Thumbnail

გიგა ჭიკაძეს კორონავირუსი აქვს - მისი ბრძოლა UFC-ში გაუქმდა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • გიგა ჭიკაძეს UFC-ში მეოთხე ბრძოლა ალექს კასერესთან უნდა ჩაეტარებინა
  • ქართველი მებრძოლის ტესტმა კორონავირუსზე დადებითი პასუხი აჩვენა
  • 32 წლის სპორტსმენი ამჟამად თვითიზოლაციაში იმყოფება

გიგა ჭიკაძესა და ალექს კასერესს შორის, UFC-ის ეგიდით 30 აგვისტო დაგეგმილი ბრძოლა აღარ გაიმართება. ამის მიზეზი კორონავირუსის ინფექციაზე ქართველი მებრძოლის ტესტის დადებითი პასუხი გახდა, რომელიც ლას ვეგასში ჩაუტარდა. 

32 წლის სპორტსმენი, რომელიც ამჟამად თვითიზოლაციაშია, იმედოვნებს, რომ ინფექციას მალე დაამარცხებს, ვარჯიშს განაახლებს და ბრძოლის ჩატარებას უკვე სექტემბერში მოახერხებს. 

"სამწუხაროდ, ალექს კასერესთან უმნიშვნელოვანეს ბრძოლამდე რამდენიმე დღით ადრე კორონავირუსი დამიდასტურდა. მე ჩემს გუნდთან ერთად ლას ვეგასში ვიმყოფებოდი და მოუთმენლად ველოდი ამ ეტაპზე ჩემს კარიერაში ყველაზე პრინციპულ დაპირისპირებას, თუმცა, სამწუხაროდ, ასეთი გაუთვალისწინებელი რამ მოხდა. რაც შეეხება მკურნალობის პროცესს, ამჟამად, უკვე კალიფორნიის მთაში (Big bear) თვითიზოლაციაში ვიმყოფები და აქ გავივლი მკურნალობას", - განაცხადა გიგა ჭიკაძემ "პირველ არხთან" ინტერვიუში.

გიგა ჭიკაძისთვის ალექს კასერესთან ბრძოლა UFC-ში მეოთხე უნდა ყოფილიყო. ქართველ მებრძოლს მანამდე ჩატარებული სამივე შეხვედრა მოგებული აქვს - ჯამალ ემერსთან, ბრენდონ დევისსა და ირვინ რივერასთან.

კომენტარები

ბოლო ამბები