Thumbnail

წლევანდელი სეზონი იუვენტუსისთვის არაერთგვაროვანი გამოვიდა. გუნდი ტრადიციულად ლიდერობს იტალიის ჩემპიონატს და თასის ფინალშია, თუმცა მადრიდის რეალთან საშინაო მარცხის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგას, სეზონის უმთავრეს პრიორიტეტს, იუვე, ფაქტობრივად, გამოეთიშა. რეალთან შეხვედრამ გამოაჩინა ის ტაქტიკური და საკადრო პრობლემები, რომელთა შესახებაც სპეციალისტები მთელი სეზონის განმავლობაში საუბრობდნენ.

პრობლემური ტაქტიკა: 4-5-1 და მისი მინუსები

ბოლო წლებში ტურინული კლუბის ტაქტიკური სქემა რამდენჯერმე შეიცვალა. გასულ სეზონში იუვე 4-5-1 სისტემით ათამაშდა. ამ ტაქტიკას შემტევ ფაზაში ბევრი უპირატესობა ჰქონდა. ბურთის უკანა ხაზიდან გათამაშება და დაცვიდან ამოსვლა ძირითადად ბონუჩისა და პიანიჩს ევალებოდათ. ახალ სქემაში კი იუვეს ოთხი შემტევი ფეხბურთელი ერთდროულად პოულობდა ადგილს - კვადრადო მარჯვნივ, დიბალა ცენტრში, მანჯუკიჩი მარცხნივ, ხოლო გონსალო იგუაინი კი - ყველაზე წინ. ეს იუვეს საშუალებას აძლევდა, რომ ბონუჩისა და პიანიჩზე პრესინგის შემთხვევაში დაცვის (ან ნახევარდაცვის) ხაზიდან შემტევ ფაზაში გადასულიყო კვადრადოს ან დიბალას დრიბლინგის მეშვეობით, ანდაც  ფიზიკურად ძლიერ მანჯუკიჩზე გრძელი გადაცემის წყალობით.

ამ ტაქტიკამ იუვეს გასულ წელს წარმატება მოუტანა. გუნდმა მოიგო იტალიის ჩემპიონატი, თასი და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა, სადაც პირველად გამოიკვეთა 4-5-1-ის ტაქტიკური სისუსტეები. 4-დან 3 გოლი რეალმა ისე გაიტანა, რომ იუვე პოზიციურ დაცვაში არ იდგა - კონტრშეტევების შედეგად.

ნათელი გახდა, რომ კონტრშეტევების დროს მხოლოდ 2 ცენტრალური მცველი (წლების მანძილზე იუვე 3 ცენტრალური მცველით, 3-5-2 სქემით თამაშობდა) სივრცეს ბოლომდე ვერ ფარავდა. ფლანგის მცველები ასევე წინ აწეულები იყვნენ, 4-5-1-ის მიხედვით სამი ხედირას შემტევი პოზიციის დროს ბევრი მოძრაობა და მოწინააღმდეგის საჯარიმოსა და მის მისადგომებთან თავისუფალი სივრცის მოძებნა ევალება. ამ ვითარებაში ცენტრალურ მცველებს მხოლოდ პიანიჩი ეხმარება, რომლის ძლიერი მხარეც დაცვითი ფუნქციების შესრულება არ არის. რეალთან შეტევაზე წასულ იუვეს სივრცე დარჩა, როგორც დაცვის, ასევე ნახევარდაცვის ხაზში.

სატრანსფერო კამპანია

ფინალში წარუმატებლობის მიუხედავად, იტალიური პრესა და სპეციალისტები 4-5-1-ს აქებდნენ. მიიჩნეოდა, რომ ამ სქემით იუვეს საშუალება ჰქონდა, მისი შემტევები (კვადრადო, დიბალა, მანჯუკიჩი, იგუაინი) ერთდროულად განეთავსებინა მინდორზე. ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში იუვენტუსმა ახალი ფეხბურთელები სწორედ 4-5-1 ტაქტიკური სქემის გათვალისწინებით შეიძინა. კერძოდ, შემტევ მოთამაშეთა შორის კონკურენციისა და ვარიანტულობის გასაზრდელად, ტურინელებმა დუგლას კოშტა და ფედერიკო ბერნარდესკი დაიმატეს. შედეგად იუვეს 4  შემტევ პოზიციაზე უკვე 6 ფეხბურთელი (დიბალა, კვადრადო, მანჯუკიჩი, იგუაინი, ბერნარდესკი და დუგლას კოშტა) ჰყავდა.

სატრანსფერო ფანჯრის ყველაზე ხმაურიანი ამბავი ლეონარდო ბონუჩის იუვედან წასვლა გახდა. ახალი სეზონის დასაწყისში რეალთან ფინალურ მატჩში გამოკვეთილი პრობლემები ბონუჩის წასვლამ კიდევ უფრო გააღრმავა. ბონუჩი მრავალი წლის მანძილზე შეუცვლელი იყო. 2 ცენტრალურ მცველს შორის ერთი ადგილი ჯორჯო კიელინის ეკუთვნის, ანდრეა ბარძალი კი, ასაკის გათვალისწინებით, მხოლოდ როტაციაში თამაშობს და ალეგრი მის სათამაშო წუთებს ზღუდავს. ბენატია სეზონის სტარტზე არადამაჯერებლად გამოიყურებოდა, რუგანი ახალგაზრდაა და ძირითადი შემადგენლობისთვის ჯერ კიდევ არ მომწიფებულა. ბონუჩის გარდა, გუნდიდან წავიდა დაცვის ხაზის კიდევ ერთი მოთამაშე დანი ალვეში.

ცვლილებების შემდეგ იუვეს დაცვა მრავალი წლის მანძილზე პირველად  გაუვალად აღარ გამოიყურებოდა. სწორედ ის გუნდები, რომლებიც კონტრშეტევაზე კარგად თამაშობენ (მაგალითად, ლაციომ იუვეს ორ თამაშში 5-ჯერ გაუტანა), დაცვისა და ნახევარდაცვის ხაზში სივრცეებს პოულობდნენ და ტურინულ კლუბს მრავალ პრობლემას უქმნიდნენ. შედეგად, იუვემ რეკორდულად ბევრი გაუშვა.

ალეგრი იძულებული გახდა, რომ სისტემურ ცვლილებებზე წასულიყო. მან პიანიჩი-ხედირას დუეტს შუა ხაზში კიდევ ერთი მოთამაშე დაუმატა, რომელსაც ძირითადად  დაცვითი ფუნქციების და ე.წ. „შავი სამუშაოს“ შესრულება დაევალა. ამ როლს იდეალურად მოერგო ზაფხულში პარი-სენ-ჟერმენიდან შეძენილი ბლეზ მატუიდი. შედეგად, იუვეს მოედნის ცენტრში 3 ნახევარმცველი ჰყავს - პიანიჩს, რომელსაც ძირითადად ბურთის დაცვიდან ამოტანა  და შეტევის დაწყება ევალება, ორი  დინამიური, მობილური და ფიზიკურად ძლიერი მოთამაშე - ხედირა და მატუიდი ეხმარებიან.

ამ განლაგებით იუვემ: 14 თამაშიდან 13 მოიგო და 1 ფრედ ითამაშა. გაუშვა მხოლოდ 1 გოლი

ჩემპიონთა ლიგის განახლებასთან ერთად, ალეგრი დილემის წინაშე აღმოჩნდა. იუვეს კვირაში 2 თამაშის ჩატარება უწევდა. კლუბი დაკომპლექტებულია 4-5-1 ტაქტიკური მოდელისთვის. კვირაში 2 თამაშის პირობებში კი იუვეს შუა ხაზში მოკლე როტაცია ჰქონდა.

პიანიჩის პოზიციაზე თამაში მარკიოზიოს და ახალგაზრდა ბენტაკურსაც შეუძლიათ, ხედირა-მატუიდის პოზიციაზე იუვეს მხოლოდ სტურარო ჰყავს. თუმცა, მარკიზიო ტრავმატულია, მოცემულ მომენტშიც ტრამვის გამო გამოთიშულია ძირითად შემადგენლობას და ეს პრობლემა ხელს უშლის მის იდეალურ სათამაშო ფორმაში ყოფნას, სტეფანო სტურაროს ძლიერი მხარე კი მხოლოდ თამაშის დაცვითი ფაზა და უბურთოდ მოძრაობაა. შეტევის ორგანიზებასა და ბურთის გათამაშებაში მისი წვლილი მინიმალურია, რაც სტურაროს როტაციის სრულფასოვან მოთამაშედ ქცევას ართულებს.

ტოტენჰემთან ტურინულ შეხვედრაში ალეგრიმ სქემა შეცვალა. ტრამვირებული მატუიდის ნაცვლად, ნომინალური ნახევარმცველი არ დააყენა და შემტევი 4-5-1 სქემით ითამაშა. შედეგად, იუვემ პირწმინდად დათმო მოედნის ცენტრი და უჭირდა დაცვიდან შეტევაში გადასვლა.

