Thumbnail

ტოჩინოშინის დიდი ნახტომი რეიტინგში - ქართველი სუმოისტი 14 პოზიციით დაწინაურდა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ლევან გორგაძე დასავლეთის მე-4 მაეგაშირა გახდა
  • მომდევნო ბაშო სტარტს 13 სექტემბერს აიღებს

32 წლის ქართველ სუმოისტს ლევან გორგაძეს იგივე ტოჩინოშინს ივლისის ბაშოზე წარმატებული ასპარეზობა დაუფასდა და იაპონიის სუმოს ასოციაციის მიერ განახლებულ რეიტინგში (ბანძუკე) სერიოზული წინსვლა განიცადა.

შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინი გასულ სუპერტურნირზე დასავლეთის მე-11 მაეგაშირას წოდებით ირჯებოდა და 15 ორთაბრძოლიდან 10 მოიგო. შედეგად, ქართველი სუმოისტი ერთბაშად 14 საფეხურით აღზევდა და მომდევნო ბაშოზე დასავლეთის მე-4 მაეგაშირას რანგში წარსდგება.

იოკოძუნების სტატუსი შეინარჩუნეს ჰაკუჰომა და კაკურიუმ, ასანოიამა და ტაკაკეიშო ოძეკები იქნებიან, შოდაი, მიტაკეუმი და დაიეიშო დოჰიოზე სეკივაკეები რანგში გავლენ, ხოლო კომუსუბის ტიტულის მატარებლად ოკინოუმი და ენდო გვევლინებიან.

სამწუხაროდ, რეიტინგში უსასრულო ვარდნას განაგრძობს გაგამარუს შიკონათი ცნობილი თეიმურაზ ჯუღელი. 33 წლის ქართველმა სუმოისტმა მძიმე ტრავმის გამო უკვე გამოტოვა გასული წლის ნოემბრის და წლევანდელი იანვრის, მარტისა და ივლისის სუპერტურნირები და რანგით მე-4 დივზიონ სანდანმეში უკვე დასავლეთის 85-ე ადგილზე იმყოფება. მოსალოდნელია, რომ გაგამარუ ახლო პერიოდში კარიერის დასრულების შესახებ განცხადებასაც გააკეთებს.

წლის მომდევნო სუპერტურნირი – აკი ბაშო იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში 13-27 სექტემბერს ჩატარდება და მასზე მაყურებლები ისევ შეზღუდული რაოდენობით დაიშვებიან, რაც კორონავირუსის ახალ ტალღასთან არის დაკავშირებული.

კომენტარები

ბოლო ამბები