარტომეუს შორის დაძაბული შეხვედრა შედგება. დიდი ალბათობით, მესის მხარე ტრანსფერის მშვიდად განხორციელებას მოითხოვს, ბარსელონა კი - კონტრაქტში ჩაწერილ 700 მილიონ ევროზე მიუთითებს.

შეგახსენებთ, რომ 33 წლის ლეო მესიმ ორშაბათს ბარსელონას ვარჯიში გააცდინა, მანამდე კი კორონატესტზე არ გამოცხადდა. ესპანური მედია სამშაბათს წერდა, რომ თუ ბარსას ვარჯიშების ბოიკოტირებას განაგრძობს, არგენტინელს დიდი ჯარიმები ემუქრება.

ლიონელ მესი კატალონიურ გრანდში 13 წლის ასაკიდანაა და ბარსას პირველ გუნდში 731 ოფიციალურ მატჩში 634 გოლი აქვს გატანილი. არგენტინელი 2021 წლამდე გაფორმებული კონტრაქტის გაწყვეტას ითხოვს. დიდი ალბათობით, საქმე სასამართლოში გადაინაცვლებს, რადგან გასარკვევია იმ პუნქტის კანონიერება, რომლითაც მესის სეზონის შემდეგ ბარსელონადან წასვლა შეეძლო. ლა ლიგა ოფიციალურად ბარსელონას ამართლებს და მიუთითებს, რომ მესის მსურველმა კონტრაქტში ჩაწერილი 700 მილიონი უნდა გადაიხადოს. 

არგენტინელის კონტრაქტის განხილვის შემდეგ, ლა ლიგამ დაასკვნა, რომ ხელშეკრულება ძალაში რჩება, თუმცა პუნქტი მისი შეწყვეტის შესახებ არსებობს. როგორც ირკვევა, ხელშეკრულებაში ჩადებულ ამ პუნქტს ძალა 10 ივნისამდე ჰქონდა. ახლა გასარკვევია, რა იგულისხმება ზუსტად ხსენებულ პუნქტში მას შემდეგ, რაც კორონავირუსმა ყველაფერი შეცვალა - კონკრეტულ თარიღს უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ ზოგადად სეზონის დასრულება იგულისხმება. საქმე ისაა, რომ კორონაკრიზისის გამო ესპანეთში სეზონი დაგეგმილზე გაცილებით გვიან დასრულდა.

კომენტარები

ბოლო ამბები