Thumbnail

'კიევის დინამოსაც ჰქონდა ინტერესი' - ინტერვიუ ნიკა სიჭინავასთან

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ნიკა სიჭინავამ უკრაინის პერშა ლიგაში 17 გოლის გატანა მოახერხა
  • ქართველი შემტევი გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს
  • ახლა ის ინგულეცთან ერთად უკრაინის პრემიერლიგაში გამოდის

ნიკა სიჭინავა 2019-2020 წლების უკრაინის I ლიგის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. ქართველმა შემტევმა 27 მატჩში 17 გოლი გაიტანა და უკრაინის პრემიერლიგაში პეტროვეს ინგულეცის დაწინაურებაში დიდი წვლილი შეიტანა.

უკრაინაში უკვე ახალი სეზონი დაიწყო. ინგულეცმა პირველ ტურში დნიპრო 1-თან ფრედ 1:1 ითამაშა, 26 წლის სიჭინავამ კი მინდორზე 90 წუთი გაატარა. POPSPORT მას უკრაინაში დაუკავშირდა და რამდენიმე საინტერესო თემაზე ესაუბრა.

POPSPORT: უპირველეს ყოვლისა, გილოცავ უკრაინის პრემიერლიგაში დებიუტს. როგორ შეაფასებდი პირველ მატჩს დნიპროს წინააღმდეგ?

ნიკა სიჭინავა: ერთი წლის წინ დნიპრო ჩვენთან ერთად პირველ ლიგაში თამაშობდა. რამდენჯერმე შევხვდით ბოლო პერიოდში. კარგია, რომ პირველსავე მატჩში ქულის აღება შევძელით და წარმატებას მივაღწიეთ.

POPSPORT: შარშანდელ სეზონში მწვრთნელებმა საუკეთესო მოთამაშედ დაგასახელეს. რამდენად რთული იყო პრემიერლიგის საგზურის მოპოვება და რამდენად დიდია სხვაობა პრემიერლიგასა და პერშა ლიგას შორის?

სიჭინავა: პრემიერლიგისა და პერშა ლიგის გუნდებს შორის სხვაობა ძალიან დიდია. პრემიერლიგაში ტემპი მაღალია, ლიგის პირველი ექვსეული კი ძალიან ძლიერია. ქვედა ექვსეულის გუნდებთან ბრძოლა ნამდვილად შეიძლება.

პერშა ლიგაში ბოლო ტურამდე ლიდერებში ვიყავით. სამწუხაროდ, ბოლო მატჩში ფრედ ვითამაშეთ და ჩემპიონის ტიტული დავკარგეთ, თუმცა მთავარი მიზანი შევასრულეთ და პრემიერლიგის საგზური მოვიპოვეთ.

რაც შეეხება ჩემს გამოსვლას, ამპლუით შემტევი ვარ, მაგრამ შარშან მარჯვენა მცველის პოზიციაზე მომიწია თამაშმა. შარშანდელ სეზონში მარჯვენა მცველი არ გვყავდა და მწვრთნელმა ამხანაგურ შეხვედრებში ამ პოზიციაზე გამომცადა. კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი მაკავშირებდა, მაგრამ მწვრთნელმა არ იცოდა, სად უნდა მეთამაშა. ფაქტობრივად, კლუბში ჩემი ადგილი არ იყო - თავისი ხალხი ჰყავდა.

თავდამსხმელებში დიდი კონკურენცია იყო. წინა სეზონის ბომბარდირი ძირითად შემადგენლობის შეუცვლელი მოთამაშე გახლდათ. შესაბამისად, 15 მატჩი მარჯვენა მცველის პოზიციაზე ვითამაშე. წელს იმ შემტევმა ტრავმა მიიღო. ჩემს პოზიციაზე დამაბრუნეს და კლუბის სათამაშო სტილიდან გამომდინარე, ბევრჯერ გამოვიჩინე თავი. თან წელს შვილი შემეძინა და ამანაც სტიმული მომცა - 17 გოლი გავიტანე და ბომბარდირს მხოლოდ ორი გოლით ჩამოვრჩი.

POPSPORT: 17 გოლი გაიტანე და შემოთავაზებები სხვა კლუბებისგან აუცილებლად გექნებოდა, რატომ დარჩი ინგულეცში?

სიჭინავა: ზამთარში დინამო კიევს სურდა ჩემი დამატება. 700 ათას ევროს იხდიდნენ, თუმცა პრეზიდენტმა უარი განაცხადა. პირველი წრის შემდეგ, ბომბარდირთა დავაში პირველ ადგილზე ვიყავი. ევროპის რამდენიმე ქვეყნიდანაც იყო შემოთავაზება. საუდის არაბეთიდანაც კი აქტიურობდნენ, მაგრამ იქ მხოლოდ ფულისთვის უნდა წავსულიყავი. პირობები კი ნამდვილად იდეალური იყო.

თუ თავისუფალი აგენტი ვიქნებოდი, კიდევ უფრო მეტი ვარიანტი მექნებოდა. ინგულეცის პრეზიდენტს ფული დიდად არ აინტერესებს. აგენტები დინამო კიევს ჩემს თავს აქტიურად სთავაზობდნენ, მაგრამ პრეზიდენტმა აგენტებთან კონტაქტზე უარი თქვა.

POPSPORT: რა იქნება ინგულეცის და შენი მიზანი მიმდინარე სეზონში?

სიჭინავა:  ინგულეცი ახალგაზრდა გუნდია - 2013 წელს შეიქმნა. მიზანი მეორე და პირველი ლიგების მოგება იყო. ახლა უკვე გვსურს, რომ ადგილი შევინარჩუნოთ უმაღლეს ლიგაში. რეალურად ვხედავთ, რა შეგვიძლია და რა რესურსი გვაქვს. ჩვენ სოფლის გუნდი ვართ. ბაზა სოფელშია, სადაც 800 კაცი ცხოვრობს, რომლებიც ამ წარმატებით ძალიან ბედნიერნი არიან. მსურს, რომ მაქსიმალურად დავეხმარო გუნდს და ისევ ბევრი გოლი გავიტანო. წლის ბოლო თამაში 12 დეკემბერს გვაქვს და დონეცკის შახტარს ვეთამაშებით. ეს შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

POPSPORT: საქართველოს ეროვნული ლიგა და უკრაინის პერშა ლიგა რომ შეადარო...

სიჭინავა: პერშა ლიგიდან პრემიერლიგაში სამი გუნდი გადავიდა - არა ქალაქის ან რაიონის, არამედ სოფლის კლუბები, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ პირველი ლიგის ხუთეულს ძალიან მაგარი პირობები აქვს. შესაძლოა, ჩვენს ყველაზე ძლიერ კლუბებსაც აღემატებოდნენ, როგორებიც დინამო თბილისი და დინამო ბათუმი არიან. რაც შეეხება სათამაშო დონეს, ალბათ, მაინც თანაბარი დონეა ან დინამო თბილისი ცოტათი მაინც აღემატება ამ კლუბებს.

მსურს, რომ ეროვნულ ლიგასა და იქ მოთამაშე კლუბებს წარმატება ვუსურვო, ასევე წარმატებას ვუსურვებ  ეროვნულ ნაკრებს.

კომენტარები

ბოლო ამბები