Thumbnail

ჯორდანის დახმარებით - NBA განახლდება, მოთამაშეები ბოიკოტს შეწყვეტენ

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

ESPN-ის ადრიან ვოინაროვსკის ინფორმაციით, ორლანდოში NBA-ის პლეი ოფის მატჩები განახლდება. იმედიანადაა განწყობილი ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ ბასიც. 

ის, რომ კალათბურთელები, დიდი ალბათობით, ბოიკოტის შეწყვეტაზე თანხმდებიან, დიდწყილად ლეგენდარული მაიკლ ჯორდანის დამსახურებაა. ჯორდანი ერთადერთი შავკანიანია, რომელიც NBA-ის გუნდის წილების უმრავლესობას ფლობს. ჯორდანი მოთამაშეთა წარმომადგენელ კრის პოლს დაუკავშირდა და ასე დაიგეგმა კლუბების მეპატრონეთა და ბოიკოტის მომხრე მოთამაშეთა შეხვედრა.

როგორც ოთხშაბათის 3 მატჩი, ხუთშაბათს დაგეგმილი ყველა მატჩი ასევე არ ჩატარდება, მაგრამ ბასი მიიჩნევს, რომ პლეი ოფი პარასკევს ან შაბათს აუცილებლად განახლდება. ჯერ კიდევ ბევრი დეტალია დასაზუსტებელი.

მაიკ ბასი (NBA-ს ვიცე-პრეზიდენტი): "პლეი ოფის დღევანდელი მატჩები არ გაიმართება, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ თამაშები პარასკევს ან შაბათს განახლდება. მალე ორლანდოში დარჩენილი 13 კლუბის მეპატრონეთა და ხელმძღვანელებისა და მოთამაშეების ვიდეოკონფერენცია გაიმართება. რომელშიც მონაწილეობას NBA-ს შრომითი ურთიერთობების კომიტეტის შეფი მაიკლ ჯორდანიც მიიღებს. ჩვენ შემდეგი ნაბიჯები უნდა გადავდგათ".

ბოიკოტი გუშინ მილუოკი ბაკსის კალათბურთელებმა დაიწყეს, რომლებიც ორლანდოსთან სათამაშოდ არ გავიდნენ. ოთხშაბათს საბოლოოდ სამივე დაგეგმილი მატჩი ჩაიშალა. ამასთან ცნობილი გახდა, რომ ლეიკერსსა და კლიპერსს სეზონის დასრულება აღარ სურდათ. NBA-ში დაწყებულმა ბოიკოტმა ჯაჭვური რეაქციით ქალთა NBA, ბეისბოლის ლიგა, MLS და ჩოგბურთში ცინცინატის ტურნირიც ჩაითრია. 

მილუოკის კალათბურთელებმა აშშ-ში პოლიციის ძალადობა გააპროტესტეს. ვისკონსინის შტატში პოლიციელმა დევნისას აფროამერიკელი ჯეიკობ ბლეიკს 7 ტყვია ზურგში ესროლა, რის შემდეგაც იგი პარალიზებულია. ამას ქვეყანაში საპროტესტო აქციების განახლება მოჰყვა. როგორც იცით, პოლიციის ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ პროტესტს სათავე ჯორჯ ფლოიდის მკვლელობამ დაუდო.

კომენტარები

ბოლო ამბები