Thumbnail
  • დალას მავერიკსი 97:111 (2-4) ლოს ანჯელეს კლიპერსი
  • კლიპერსმა სერია მოიგო და კონფერენციის 1/2-ფინალშია 
  • მარკუს მორისი სლოვენიელს ზედიზედ მეორე მატჩია ერჩის
  • ლუკა დონჩიჩისა და კავაი ლეონარდის რეკორდები

ლოს ანჯელეს კლიპერსმა დასავლეთ კონფერენციის პლეი ოფის 1/4--ფინალურ სერიაში დალას მავერიკსს 4-2 მოუგო და შემდეგ ეტაპზე გავიდა. 

სერიის მეექვსე დაპირისპირებას ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია, რომლის მთავარი გმირები ლუკა დონჩიჩი და მარკუს მორისი იყვნენ. კლიპერსის ფორვარდმა პირველ მეოთხედში არასპორტული ფოლი მიიღო და მოედნიდან გაძევება დაიმსახურა იმის გამო, რომ დალასის გამთამაშებელს ხელი თავში ჩაარტყა. 

შეგახსენებთ, მორისმა სერიის წინა, მე-5 მატჩში დონჩიჩს ტრავმირებულ კოჭზე დააბიჯა, თუმცა მაშინ ყველაფერი შემთხვევითობას დააბრალა.

"საშინელი ფოლი. ზედიზედ ორ თამაშში ის რაღაც მსგავსს აკეთებს. დიდი იმედი მქონდა, რომ პირველი შემთხვევითი იყო, მაგრამ ამ ფოლის შემდეგ, იცით, რას ვფიქრობ?  აღარ მინდა ასეთ მოთამაშეებთან საქმე მქონდეს", - თქვა სერიის დასკვნითი მატჩის შემდეგ ლუკამ.

მარკუს მორისმა კი სლოვენიელის პასუხად ტვიტერზე დაწერა: "ახლა ავტირდები. კლიპერსმა ექვს მატჩში სერია მოიგო".

მარკუს მორისი მოედნიდან გააძევეს

21 წლის სლოვენიელმა კალათბურთელმა კი თამაში 38 ქულით და 9-9 მოხსნითა და პასით დაასრულა და NBA-ს ისტორიაში გახდა ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, რომელმაც სულ ცოტა 150 ქულა, 50 მოხსნა და 50 პასი პლეი ოფის ერთ სერიაში მიითვალა. სადებიუტო პლეი ოფში ლუკა დონჩიჩის აქტივში ჯამში 186 ქულაა და მასზე მეტი მხოლოდ ლებრონ ჯეიმსს (214 ქულა, 2006 წელს) და ბობ მაკადუს (190 ქულა, 1974 წელს) ჰქონიათ. დონჩიჩმა ამ მაჩვენებლით უკან ქარიმ აბდულ ჯაბარიც კი ჩამოიტოვა (181 ქულა, 1970).

ლუკა დონჩიჩი და კავაი ლეონარდი გამორჩეულები იყვნენ

კლიპერსის გამარჯვებაში უდიდესი წვლილი კავაი ლეონარდმა შეიტანა, რომელმაც ორმაგი დუბლი გაიფორმა - 33 ქულა, 14 მოხსნა, 7 პასი და 5 ჩაჭრა. ფორვარდი გახდა NBA-ს პირველი მოთამაშე გერი პეიტონის შემდეგ (2000), რომელმაც პლეი ოფში მინიმუმ 30 ქულა, 10 მოხსნა და 5-5 პასი და ჩაჭრა მიითვალა. ამასთან, ლეონარდი ფრანშიზის ისტორიაში მეორე მოთამაშეა, რომელსაც პლეი ოფის ზედიზედ ხუთ მატჩში 30 და მეტი ქულა ჰქონია. აქამდე მსგავსი მიღწევით 1970-იან წლებში მხოლოდ ბობ მაკადუ იყო გამორჩეული.

📺 დალასი 97:111 კლიპერსი (მიმოხილვა)

NBA-ს დასავლეთ კონფერენციის 1/2-ფინალში ლოს ანჯელეს კლიპერსის მეტოქე დენვერ ნაგეტსისა და იუტა ჯაზის წყვილში (3-3) მოგებული იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები