Thumbnail

'ქართველების რიცხვი MLR-ში უნდა გაიზარდოს' - ხატიაშვილი ამერიკაში ითამაშებს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ნიკოლოზ ხატიაშვილი კარიერას ჰიუსტონ საბერქეთსში გააგრძელებს
  • მორაგბემ ამერიკულ კლუბთან სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი

ნიკოლოზ ხატიაშვილი პირველი ქართველი მორაგბეა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების სარაგბო ლიგაში ითამაშებს.

ქართველ მორაგბეს სამ კონტინენტზე თამაშის გამოცდილება დაუგროვდება. ცხადია, ხატიაშვილი ევროპულ კლუბებში თამაშობდა, რის შემდეგაც ის იაპონური სანვულვზის ღირსებასაც იცავდა. ახლა მის კარიერაში დიდი სიახლეა - ნიკოლოზი ჰიუსტონ საბერქეთსის რიგებში ითამაშებს. ამერიკულ კლუბთან მან 3-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

საქართველოს ნაკრების მორაგბეს დაუკავშირდით და რამდენიმე კითხვა დავუსვით.

Popsport: ნიკა, როგორ აღმოჩნდი ამერიკულ კლუბში? როგორ დაახასიათებ ჰიუსტონს, რა მიზნები აქვს ამ კლუბს?

ნიკოლოზ ხატიაშვილი: რამდენიმე კლუბისგან იყო შემოთავაზება, მაგრამ ყველაზე მეტად ჰიუსტონმა იაქტიურა და ამ გუნდში აღმოვჩნდი.

ძალიან ორგანიზებული კლუბია, სადაც პროფესიონალი მწვრთნელები მუშაობენ. ფიზიკური მომზადების მწვრთნელი ეშლი ჯონსია, რომელმაც კრუზეიდერსის ფიზიკური მომზადების სისტემა შექმნა.

მიზანი ყველა მატჩში გამარჯვება იქნება და ბოლომდე ვიბრძოლებთ, რადგანც თუ მოგებისთვის არ თამაშობ, რა აზრი აქვს მონაწილეობას?! ყველა ასპექტში პროფესიონალიზმი იგრძნობა. 

Popsport: როდის უნდა შეუერთდე კლუბს?

ხატიაშვილი: ამ დროისთვის სავიზო საკითხები გვარდება. პირველ დეკემბერს უკვე გუნდთან ერთად უნდა ვიყო. ჩემპიონატი კი პირველი იანვრიდან ივნისის ჩათვლით ჩატარდება.

Popsport: ნაკრების თემაზე რას იტყვი, ამერიკის სარაგბო ლიგიდან უფრო ხშირად გამოგიძახებენ?

ხატიაშვილი: ალბათ, ეს უფრო მწვრთნელებს უნდა ვკითხოთ. რამდენი შანსიც მქონდა ნაკრებში, ყველა კარგად გამოვიყენე. დანარჩენი მწვრთნელებზე იქნება დამოკიდებული. გუნდი ნაკრებში გამოშვებაზე პრობლემას არ შემიქმნის.

Popsport: შენი ტრანსფერი რამდენად გაუხსნის გზას ქართველ მორაგბეებს ამერიკულ გუნდებში?

ხატიაშვილი: დიდი პასუხისმგებლობაა, რადგანაც აქაურ გუნდებს წარმოდგენას უქმნი. ვეცდები, მაქსიმალურად კარგად ვითამაშო, რათა ქართველების რიცხვი ამერიკულ სარაგბო ლიგაში გაიზარდოს. ძალიან დიდი გეგმები აქვთ. ამერიკული ფეხბურთის სეზონის დასრულების შემდეგ, სურთ, რომ სარაგბო ლიგა დაიწყოს, რათა ქომაგები მოიზიდონ.

კომენტარები

ბოლო ამბები