Thumbnail

თბილისის ლოკომოტივის მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა ევროპალიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა შეაფასა, სადაც მის გუნდს მეტოქედ მოსკოვის დინამო ერგო. მისი განცხადებით, სამივე პოტენციური მეტოქე (მოსკოვის დინამო, გალათასარაი და ქაირათი) ძლიერი იყო და წყვილში ფავორიტი რუსული გუნდია, მაგრამ ეს ფურცელზე, მოედანზე კი სხვა ვითარების იმედი აქვს. ჭიაბრიშვილი ამბობს, რომ მისი გუნდი მაქსიმალური კონცენტრაციით მოემზადება.

გიორგი ჭიაბრიშვილი (ლოკომოტივის მთავარი მწვრთნელი): "პირველი ეტაპის წილისყრაზეც ვთქვი და ახლაც ვამბობ, საქმე გამართლება-არგამართლებაზე ნამდვილად არაა. პოტენციური მეტოქეებიდან, სამივე ძალიან ძლიერი გუნდი იყო, ევროტურნირებზე დიდი გამოცდილებით.

მოვემზადებით ისე, როგორც აქამდე ვემზადებოდით - მაქსიმალური მობილიზებითა და კონცენტრაციით. ამ წყვილში, ფავორიტი ჩვენი მეტოქეა, მაგრამ პირველ ეტაპზეც ასე ვიყავით, აუტსაიდერებად მივიჩნეოდით. ფურცელზე სხვაა, მოედანზე კი, სულ სხვა.

თბილისის ლოკომოტივის მთავარი მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილი
📸 | ლოკომოტივი

გაგვიმართლა, რომ მეორე რაუნდსაც სახლში ვითამაშებთ. ძალიან ძლიერი, მაღალბიუჯეტიანი მეტოქე გვყავს, რომელიც რუსეთის ჩემპიონატში მეოთხე ადგილზეა. შემადგენლობაში რუსეთის ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრების 12 ფეხბურთელი ჰყავთ. ასევე ლეგიონერები ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიცაა ხორვატია, გერმანია, პოლონეთი, უკრაინა, ბოსნია და ნიგერია.

ახლა დეტალებში ვერ ჩავალ, რადგან, ჯერჯერობით ლოკომოტივი ეროვნული ლიგის მორიგი ტურის მატჩისთვის ემზადება. ამის შემდეგ, მთლიანად გადავერთვებით მოსკოვის დინამოსთან მატჩზე“.

შეგახსენებთ, რომ ლოკომოტივისა და მოსკოვის დინამო მატჩი 17 სექტემბერს თბილისში გაიმართება და მომდევნო ეტაპის საგზურის მფლობელს ეს ერთი დაპირისპირება გაარკვევს.

კომენტარები

ბოლო ამბები