Thumbnail

გოგა ბითაძის ინდიანა პირველსავე რაუნდში, მაიამისთან გავარდა - თანაც ისე, რომ თამაში არ მოუგია. სამწუხაროდ, პლეი ოფში ინდიანას მწვრთნელი ნეიტ მაკმილანი ბითაძეს საერთოდ არ ენდო და გოგას პარკეტზე არცერთი წუთი არ გაუტარებია. და ეს მაშინ, როცა ‘პეისერსს’ ტრავმის გამო ერთ-ერთი ‘დიდი’, დომანტას საბონისი აკლდა და ლიეტუველის არყოფნით გამოთავისუფლებული წუთები სხვა მოთამაშეებზე უნდა გადანაწილებულიყო. დასკვნა ერთია: ამ ეტაპზე ინდიანა გოგას მნიშვნელოვან მომენტებში არ ენდობა.

გოგას სეზონი

ამ სეზონში ბითაძემ 54 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, თუმცა მისი სათამაშო დრო მინიმალური იყო - თამაშში საშუალოდ 8.7 წუთი. ამ დროში იგი 3.2 ქულის, 2 მოხსნის, 0.4 პასისა და 0.7 დაფარების აღებას ახერხებდა. თამაშში იგი საშუალოდ 1.2 ჯარიმას იღებს, რაც ცოტა არ არის.

პარკეტზე გატარებული წუთები არ არის იმდენად ბევრი, სრულფასოვანი ანალიზის საშუალება რომ მოგვცეს. გოგას სტატისტიკიდან იკვეთება ის, რომ იგი ორქულიანებს საკმაოდ კარგი, 57.1 პროცენტით ისვრის, თუმცა პერიმეტრიდან მას სროლების არადამაკმაყოფილებელი, 19.1 პროცენტი აქვს.

ორქულიანი სროლების სიზუსტის მიხედვით იგი ამ სეზონის მონაცემებითაც კი ტერნერზე (54 პროცენტი) და საბონისზე (56.5 პროცენტი) უკეთესია.

პერიმეტრიდან სროლების დაბალი პროცენტი ცოტა უცნაურია. გოგას ცენტრისთვის საკმაოდ ‘რბილი’ ხელი აქვს და ევროპაში იგი სამქულიანებს და გრძელ ორიანებს საკმაოდ კარგად ისროდა. სწორედ ამიტომაც, გოგა ამ სეზონშიც თავისი სროლების 28 პროცენტს ისევ პერიმეტრიდან ისვრის. სტატისტიკის მიხედვით, ეს მისი ფავორიტი დისტანციაა. მაგალითად, 0-1 მეტრამდე დისტანციიდან იგი თავისი სროლების 26.7 პროცენტს ასრულებს და 77 პროცენტით ზუსტია. პერიმერტრიდან კიდევ უფრო ხშირად ისვრის, რადგან იცის, რომ სამქულიანი მის არსენალშია, თუმცა პერიმეტრიდან სროლა არ მისდის და როგორც აღვნიშნე, ამ დისტანციიდან მხოლოდ 19 პროცენტს აგდებს.

საითკენ მიმყავს საუბარი: გოგას სროლის პროცენტი პერიმეტრიდან არ შეიძლება, არ გაიზარდოს. ეს ცუდი მაჩვენებელი უფრო ფსიქოლოგიური ფაქტორის შედეგი უნდა იყოს. ტექნიკურად, პერიმეტრიდან სროლა გოგას არსენალშია. სხვა შემთხვევაში, ინდიანას სამწვრთნელო შტაბი უბრალოდ არ მისცემდა მას პერიმეტრიდან სროლის უფლებას. ეს სხვა სტატისტიკითაც დასტურდება. ბითაძეს გრძელი ორქულიანების (5-7 მეტრი) 50 პროცენტი აქვს გამოყენებული. ეს ის სროლებია, რომლებიც სამქულიანის ხაზის სიახლოვიდან სრულდება. ანუ, შეუძლებელია მოთამაშე 50 პროცენტით ისროდეს 6 მეტრიდან და შემდეგ მისი სროლის პროცენტი 19 პროცენტზე ჩამოვარდეს 7 მეტრიდან. გოგა პერიმეტრიდან სროლაში აუცილებლად მოუმატებს.

ეს კი მაშინვე გაზრდის მის შემტევ სტატიკას. სიმულატორი გოგას შეტევით მონაგარს 100 პოზიციაზე NBA-ს საშუალო სტანდარტზე -4.1 ქულით ნაკლებით აფასებს. ანუ, ბითაძის გუნდი მასთან ერთად ლიგის საშუალო სტანდარტზე უფრო ცუდად უტევს, თუმცა უფრო უკეთ იცავს თავს (+1.8 ქულა).

თუ გავყვებით NBA-ს სიმულატორს და გოგას ამ მონაცემებზე 36 წუთზე ანუ, სტანდარტულ სათამაშო დროზე გადავიყვანთ, მაშინ გამოვა, რომ გოგას თამაშში სტანდარტული 36 წუთი რომ გაეტარებინა პარკეტზე, იგი 13.1 ქულას, 8.1 მოხსნას, 2.8 დაფარებას და 1.8 გადაცემას მოაგროვებდა, რაც ძალიან ნორმალური შედეგია. შედარებისთვის, თავის პირველ სეზონში NBA-ში მაილს ტერნერს 36 წუთში 16-ქულიანი მაჩვენებელი ჰქონდა, დომანტას საბონისს კი - მხოლოდ 10.6 და ამის შემდეგ სულ რამდენიმე სეზონში ლიეტუველი უკვე ‘ოლ სტარზე’ თამაშობს.

კიდევ ერთი კომპონენტი, რომელიც გოგამ მომდევნო სეზონში უნდა გამოასწოროს, ჯარიმებია. 8 წუთში იგი 1.2 ჯარიმას იღებს, რაც ძალიან ბევრია. ეს იმას ნიშნავს, რომ 36 წუთში გოგას უკვე ხუთი ჯარიმა ექნებოდა და პარკეტის დატოვების კანდიდატი იქნებოდა. სწორედ ასე მოხდა, როდესაც გოგამ ამ სეზონში ყველაზე მეტი, 31 წუთი ითამაშა შარლოტთან, სადაც მას 6 ქულა, 11 მოხსნა და +15 ჰქონდა, თუმცა 6 ჯარიმის გამო პარკეტიდან გასვლა მოუწია.

რას ველოდოთ მომდევნო სეზონში?

ბითაძის დეტალური სტატისტიკა ადასტურებს, რომ არცთუ ისე შთამბეჭდავი რიცხვების მიუხედავად, მას პირველი სეზონისთვის, რომელიც უმეტეს შემთხვევაში ადაპტაციისთვის გამოიყენება ხოლმე, ყველაფერი წესრიგში აქვს. ბითაძე ლიგაში მზა მოთამაშედ არ წაუყვანიათ, ის ახალგაზრდაა, ისევ ზრდისა და პროგრესირების პროცესშია და ძალიან კარგი მასალაა, NBA-ს სრულფასოვანი წევრი რომ გახდეს შემდეგი ბევრი წლის მანძილზე. ინდიანამ ბითაძეში ინვესტიცია სწორედ მომავალი პროგრესის გათვალისწინებით გააკეთა.

კალათბურთში ძალიან ბევრი რამ დამოკიდებულია პირად მონდომებაზე. სეზონის დასრულების შემდეგ გოგას რამდენიმეთვიანი პაუზა აქვს, რაც მან აუცილებლად უნდა გამოიყენოს იმისთვის, რომ შემდეგ სეზონში ახალი ‘სქილებით’ და გაუმჯობესებული ფიზიკით დაბრუნდეს. ამ ასაკში ორგანიზმი ისევ მზარდია და ბითაძეს სულ რაღაც 1 სეზონში შეუძლია თავისი ათლეტიზმი მნიშვნელოვნად გაზარდოს.

