Thumbnail
  • კონორ მაკგრეგორმა UFC 223-ის წინ დიდი სკანდალი მოაწყო.
  • ირლანდიელი პოლიციამ დააკავა, ბრძოლები გადაიდო.

კონორ მაკგრეგორმა UFC 223-ის წინ, ნიუ იორკში უდიდესი სკანდალი მოაწყო, რის შემდეგაც ირლანდიელი პოლიციამ დააკავა. ეს ინფორმაცია პირველად ნიუ იორკის პოლიციის დეპარტამენტმა გაავრცელა. BBC-ის ინფორმაციით, მაკგრეგორს ბრალი სხეულის დაზიანებისთვის და მატერიალური ზიანისთვის წაიყენეს.

ინტერნეტში გავრცელდა ვიდეოები, სადაც კარგად ჩანს, როგორ იქცევიან მაკგრეგორი და მისი გუნდის წევრები ნიუ იორკის “ბარკლაის ცენტრის” დიდ ფარეხში.

ირლანდიელმა იმ ავტობუსს შეუტია, რომელსაც UFC 223-ის მებრძოლები სასტუმროში უნდა დაებრუნებინა. UFC-ის პრეზიდენტ დანა უაითის თქმით, ეს იყო ყველაზე უსიამოვნო და სკანდალური მომენტი UFC-ის ისტორიაში.

ვიდეოებში ისმის, როგორ ყვირის მაკრეგორი: “გააღეთ კარები!” - განრისხებული ირლანდიელი ავტობუსში მყოფ ერთ-ერთ, ან რამდენიმე მებრძოლს აგინებს. როგორც ჩანს, მას ერთ-ერთი მებრძოლის ავტობუსიდან ჩამოყვანა სურდა. კარი, რა თქმა უნდა, არ გახსნეს, რის შემდეგაც მაკგრეგორმა ავტობუსს დაუშინა ყველაფერი, რაც ხელში მოხვდა - ბარიერი, სანაგვე ყუთი და ა.შ. შედეგად, ავტობუსის ერთ-ერთი მინა გატყდა. ვიდეოში ისმის, როგორ იმუქრება ერთ-ერთი მებრძოლი: “ეს ტიპი უნდა მოვკლა! 100 პროცენტით!”

ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რომელ მებრძოლს უტევდა ირლანდიელი. ავტობუსში, სხვებთან ერთად, მაიკლ კიეზაც იჯდა. ამ უკანასკნელმა შეხლა-შემოხლის დროს სახის ტრავმა მიიღო. UFC-ის ოფიციალური განცხადების მიხედვით, მაკგრეგორის სკანდალური საქციელის შემდეგ, კიეზას და ენტონი პეტისის ბრძოლა გადაიდო. ასევე გადადებულია შაბათის კიდევ ორი ბრძოლა.

“ვერ ვიჯერებ, რომ ამის თქმა მიწევს, მაგრამ კომისიამ გადაწყვიტა, რომ UFC 223-დან მომხსნას,” - დაწერა კიეზამ რამდენიმე საათის შემდეგ ტვიტერზე.

სკანდალში აქტიურად იყო ჩართული მაკგრეგორის თანაგუნდელი და მეგობარი არტიომ ლობოვიც, რომლის ბრძოლა ალექს კასერესთან ასევე გაუქმდა. არ ჩატარდება რეი ბორგისა და ბრენდონ მორენოს დაპირისპირებაც.

ხუთშაბათს საღამოს დანა უაითმა განაცხადა, რომ მაკგრეგორმა მსუბუქი წონის ქამარი უნდა დათმოს. როგორც ჩანს, “ცეცხლე ნავთი” სწორედ ამ განცხადებამ დაასხა. რუსი ხაბიბ ნურმაგომედოვი და ამერიკელი მაქს ჰოლოუეი “ბარკლაის ცენტრში” სწორედ ამ ვაკანტური ტიტულისთვის იბრძოლებენ.

აღსანიშნავია, რომ ავტობუსში ნურმაგომედოვი და მისი გუნდის წევრებიც ისხდნენ. ცნობისათვის, რუსსა და ირლანდიელის მეგობარ ლობოვს შორის დაპირისპირება ჯერ კიდევ სამშაბათს დაიწყო.

სკანდალის შემდეგ მაკგრეგორი და მისი თანაგუნდელები ავტომობილით წავიდნენ, თუმცა მოგვიანებით ისინი პოლიციამ მაინც დააკავა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები