- ედინსონ კავანი თავისუფალი აგენტია და ახალ გუნდს ეძებს
- ურუგვაელმა ფორვარდმა იუვენტუსში გადასვლა არ ისურვა
ურუგვაის ნაკრების თავდამსხმელი ედინსონ კავანი თავისუფალი აგენტია და ახალ კლუბს ეძებს. 33 წლის ფორვარდს იტალიაში დაბრუნება და ტურინის იუვენტუსში გადასვლა შეეძლო, მაგრამ უარი განაცხადა.
Sky Italia-ს ინფორმაციით, იუვე მზად იყო, ურუგვაელი ფეხბურთელი დაემატებინა თავისუფალი აგენტის სტატუსით და პირად კონტრაქტზე მოთამაშის სურვილი დაეკმაყოფილებინა. კავანიმ წინადადება არ მიიღო და ამის მიზეზი ნაპოლის სიყვარულია. „მატადორმა“ ტურინელთა ბანაკში გადასვლა ნაპოლის ერთგულების გამო იუარა.

ედინსონი ნაპოლიში 2010-2013 წლებში თამაშობდა და 138 შეხვედრაში 104 გოლი გაიტანა. მას პარი სენ-ჟერმენთან კონტრაქტი 30 ივნისს ამოეწურა, გუნდი დატოვა (301 თამაში და 200 გოლი) და თავისუფალი აგენტია. კავანი ძალიან ახლოს იყო ლისაბონის ბენფიკაში გადასვლასთან, მაგრამ ბოლო მომენტში გარიგება ჩაიშალა. მიზეზი ის არის, რომ ურუგვაელი ძალიან მაღალ ხელფასს ითხოვს.
რაც შეეხება იუვენტუსს: გონსალო იგუაინის გუნდიდან წასვლა გადაწყვეტილია და ანდრეა პირლო მის შემცვლელს ეძებს. კავანიც ერთ-ერთი ვარიანტი იყო, მაგრამ ახლა ტურინელებს სხვა არჩევანის გაკეთება მოუწევთ. იტალიური მედიის ცნობით, მთავარი კანდიდატები ედინ ჯეკო, რაულ ხიმენესი, არკადიუშ მილიკი და ლუის სუარესი არიან.
კომენტარები