Thumbnail
  • ლუის ჰემილტონმა ბელგიის გრანპრი მოიგო
  • მერსედესმა სპა-ზე დუბლი შეასრულა
  • ფერარიმ ისევ საშინლად იასპარეზა

მერსედესს ბელგიაში ასეთი ტრიუმფი დიდი ხანია, აღარ ჰქონია!

2017 წლის შემდეგ პირველად, ‘ზილბერპფაილებმა’ სპა-ზე გამარჯვება იზეიმეს. ლუის ჰემილტონმა კარიერაში 89-ე გრანპრი მოიგო - კიდევ ორიც და ლეგენდარულ მიხაელ შუმახერს გაუთანაბრდება. მეორე ადგილზეც მერსედესის პილოტი, ვალტერი ბოტასი გავიდა, მესამეზე კი - მაქს ფერსტაპენი.

ტრეკზე, სადაც ცხენისძალები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სებასტიან ფეტელს შანსი არ ჰქონია და რბოლა მე-13 ადგილზე დაასრულა! ფერარის მეორე პილოტი შარლ ლეკლერი მე-14 იყო. აღსანიშნავია, რომ ფეტელს ყოფილმა თანაგუნდელმა, კიმი რაიკონენმა (ალფა რომეო) გაასწრო - ლეგენდარულმა ფინელმა სპა-ზე მე-12 ადგილი დაიკავა.

რბოლა ალფა რომეოს მეორე პილოტის, ანტონიო ჯოვინაცის საშინელმა ავარიამ დაჩრდილა, რომლის საბურავსაც ჯორჯ რასელი (უილიამსი) შეასკდა. ორივე ბოლიდი საშინელ ავარიაში მოყვა, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, ჯოვინაციც და რასელის უვნებლები გადარჩნენ.

“ცუდ დროს, ცუდ ადგილზე აღმოვჩნდი. სამწუხაროდ, ვერაფერს შევცლიდი. გამიმართლა… შესაძლებელი იყო, რომ ყველაფერი გაცილებით ცუდად დამთავრებულიყო,” - განაცხადა რბოლის შემდეგ რასელმა.

“მოსახვევიდან გამოსვლისას ზედმეტად მივაჭირე. ლიმიტს მივუახლოვდი და ასეთ დროს ასეთები ხდება.” - ეს ჯოვინაცის სიტყვებია.

ჰემილტონისა და ბოტასის კვალში, ფერსტაპენს და დანიელ რიკარდოს სტარტზე მინიმალური შანსი ჰქონდათ, მაგრამ მერსედესის პილოტებმა პირველსავე მოსახვევებში თავი შესანიშნავად დაიცვეს.

რბოლის მიმოხილვა

საერთო ჩათვლა - ტოპ 10

1. ლუის ჰემილტონი (მერსედესი) - 157 ქულა

2. მაქს ფერსტაპენი (რედ ბული) - 110

3. ვალტერი ბოტასი (მერსედესი) - 107

4. ალექსანდერ ალბონი (რედ ბული) - 48

5. შარლ ლეკლერი (ფერარი) - 45

6. ლანდო ნორისი (მაკლარენი) - 45

7. ლენს სტროლი (რეისინგ პოინტი) - 42

8. დანიელ რიკარდო (რენო) - 33

9. სერხიო პერესი (რეისინგ პოინტი) - 33

10. ესტებან ოკონი (რენო) - 26

კონსტრუქტორთა თასი - ტოპ 5

1. მერსედეს-ბენცი - 264 ქულა

2. რედ ბული - 158

3. მაკლარენი - 68

4. რეისინგ პოინტი - 66

5. ფერარი - 61

გამოკითხვა

ვინ გახდება ჩემპიონი?

  • ლუის ჰემილტონი
  • მაქს ფერსტაპენი
  • ვალტერი ბოტასი
  • შარლ ლეკლერი
  • სებასტიან ფეტელი
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები