Thumbnail

მაგარი სერია მაგარი თამაშით დასრულდა!

გადამწყვეტ, მეშვიდე მატჩში დენვერ ნაგეთსმა იუტა ჯაზი ძალიან დაძაბულ ბრძოლაში 80:78 დაამარცხა და NBA-ს მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ლოს ანჯელეს კლიპერსს დაუპირისპირდება. დონოვან მიტჩელს მეორე ტაიმში შრომა არ დაუფასდა, ჯაზმა სულ ბოლო წამზე თამაშის მოგების შანსი ხელიდან გაუშვა.

პირველი ტაიმის ბოლოს დენვერი უკვე 19 ქულით იგებდა - იმ მომენტში იუტა ჯაზს კარგს ვერავინ ვერაფერს უწინასწარმეტყველებდა. მაგრამ მეორე ტაიმში დონოვან მიტჩელი ათამაშდა და ყველაფერი გამოუვიდა. ჯაზის ვარსკვლავმა თავისი 22 ქულიდან 15 სწორედ მეორე ტაიმში ჩააგდო და რუდი გობერთან ერთად (19 ქულა, 18 მოხსნა, აქედან 7 შეტევაში) იუტა თამაშში დააბრუნა. 

ბოლო წამებზე იუტას თამაშის შეტრიალების შანსიც ჰქონდა, მაგრამ მაიკ კონლის სამქულიანი სროლის შემდეგ ბურთი კალათში არ ჩავიდა!

ნაგეთსიდან საუკეთესო ნიკოლა იოკიჩი გახლდათ, რომელმაც 30 ქულა, 14 მოხსნა და 4 პასი დააგროვა. მანვე ჩააგდო გადამწყვეტი ბურთი მატჩის დასრულებამდე 30 წამით ადრე. ჯამალ მარიმ წინა მატჩების შედეგი ვეღარ გაიმეორა (17 ქულა). დენვერს კონფერენციის ნახევარფინალში (NBA-ს მეოთხედფინალი) ლოს ანჯელეს კლიპერსი ელოდება. შეგახსენებთ, რომ იუტა ამ სერიას 3:1-ს იგებდა…

“ჩემი პატივისცემა დონოვან მიტჩელს. დიდი ბრძოლა იყო. არც კი ვიცი, რა უნდა ვთქვა და როგორ უნდა შევაფასო ეს თამაში,” - განაცხადა მატჩის შემდეგ ჯამალ მარიმ.

“ეს მხოლოდ ერთი თამაშია და მეტი არაფერი. ადამიანებმა პოლიციის ძალადობისა და რასიზმის გამო ოჯახის წევრები დაკარგეს. ამასთან შედარებით არაფერია ის, რასაც ამ თამაშის წაგების გამო ვგრძნობ,” - ეს დონოვან მიტჩელის სიტყვებია.

მატჩის მიმოხილვა

კომენტარები

ბოლო ამბები