Thumbnail

'აქტიური და დომინანტური ფეხბურთი' - ანდრეა პირლომ იუვეს ახალ ერაზე ისაუბრა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ანდრეა პირლოს პირველი პრესკონფერენცია იუვენტუსში
  • გადაწყვეტილია, რომ გონსალო იგუაინი გუნდს დატოვებს
  • პირლო იუვენტუსში სულისკვეთების და ენთუზიაზმის დაბრუნებას აპირებს

ტურინის იუვენტუსის მთავარი მწვრთნელი რანგში ანდრეა პირლომ პირველი პრესკონფერენცია გამართა. ლეგენდარულმა იტალიელმა დაადასტურა, რომ გონსალო იგუაინი კლუბს დატოვებს. მისი განცხადებით, არგენტინელთან ერთად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ იუვეში მისი ადგილი აღარ არის.

გარდა ამისა, პირლომ თავის იდეებსა და ხედვებზე ისაურა და როგორც აღნიშნა, ახალი იუვე ერთ კონკრეტულ სქემაზე არ იქნება დამოკიდებული. იტალიელმა ხაზი გაუსვა იუვესთვის დამახასიათებელი სულისკვეთების დაბრუნებას და ბურთის ფლობის მნიშვნელობას.

ანდრეა პირლო (იუვენტუსის მთავარი მწვრთნელი):

...ბურთის ფლობაზე და არტურზე: "ჩვენი მთავარი მიზანი გამარჯვება იქნება, არ არის ადვილი, მაგრამ იუვენტუსი მხოლოდ ამისთვის უნდა თამაშობდეს. მინდა, გუნდში ის ენთუზიაზმი შემოვიტანო, რომელიც გუნდს აკლდა. ჩემი პრიორიტეტი აქტიული და დომინანტური ფეხბურთის თამაშია. ბიჭებს ვუთხარი, რომ ბურთი ყოველთვის უნდა გვქონდეს და როდესაც მას დავკარგავთ, საჭირო იქნება, სწრაფად დავიბრუნოთ. არტური კარგი ფეხბურთელია, ბარსელონადან და ბრაზილიის ნაკრებიდან მისით აღფრთოვანებული ვიყავი. მაღალი დონის ნახევარმცველია, უნივერსალია, სეზონის განმავლობაში კარგად გამოვიყენებთ."

ანდრეა პირლო და ჯორჯო კიელინი წლების განმავლობაში თანაგუნდელები იყვნენ

...ტაქტიკის შესახებ: "ჩემს გუნდს არ ექნება ერთი ფიქსირებული ტაქტიკა. პირველ რიგში მინდა 4 მცველით და 3 შემტევით თამაში, მსურს ბურთი ყოველთვის სწრაფად დავიბრუნოთ და ეს ბიჭებმა იციან. სათამაშო სისტემას კი თამაშიდან თამაშამდე შევცლით."

...პაულო დიბალაზე: "დიბალა არასდროს ყოფილა პრობლემა, არც სატრანსფერო ბაზარზე დაგვიყენებია. ჩემთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, რომელიც პროექტის ნაწილია. ინტერს ჩვენთან შედარებით არანაირი უპირატესობა არ აქვს. სეზონს ყველა 0 ქულიდან იწყებს. რთული წელი იყო, კორონავირუსმა ყველას გეგმები ჩაშალა."

...ახალ ფეხბურთელებზე: "ცოტა ხნის წინ სხვა მხარეს ვიყავი და ბიჭებისთვის ცოტა უცნაური იყო ჩემს ახალ როლში ნახვა. ჩემთვის არა, პირველივე დღიდან თავს კარგად ვგრძნობ. შეუძლიათ თუ არა რონალდოს და დიბალას ერთად თამაში? მაღალი ხარისხის ფეხბურთელებს ყველაფერი შეუძლიათ. მე მწვრთნელი ვარ და ნორმალურია, რომ ზოგიერთი ფეხბურთელის დამატება მინდა. ამის შესახებ კლუბის ხელმძღვანელობას უკვე ვესაუბრე, მაგრამ ახლა კონკრეტული სახელების გაჟღერება არ მინდა."

...იუვეს დნმ-ზე: კონტეს იუვენტუსი სამაგალითო იყო. მაშინდელი სულისკვეთების დაბრუნება შესანიშნავი იქნება. ჩვენი მიზანია იმ სამუშაო კულტურის დაბრუნება, რომელიც იუვეს დნმ-შია. იგორ ტუდორი ასისტენტად მე შევარჩიე. მჭირდებოდა გამოცდილი ასისტენტი, რომელსაც მთავარ მწვრთნელად მუშაობის გამოცდილებაც აქვს. გარდა ამისა, ფეხბურთელობის პერიოდში მცველი იყო და პლუს ყოფილი იუვენტინოა."

...იგუაინსა და ხედირაზე: იგუაინთან ვისაუბრე, მას აქ მნიშვნელოვანი პერიოდი ჰქონდა. ველაპარაკე და ერთად გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი გზები გაიყრება. რაც შეეხება სამი ხედირას: ტრავმირებულია და როდესაც დაბრუნდება, მაშინ ვისაუბრებთ".

შეგახსენებთ, რომ ანდრეა პირლომ იუვენტუსში მაურიციო სარი შეცვალა და ტურინულ გრანდთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე გააფორმა. პირლოს აქამდე მწვრთნელად მუშაობის გამოცდილი არ აქვს, მან საფეხბურთო კარიერა 2018 წელს დაასრულა.

კომენტარები

ბოლო ამბები