ინდიანას ფაქტორი

უფრო პრობლემატურია ინდიანას ფაქტორი. პეისერსი ზედიზედ მეხუთედ გავარდა პლეი ოფის პირველსავე რაუნდში და ზედიზედ მეორედ წააგო სერია ნულზე - შარშან ბოსტონთან, წელს კი მაიამისთან. ამ ამბავს ინდიანას მწვრთნელი ნეიტ მაკმილანი შეეწირა.

ინდიანა პროვინციული გუნდია და სუპერვარსკვლავების ტრეიდით გადაყვანის შანსი არ აქვს. ამ ტიპის გუნდები ცდილობენ ხოლმე, რომ სეზონის ჩაგდებით და მაღალი პიკების მიღებით სუპერვარსკლავები დრაფტზე მოძებნონ. მაგალითად, ეს გამოუვიდათ კლივლენდს (ლებრონი, კაირი), მილუოკის (იანისი), ნიუ ორლეანსს (ენტონი დევისი) და სხვებს. თუმცა ინდიანა ტრადიციულად სხვა გზით მიდის. ბოლო 34 სეზონში ‘პეისერსი’ მხოლოდ 8-ჯერ ვერ გავიდა პლეი ოფში, სამაგიეროდ 15-ჯერ გავარდა პირველ რაუნდში, ორჯერ მეორეში, 9-ჯერ კონფერენციის ფინალში გავიდა და ერთხელ სუპერფინალამდეც მიაღწია. ანუ, ინდიანა სტაბილურად პლეიოფის პირველი რაუნდის გუნდია. ერთი შეხედვით, ეს გუნდს ბევრს არაფერს აძლევს. NBA-ს პროვინციული გუნდების უმეტესობას ურჩევნია, ან აუტსაიდერი იყოს და ახალგაზრდა ტალანტების მოძიება-გაზრდაზე გააკეთოს აქცენტი, ან ამ ტალანტების წყალობით საჩემპიონო ამბიცია ჰქონდეს. ინდიანას განვითარების სხვა მოდელი აქვს.

ეს პოლიტიკა კლუბის მფლობელის, 85 წლის მილიარდელის ჰერბი საიმონის შექმნილია. საიმონი ადგილობრივია, მისთვის ‘პეისერსის’ ფლობა ბიზნესი არ არის. ის ამ ‘ფრენჩაიზს’ უკვე 35 წელია ფლობს და მიიჩნევს, რომ ‘პეისერსი’ ადგილობრივი კულტურის სახეა. ინდიანას მოსახლეობის თითქმის 90 პროცენტი თეთრკანიანი, მშრომელი კლასისგან შედგება, რომელიც შრომის და ბრძოლის კულტურას ყველაზე მეტად აფასებს. ეს სტანდარტული რესპუბლიკური შტატია. მაგალითისთვის, ინდიანას გუბერნატორი იყო მაიკ პენსი - ტრამპის ადმინისტრაციის ვიცე-პრეზიდენტი. რა შუაშია ეს გოგასთან?

იმის თქმა მინდა, რომ პეისერსი ყველა სეზონში თუნდაც ლოკალური მიზნებისთვის ბოლომდე იბრძვის და გოგას ბევრი შანსი და თავისუფალი წუთები არ ექნება. სხვა პროვინციული კლუბებისგან განსხვავებით, პეისერსი სეზონს ახალგაზრდების პროგრესის მიზნით არ ჩააგდებს. იმ შტატისთვის, რომელსაც არცთუ ისე ბევრი გასართობი აქვს, პეისერსი ზედმეტად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ თუნდაც ერთი სეზონი ჩააგდოს.

მით უმეტეს, ეს არ მოხდება შემდეგ სეზონებში, როდესაც ინდიანას ოლადიპო-ბროგდონი-უორენი-საბონისი-ტერნერის სახით ძალიან კარგი ბირთვი ყავს, რომ პლეიოფში სტაბილური ადგილი ჰქონდეს. ვიქტორ ოლადიპო შეიძლება გუნდიდან ამ ზაფხულშივე წავიდეს, რაღაც ეტაპზე პეისერსი შეელევა ერთ-ერთს საბონისი-ტერნერის წყვილიდან, თუმცა ამის მიუხედავად, ახალგაზრდებს ნაჩუქარი წუთები მაინც არ ექნებათ. გოგამ ეს წუთები ბრძოლით უნდა მიიღოს.

ვინ შეცვლის მაკმილანს?

გოგასთვის კარგი ამბავი ის არის, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელი ნეიტ მაკმილანი პეისერსში აღარ იმუშავებს. მაკმილანი ბითაძეს არცთუ ისე ძალიან ენდობოდა. ახალი მწვრთნელის ფაქტორი ინდიანაში ბევრ რამეს შეცვლის. მაკმილანის ხელში ინდიანა თამაშობდა ლიგაში ერთ-ერთი ყველაზე ნელა (21-ე იყო სისწრაფით) და ეხერხებოდა დაცვაში თამაში (თამაშში 107.5 მიღებული ქულით მესამე იყო ლიგაში), სამაგიეროდ, შედეგიანობის მხრივ NBA-ს აუტსაიდერებში შედიოდა (მხოლოდ 23-ე). მაკმილანის კალათბურთი ინდიანასთვის ტრადიციული თამაშია - 'პეისერსი' ისტორიულად აქცენტს დაცვაზე, სამწამიანში დომინაციაზე და ბრძოლისუნარიანობაზე აკეთებს.

ამერიკულ პრესაში გავრცელებული ცნობებით, ყველაზე რეალისტური კანდიდატი ჰიუსტონის მწვრთნელი მაიკ დ'ანტონია, რომელსაც ამ სეზონის შემდეგ როკეტსთან კონტრაქტი უმთავრდება. მაკმილანის ნაცვლად დ'ანტონის მოსვლა რადიკალური ცვლილებაა. იგი მაკმილანის ანტიპოდია. მისი სამწვრთნელო ფილოსოფია, ე.წ. '7 წამი და ნაკლები', სწრაფ, დინამიურ კალათბურთს და ბევრ სამქულიანებს გულისხმობს.

დ'ანტონი მაკმილანის შეცვლის ყველაზე რეალური კანდიდატია

დ'ანტონი უფრო 'გარდებზე' და პერიმეტრიდან სროლაზე აგებს თამაშს, ვიდრე 'დიდებზე' და სამწამიანზე. ტერნერი და საბონისი ერთად დ'ანტონის გუნდში რთულად წარმოსადგენია. ანუ 'დიდებისთვის' წუთები შემცირდება. თუმცა, გოგასთვის კარგი ის არის, რომ ის შეიძლება ამ კალათბურთში უფრო მობილური იყოს, ვიდრე საბონისი ან ტერნერი. თუმცა, დ'ანტონის გუნდში სათამაშოდ ბითაძეს აუცილებლად დასჭირდება პერიმეტრიდან კარგად სროლა. გოგასთვის მაკმილანი წასვლა კარგია, თუმცა დ'ანტონი არცთუ ისე იდეალური კანდიდატი. ახალგაზრდებთან მუშაობა მისი ძლიერი მხარე არ არის.

შთამბეჭდავი სტატისტიკის არქონის მიუხედავად, პირველი სეზონი დამაკმაყოფილებელი იყო. მთავარი შემდეგ სეზონში პროგრესია. ამ პროგრესისთვის ბითაძეს ყველაფერი აქვს. მომდევნო სეზონი გადამწყვეტი იქნება, მით უმეტეს ახალი მწვრთნელის ფაქტორის გათვალისწინებით.

კომენტარები

ბოლო ამბები