Thumbnail
  • ნიკოლოზ ბასილაშვილი 1:6, 4:6, 4:6 ჯონ მილმანი
  • ქართველი ჩოგბურთელი აშშ-ს ღია პირველობას საწყის რაუნდშივე გამოეთიშა

28 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ნიუ იორკში მიმდინარე აშშ-ს ღია პირველობას პირველივე წრეში გამოეთიშა.

საქართველოს პირველი ჩოგანი US Open-ში 22-ე განთესვით ჩაება, თუმცა, საწყის შეხვედრაში 31 წლის ავსტრალიელ ჯონ მილმანთან 1:6, 4:6, 4:6 დამარცხდა.

თამაში ორ საათს გაგრძელდა და ბასილაშვილმა მეტოქის მოწოდების მოგება ვერცერთხელ მოახერხა, თავად კი, 4-ჯერ დაბრეიკდა და წარმატების შანსი არ ჰქონია. ნიკოლოზმა 2 ეისი მოაწოდა, 4 ორმაგი შეცდომა დაუშვა და 56 უნებლიე შეცდომა ჰქონდა, ვინერსი კი მხოლოდ 14 მოუგროვდა.

მატჩის სტატისტიკა

როგორც სჩანს, ქართველ ჩოგბურთელზე კვლავაც ძალიან მოქმედებს ის სიტუაცია, რომელიც მის გარშემო კორტს მიღმაა შექმნილი. შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილს ჯერაც წინ აქვს სასამართლო პროცესი, რომელიც მეუღლესთან არსებულ კონფლიქტურ სიტუაციას ეხება. ცხადია, რომ ამგვარი სიტუაცია საქართველოს პირველ ჩოგანს მხოლოდ თამაშზე კონცენტრირებაში ხელს ძალიან უშლის.

საინტერესოა, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული პაუზის შემდეგ, ნიკოლოზმა 4 მატჩი ჩაატარა და ყველა ისე წააგო, რომ სეტის აღებაც კი ვერ მოახერხა. ივლისიდან მოყოლებულ პერიოდში ბასილაშვილი ზედიზედ დამარცხდა მიშა ზვერევთან (გერმანია, 5:7, 1:6), იან-ლენარდ შტრუფთან (გერამანია, 1:6, 5:7), ფელიქს ოჟე ალიასიმთანა (კანადა, 4:6, 1:6) და ახლა, უკვე მილმანთან.

ბასილაშვილის მარცხის შემდეგ, აშშ-ს ღია პირველობას ერთადერთი ქართველი ჩოგბურთელიღა შემორჩა. ოქსანა კალაშნიკოვა ქალთა წყვილების ტურნირში რუს ალა კუდრიავცევასთან გახლავთ შეამხანაგებულ და საწყის წრეში ამერიკელ ჩოგბურთელებს (ბრეიდი/დოლეჰაიდი) გაეჯიბრება.

📺 ნიკოლოზ ბასილაშვილი V ჯონ მილმანი

კომენტარები

ბოლო ამბები