პრობლემები დაცვაში

იუვესთვის მარჯვენა მცველის პოზიცია წელს ყველაზე პრობლემურია. წლების მანძილზე შტეფან ლიხშტაინერი საიმედოდ ირჯებოდა. გასულ წელს ამ პოზიციაზე ტურინელებმა სულაც ვარსკვლავური დანი ალვეში დაიმატეს, რომელიც შარშანდელი  ჩემპიონთა ლიგის კამპანიის ერთ-ერთი მთავარი მოქმედი ფიგურა გახდა. დანი ალვეშის წასვლის შემდეგ კი წელს იუვე ვეტერანი ლიხშტაინერის და მილანიდან გადმოსული მატია დე შილიოს იმედზე დარჩა. დე შილიო მთელი სეზონის განმავლობაში არ ტოვებს დამაჯერებელ შთაბეჭდილებას. ალეგრი იძულებული გახდა, რამდენჯერმე დაცვის მარჯვენა ფლანგზე ნომინალური ცენტრალური მცველი ანდრეა ბარძალი დაეყენებინა.

ერთ-ერთი ასეთი ექსპერიმენტი ლონდონში ტოტენჰემის წინააღმდეგ კი არცთუ კარგად დასრულდა. ბარძალი ფლანგზე თავისზე ბევრად სწრაფი კორეელი სონის წინააღმდეგ აღმოჩნდა და მთელი თამაშის მანძილზე ძალიან უჭირდა. რეალთან შეხვედრაში დე შილიო არადამაჯერებელი იყო - მისი პოზიციიდან დაიწყო პირველი საგოლე შეტევა და დააგვიანა ხელოვნური თამაშგარის შექმნა მესამე გოლზე.

ალეგრის მარცხი და რეალ მადრიდი

რეალთან შეხვედრის ცალკეული ანალიზი შეუძლებელია იმ პრობლემების გათვალისწინების გარეშე, რომელიც იუვეს მთელი სეზონის განმავლობაში ჰქონდა. თუმცა, ამ პრობლემებს ინდივიდუალური შეცდომებიც დაემატა. შეცდომების ნაწილი ინდივიდუალური იყო - ის თუ, როგორ გაუშვა იუვემ მეორე გოლი, კერძოდ კიელინის ქმედება, ლოგიკურ ახსნას არ ექვემდებარება. იუვეს  გამოცდილმა მცველმა აუხსნელი შეცდომა დაუშვა იმ პირობებში, როდესაც მასზე მინიმალური ზეწოლა იყო.

ცალკეული ფეხბურთელების ინდივიდუალურ შეცდომებს ალეგრის არაეფექტური გადაწყვეტილებებიც დაემატა. ამ თემაზე პირველი საჯარო კომენტარი დელ პიერომ გააკეთა.

ალექს დელ პიერო

ალეგრის ხშირად აქებენ ხოლმე, თუმცა მას რაღაც უნდა შეეცვალა შარშანდელი ფინალის შემდეგ!

დელ პიეროს შენიშვნა ლოგიკას მოკლებული არ არის. რეალთან შეხვედრაში იუვემ გაიმეორა რამდენიმე ის შეცდომა, რომელიც შარშანდელ ფინალში დაუშვა.

ლუკა მოდრიჩი (შარშანდელი ფინალის შემდეგ)

ზიდანმა აღმოაჩინა სისუსტეები იუვეს დაცვაში. იუვე ძალიან კარგად იცავს ჩაწოდებებს, თუმცა მათ უჭირთ თავდაცვა დაბალი  და ფლანგიდან უკან დაბრუნებული პასების დროს. ფინალამდე მთელი კვირა ამ კომპონენტზე ვვარჯიშობდით და სამი გოლი სწორედ ასე გავიტანეთ.

მოდრიჩის სიტყვები სიმართლეა. იუვეს ფიზიკურად ძალიან ძლიერი მცველები ჰყავს, თუმცა სისწრაფე მათი ყველაზე ძლიერი მხარე არ არის -არც კიელინი, არც ბარძალი და არც ბენატია ყველაზე სწრაფი მცველების რიცხვში არ შედიან. შესაბამისად, ახლო ძელთან სისწრაფეზე გათვლილი დაბალი პასი ანდაც პასი უკან, მათთვის რთული დასაცავია. უცნაურია, რომ იუვემ იგივე შეცდომა დაუშვა - რეალის პირველი გოლი ძალიან ჰგავს ფინალში გაშვებულ გოლებს.

