Thumbnail
  • ლოს ანჯელეს კლიპერსი 154:111 (3-2) დალას მავერიკსი
  • პოლ ჯორჯმა 35 ქულით საუკუნის რეკორდი დაამყარა
  • მარკუს მორისს 'ბინძურად თამაშში' ადანაშაულებენ  

NBA-ს დასავლეთ კონფერენციის ¼-ფინალური სერიის მეხუთე მატჩში ლოს ანჯელეს კლიპერსმა დალას მავერიკსი უშანსოდ, 43 ქულის სხვაობით დაამარცხა და სერიაში დაწინაურდა - 3-2.

კლიპერსი NBA-ს ისტორიაში პირველი გუნდი გახდა, რომელმაც პლეი ოფის სტადიაზე 150 და მეტი ქულა, როგორც თამაშიდან, ისე პერიმეტრიდან, არანაკლებ 60%-იანი სიზუსტით სროლის პირობებში მოაგროვა. ამას გარდა, კლიპერსმა ფრენშიზის ხუთი ახალი რეკორდი დაამყარა: ყველაზე მეტი ქულა (154), ზუსტი სამიანი (22), ზუსტი სროლა თამაშიდან (53), სიზუსტის პროცენტულობა (63,1%) და პლეი ოფის სტადიაზე ყველაზე დიდი სხვაობით მოგება (43).

📺 კლიპერსი 154:111 დალასი (მიმოხილვა)

კლიპერსის გამარჯვებაში უდიდესი წვლილი პოლ ჯორჯმა შეიტანა, რომელმაც 35 ქულას 3 მოხსნა და 2 პასი დაუმატა. 30 წლის მსუბუქი ფორვარდი პირველი მოთამაშე გახდა XXI საუკუნეში, რომელმაც 35 და მეტი ქულა NBA-ს პლეი ოფის მატჩში, მოედანზე გატარებულ 25 წუთში ჩააგდო. მსგავსი შედეგი ლიგაში ბოლოს 1975 წელს დაფიქსირდა.

პოლ ჯორჯმა საუკუნის შედეგი დააფიქსირა

მატჩში ერთადერთი დუბლის ავტორი მონტრეზ ჰარელი გახდა. ნომინალური მასპინძლების ცენტრმა 19 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა.

დალასის შემადგენლობაში კი, რომელსაც მუხლის ტრავმის გამო კრისტაპს პორზინგისი ვერ დაეხმარა, საუკეთესო შედეგი სლოვენიელ ლუკა დონჩიჩს ჰქონდა - 22 ქულა, 8 მოხსნა და 4 პასი.

აღსანიშნავია, რომ დონჩიჩმა, რომელმაც წინა შეხვედრაში კოჭის ტრავმა მიიღო, მთელი შეხვედრა ტკივილით ჩაატარა. ერთ-ერთ ეპიზოდში ოპერატორებმა დააფიქსირეს, რომ კლიპერსის ფორვარდმა მარკუს მორისმა დონჩიჩს მტკივან ფეხზე დააბიჯა - სავარაუდოდ, გამიზნულად. საბედნიეროდ, ლუკა ტრავმის გართულებას გადაურჩა და თამაში გააგრძელა.

"ჩვენ დავბრუნდებით, მჯერა", - დაწერა 21 წლის სლოვენიელმა თამაშის შემდეგ ტვიტერში.

კლიპერსისა და დალასის სერიის მეექვსე დაპირისპირება თბილისის დროით 28 აგვისტოს, გამთენიისას გაიმართება. შეგახსენებთ, რომ სერია 4 მოგებამდეა.

კომენტარები

ბოლო ამბები