Thumbnail

ინდიანა პეისერსის საკალათბურთო ოპერაციების პრეზიდენტმა კევინ პრიტჩარდმა 2019/20 წლების სეზონი შეაჯამა და გუნდის მომავალზეც ისაუბრა...

კევინ პრიტჩარდი (ინდიანას პრეზიდენტი): "ვფიქრობ, კარგი შემადგენლობა გვყავს, მე ძალიან მომწონს ჩვენი გუნდი. სჭირდება მას ცვლილებები? შესაძლოა, მაგრამ ყველაფერი უნდა იყოს კარგად მოფიქრებული. 

რაც შეეხება დომასისა და მაილსის ერთად თამაშს. თავიდან, როცა ეს იდეა დაგვებადა, ორივეს ვკითხეთ და საბონისიცა და ტერნერიც აღფრთოვანებული იყო იდეით. ამის მერე შესაძლოა, ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ ეს ორი ერთმანეთს კარგად ავსებს მოედანზე. როცა მე სავარაუდო სამწვრთნელო კანდიდატებს დაველაპარაკები, აუცილებლად ვკითხავთ, რას უპირებენ ამ დუეტს". 

წაიკითხე | გოგა ბითაძის პირველი სეზონი ინდიანაში - რას ველოდოთ მომავალში

ინდიანას პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ამ სეზონის წინ, სატრანსფერო ბაზარი არცისე აქტიური იქნება. არც კლუბისთვის და არც ზოგადად NBA-ში.

როგორ უნდა მოიმოქმედოს ინდიანამ, რომელსაც ჯერ ახალი მწვრთნელიც არ შეურჩევია? The Athletic-ის ბობ კრავიტცს მიაჩნია, რომ გუნდმა ჯერ ვიქტორ ოლადიპოსთან უნდა გაარკვიოს ურთიერთობა, მხოლოდ შემდეგ დანიშნოს ახალი მწვრთნელი და გაცვალოს მაილს ტერნერი. 

"ტერნერი გუნდში, როცა ფარქვეშ საბონისი გყავს და თავის ჯერს გოგა ბითაძე ელოდება, გაუმართლებელი ფუფუნებაა", - წერს კრავიტცი. 

NBA-ს თითოეული გუნდის უახლოეს მომავალზე წერს Bleacher Report. ინდიანას შემთხვევაში ის პეისერსის სავარაუდო მწვრთნელის მაიკ დ'ანტონის მისვლას ეხება: "თუ ეს მოხდა, საბონისი-მაილსი-გოგას ტრიოს დაემშვიდობეთ". რას ეყრდნობა პრესტიჟული ამერიკული საიტი? მაიკ დ'ანსტონის სათამაშო სტილს. ეს სპეციალისტი "სწრაფი კალათბურთის" მოტრფიალეა და ხშირად, გუნდს საერთოდ უცენტროდ ათამაშებს. მისთვის გუნდში სამი კლასიკური ცენტრი ნამდვილად მეტისმეტია.

კომენტარები

ბოლო ამბები