რეალის პირველი გოლი თითქმის იგივე კომბინაციაა, რომლითაც მადრიდელებმა პარი სენ ჟერმენთან პირველ შეხვედრაში პენალტი გამოიმუშავეს. რეალთან შეხვედრაში არ ჩანდა, რომ იუვე ამ ტაქტიკური დეტალებისთვის მომზადებული იყო.

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ იუვეს სათამაშო მონახაზი რეალის სწრაფმა გოლმა აურია. მეტიც, პირველ და მეორე გოლს შორის მონაკვეთში იუვე ტაქტიკურად საკმაოდ გამართულად თამაშობდა. არ ტოვებდა ზონებს დაცვაში, კარგად მოძრაობდა და არ მისცა რეალს კონტრშეტევების საშუალება და უფრთხილდებოდა რა ბურთს თავიდან აირიდა რეალის ყველაზე სახიფათო იარაღი - დაცვიდან შეტევაში სწრაფად გადასვლის უნარი (ე.წ. offensive transition). თამაშის ეს სურათი მისაღები მხოლოდ 0-0-ზე შეიძლება ყოფილიყო. რეალის სწრაფი გოლის შემდეგ იუვეს  თითქოს არ ჰქონდა გეგმა B, თუ როგორ უნდა ემოქმედა კონკრეტულ სიტუაციაში. ობიექტურობისთვის უნდა აღინიშნოს ისიც, რომ რეალის კლასის გუნდთან თითქმის არ არსებობს კარგი ტაქტიკური სცენარი საკუთარ სტადიონზე სწრაფი გოლის მიღების შემდეგ.

კითხვებს იწვევს ალეგრის სათამაშო სქემაც. ისევე, როგორც ტოტენჰემთან საშინაო შეხვედრაში ძირითადი ცენტრალური ნახევარმცველის არყოლის პირობებში (ტოტენჰემთან იუვეს ტრამვირებული მატუიდი აკლდა, რეალთან კი დისკვალიფიცირებული პიანიჩი), ალეგრიმ შეცვალა სათამაშო სქემა და ცენტრში ორი ნახევარმცველი დააყენა. როგორც ზემოთ უკვე ვნახეთ, სტატისტიკა გვარწმუნებს - მოედნის ცენტრში ორი ნახევარმცველის პირობებში იუვე არცთუ დამაჯერებლად გამოიყურება. მით უმეტეს, უცნაური იყო ეს გადაწყვეტილება რეალის წინააღმდეგ, რომელსაც ცენტრში ოთხი მსოფლიო კლასის მოთამაშე ჰყავს.


სავარაუდოა, რომ ალეგრის ჩანაფიქრით, მას სურდა ფლანგებზე მოეპოვებინა უპირატესობა, სადაც იუვეს ორ-ორი მოთამაშე მადრიდელთა განაპირა მცველების წინააღმდეგ დარჩებოდა (მარცხნივ - ასამოა და ალექს სანდრო კარვახალის წინააღმდეგ, მარჯვნივ დუგლას კოშტა და დე შილიო მარსელოს წინააღმდეგ). ამ ტაქტიკური ხერხით პარი სენ ჟერმენი წარმატებით სარგებლობდა მადრიდულ შეხვედრაში რეალის წინააღმდეგ, იქამდე სანამ ზიდანის ცვლილებამ თამაშის ბედი არ გადაწყვიტა. ალეგრის გათვლამ ვერ გაამართლა - იუვემ ფლანგებზე უპირატესობა ვერ მოიპოვა, განსაკუთრებით პასიურად მათი მარცხენა ფლანგი გამოიყურებოდა და ცენტრიც დათმო.

ლიდერის პრობლემა

რეალთან ორივე შეხვედრაში იუვემ ბრძოლა ნაადრევად შეწყვიტა და დიდი ანგარიშით დამარცხდა. ეს სიხისტითა და ბრძოლისუნარიანობით განთქმული ტურინული კლუბისთვის არადამახასიათებელია. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიც უნდა იყოს, რომ გუნდს მოედნის შუა ხაზსა და შეტევაში არ ჰყავს ავტორიტეტული ლიდერი, რომელიც თავისი მაგალითითა და ბრძოლის სურვილით, სხვებსაც მაგალითს მისცემს.

