Thumbnail

მოსკოვის დინამო თბილისში - ქართული კლუბების მეტოქეები ევროპალიგაზე

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • უეფას შტაბბინაში ევროპალიგის II საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა
  • დინამო თბილისმა და თბილისის ლოკომოტივმა მეტოქეების ვინაობა შეიტყვეს
  • 23-წლიანი პაუზის შემდეგ ქართულ-რუსული კლუბების დაპირისპირება შედგება

ნიონში მდებარე უეფას შტაბბინაში ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა, სადაც ქართული გუნდების მეტოქეებიც გაირკვა. 17 სექტემბერს, საქართველოს ჩემპიონი დინამო თბილისი სტუმრად უელსურ კონაჰს დაუპირისპირდება, ხოლო თბილისის ლოკომოტივი შინ მოსკოვის დინამოს უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, რომ დინამო თბილისმა ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე შინ ალბანურ ტირანასთან ანგარიშით 0:2 წააგო და ევროპალიგაზე გადაინაცვლა, გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობა კი კახა ჩხეტიანმა დატოვა. დინამოს მთავარი მწვრთნელის მოვალეობას მისი ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი, ესპანელი ჩისკო მუნიოსი შეასრულებს.

კონაჰისთვის 2019/20 წლების სეზონი წარმატებული აღმოჩნდა - გუნდი უელსის ჩემპიონად გამოცხადდა (პანდემიის გამო) და ლიგის თასის გამარჯვებული გახდა. კონაჰმა ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, დინამო თბილისის მსგავსად, შინ ბოსნიურ სარაევოსთან წააგო - 0:2 და ევროპალიგაში გადაინაცვლა.

ჩისკო მუნიოსი დინამოს მომზადებას უკვე შეუდგა
📸 | დინამო თბილისი

რაც შეეხება თბილისის ლოკომოტივს, გიორგი ჭიაბრიშვილის შეგირდებმა რუმინულ უნივერსიტატეა კრაიოვას შინ ანგარიშით 2:1 სძლიეს და მეორე ეტაპზე გავიდნენ. ლოკომოტივი ერთადერთი ქართული კლუბი აღმოჩნდა, რომელმაც წლევანდელი ევროთასების პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე წარმატებას მიაღწია.

რაც შეეხება "რკინიგზელთა" მომავალ მეტოქეს, მოსკოვის დინამომ რუსეთის ჩემპიონატის გასულ სეზონში მე-6 ადგილი დაიკავა. კირილ ნოვიკოვის გუნდს მიმდინარე პრემიერლიგაში ჩატარებულ 6 მატჩში 11 ქულა აქვს და ცხრილში მე-4 პოზიციას იკავებს. 

აღსანიშნავია, რომ ქართული და რუსული კლუბები ერთმანეთს 23-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად შეხვდებიან. ბოლოს ქართულ-რუსული საკლუბო დაპირისპირება ფეხბურთში 1997 წლის 22 ივნისს, ინტერნეტოტოს თასზე გაიმართა. მაშინ მოსკოვის ტორპედო-ლუჟნიკიმ თბილისში მერანი 91-ს ანგარიშით 2:0 მოუგო.

ლოკომოტივი ევროთასების შემდეგ ეტაპზე 21-წლიანი პაუზის შემდეგ გავიდა

ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე სულ 94 კლუბი მონაწილეობს, დაპირისპირება კი ერთმატჩიანია და უმაყურებლოდ ტარდება. წყვილში გამარჯვებულები ასპარეზობას ტურნირის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გააგრძელებენ, რომლის წილისყრას უეფა უკვე 1-ელ სექტემბერს, თბილისის დროით 15:00 სთ-ზე ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები