Thumbnail
  • რასიზმის და პოლიციის ძალადობის წინააღმდეგ პროტესტმა ახალ საფეხურს მიაღწია
  • მილუოკი ბაქსის ბოიკოტის შემდეგ აშშ-ში სპორტი გაჩერდა
  • ამერიკული მედია წერს, რომ ეს ისტორიული და უპრეცედენტო დღეა
  • ლეიკერსს და კლიპერსს სეზონის შეწყვეტა სურთ

მილუოკი ბაქსის ბოიკოტი ამაზე უფრო მასშტაბურ პროტესტში ვერ გადაიზრდებოდა.

NBA-ს პლეი ოფის პირველი რაუნდის მეხუთე მატჩი ორლანდო მეჯიქსა და მილუოკი ბაქსს შორის ვისკონსინელთა ბოიკოტის გამო არ შედგა. მილუოკის კალათბურთელებმა აშშ-ში პოლიციის ძალადობა გააპროტესტეს. ვისკონსინის შტატში პოლიციელმა დევნისას აფროამერიკელი ჯეიკობ ბლეიკს 7 ტყვია ზურგში ესროლა, რის შემდეგაც იგი პარალიზებულია. ამას ქვეყანაში საპროტესტო აქციების განახლება მოჰყვა. როგორც იცით, პოლიციის ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ პროტესტს სათავე ჯორჯ ფლოიდის მკვლელობამ დაუდო.

მილუოკი ბაქსის ბოიკოტის შემდეგ, იმ დღეს დაგეგმილი NBA-ს სხვა მატჩებიც აღარ ჩატარდა. ამ ფაქტს კალათბურთელთა საგანგებო თათბირი და მძაფრი დისკუსიები მოჰყვა. ლოს ანჯელესურმა კლუბებმა, ლეიკერსმა და კლიპერსმა სეზონის პროტესტის ნიშნად შეწყვეტას დაუჭირეს მხარი, რასაც სხვა გუნდები არ დაეთანხმნენ. ამის გამო ლეიკერსის სუპერვარსკვლავი ლებრონ ჯეიმსი გაბრაზდა და შეხვედრა დატოვა - მას თანაგუნდელები და კლიპერსის კალათბურთელებიც, მათ შორის კავაი ლეონარდი გაჰყვნენ.

NBA-ს შემდეგ, ამერიკაში ფაქტობრივად ყველა ლიგაში შეწყდა სპორტული ღონისძიებები. გადავავლოთ თვალი ყველა ლიგაში შექმნილ ვითარებას:

NBA

ბაქსის ბოიკოტის შემდეგ აღარც ოკლაჰომას და ჰიუსტონის, ასევე პორტლენდისა და ლეიკერსის მატჩები ჩატარდა. კალათბურთელების საგანგებო შეხვედრამ და თათბირმა შედეგი არ გამოიღო. ჯერჯერობით უცნობია, ჩატარდება თუ არა მომდევნო დღის მატჩები და საერთოდ დასრულდება თუ არა სეზონი.

NFL

ამერიკული ფეხბურთის ლიგაში პირველი რეაქცია ვაშინგტონს ჰქონდა - გუნდმა ‘ფედექს ფილდზე’ დაგეგმილი ვარჯიში გააუქმა. “კლუბის პრეზიდენტი ჯეისონ რაიტი და მე ვფიქრობთ და ვმუშაობთ რეაქციაზე, რათა გვქონდეს სწორი პასუხი სოციალურ უთანასწორობაზე,” - განაცხადა მთავარმა მწვრთნელმა რონ რივერამ.

განცხადება გააკეთა სიეტლ სიჰოკსის მთავარმა მწვრთნელმა და აღნიშნა, რომ NFL-შიც უნდა იფიქრონ NBA-ს მსგავს პროტესტზე: “ყველაფერი შესაძლებელია. ეს პროტესტების სეზონია.”

MLB

თამაშები გაუქმდა ბეისბოლის ლიგაშიც. მილუოკი ბრიუერსის ბოიკოტის გამო ცინცინატი რედსთან თამაში არ ჩატარდა. ასევე არ შედგა მატჩები: ჰიუსტონ ასტროსი V ლოს ანჯელეს ენჯელსი, სან დიეგო პადრესი V სიეტლ მარინერსი და სან ფრანცისკო ჯაიანტსი V ლოს ანჯელეს დოჯერსი

WNBA

ქალთა საკალათბურთო ლიგამ NBA-ს სოლიდარობა გამოუცხადა და დღის ყველა მატჩი გადადო. 

MLS

ფეხბურთის ლიგაში 6-დან 5 მატჩი არ ჩატარდა. მათ შორის იყო დევიდ ბექჰემის გუნდის, ინტერ მაიამის შეხვედრა ატლანტა იუნაიტედთან. MLS-ში მხოლოდ ორლანდო სიტისა და ნეშვილის დაპირისპირება გაიმართა, რომელიც ორლანდომ 3:1 მოიგო.

ჩოგბურთი

აშშ-ის ღია პირველობის 2018 წლის გამარჯვებულმა ნაომი ოსაკამ ტვიტერზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც განაცხადა, რომ პროტესტების სოლიდარობის მიზნით, ცინცინატის მასტერსის ნახევარფინალში ელიზ მერტენსთან არ ითამაშებდა. მეორე ნახევარფინალური მატჩი ვიქტორია აზარენკასა და იოანა კონტას შორის პარასკევს უნდა ჩატარდეს. ასევე პარასკევისთვის გადაიდო ნახევარფინალური მატჩები ნოვაკ ჯოკოვიჩი V რობერტო ბაუტისტა აგუტი და სტეფანოს ციციპასი V მილოშ რაონიჩი.

NHL

ეს არის ერთადერთი ლიგა, სადაც მატჩები არ გაუქმდა. თუმცა მატჩების დაწყების წინ ვიდეო-ტაბლოზე გამოჩნდა ბანერი წარწერით “შეაჩერეთ რასიზმი”. ასევე სტადიონზე გამოაცხადეს რასიზმთან ბრძოლის ტექსტი და იყო 7-წამიანი სიჩუმეც. რამდენიმე მოთამაშე უკმაყოფილოა იმის გამო, რომ NHL-ის მატჩები მაინც ჩატარდა. “NHL ასეთ თემებზე შესაბამის რეაქციას ყოველთვის აგვიანებს,” - განაცხადა მინესოტა უაილდის მოთამაშე მეტ დუმბამ Sportsnet 650-თან ინტერვიუში.

კომენტარები

ბოლო ამბები