გუნდის ლიდერები ბუფონი, ბარძალი და კიელინი უკანა ხაზში თამაშობენ. ცენტრში ხედირა და მატუიდი მშვიდი ხასიათის ფეხბურთელები არიან, დიბალა მეტისმეტად ახალგაზრდაა, ხოლო იგუაინი კი ხასიათის სიმტკიცით არასდროს გამოირჩეოდა. ერთადერთ გამონაკლისად ტურინელი გულშემატკივარის ფავორიტი მარიო მანჯუკიჩი უნდა მივიჩნიოთ. იმ როლზე, რომელიც წლების მანძილზე არტურო ვიდალს და კარლოს ტევესს ასრულებდნენ, დღეს იუვეში არავინ ჰყავს.

განწყობა გუნდში

წელს ალეგრის მეოთხე სეზონია იუვეში. ალეგრი ტრაპატონის, ლიპის ან კონტეს მსგავსად  იუვენტინო არასოდეს ყოფილა - იგი ძალიან კარგი ტაქტიკოსია, თუმცა ტურინულ კლუბთან ორგანული ერთობა არ აქვს. გულშემატკივრები მას პატივს სცემენ, თუმცა მაინცადამაინც არ უყვართ. ტურინში მას საყვედურობენ, რომ კლაუდიო მარკიზიოს, იუვეს ვეტერანსა და ერთ-ერთ სიმბოლოს, ცუდად ექცევა და დაუმსახურებლად ცოტა დროს აძლევს სათამაშოდ.

ფეხბურთელებთან მას კარგი ურთიერთობა აქვს, თუმცა არა ისეთი, როგორიც, მაგალითად, კონტეს ჰქონდა. იუვეს თამაში ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ამ ფორმაციის გუნდმა დაასრულა განვითარების ერთი ციკლი (ჩვეულებრივ, ეს არის ხოლმე 3-4 წლიანი მონაკვეთი). გუნდს ახალი ენერგეტიკა, ახალი მიზნები, ემოციები და გამოწვევები სჭირდება. ეს, რა თქმა უნდა, არ გულისხმობს რევოლუციურ ცვლილებებს - იუვე იტალიის ყველაზე წარმატებული კლუბია, შედის ევროპული გრანდების რიცხვში და რადიკალური ცვლილებების არანაირი საჭიროება არ აქვს.

იუვეს მომავალი სეზონის წინ არჩევანის წინაშეა. ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებისთვის ხელმძღვანელობას კლუბის განახლება დასჭირდება. ამისთვის ორი გზა აქვს:  მოიყვანოს ახალი ფეხბურთელები სულ მცირე 2-3 პოზიციაზე, მათ შორის მოედნის ცენტრში და დაცვის მარჯვენა ფლანგზე და ახალ ფეხბურთელებს შორის სცადოს, მოძებნოს ახალი ლიდერი ან შეცვალოს მწვრთნელი და შექმნას ახალი ფორმაციის გუნდი.

ალეგრის გაშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება რეკომენდებული, თუკი ტურინელებს გარანტია ექნებათ, რომ მის ჩანაცვლებას ასევე მსოფლიო კლასის სპეციალისტით შეძლებენ. ტურინელთა ხელმძღვანელობა დიდი ხანია აკვირდება სიმონე ინძაგის მუშაობას რომის ლაციოში. თუმცა, ამ ეტაპზე სიმონე ინძაგი ჯერ კიდევ არ უნდა იყოს მზად იუვეში მუშაობისთვის.

რჩება მეორე ვარიანტიც. ანტონიო კონტე გარანტირებულად დატოვებს ლონდონის ჩელსის. კონტე იუვენტინოა, იყო გუნდის კაპიტანი და სიმბოლო, მის სახელთან არის დაკავშირებული კალჩოპოლის შემდეგ იუვეს გრანდებს შორის დაბრუნება. კონტესთან დაკავშირებით მხოლოდ ერთი პრობლემაა. მისი წასვლის მიზეზი კლუბის ხელმძღვანელობასთან პირადი კონფლიქტი იყო. იტალიური პრესის ცნობით, წყენა მათ შორის ისევ არსებობს და კონტეს იტალიის ნაკრებში მუშაობის პერიოდში კიდევ უფრო გაღრმავდა. თუკი ანიელი და კონტე მოახერხებენ საერთო ენის პოვნას, მაშინ ანტონიო კონტე ყველაზე რეალისტური კანდიდატი იქნებოდა ტურინულ კლუბში დასაბრუნებლად.

კომენტარები

ბოლო ამბები