Thumbnail
  • 📅 27 აგვისტო | ⌚ 21:45 | ⚽ ჰაპოელი V დინამო ბათუმი | 📺 აჭარის ტელევიზია
  • 📅 27 აგვისტო | ⌚ 21:00 | ⚽ ლოკომოტივი V კრაიოვა | 📺 SILK უნივერსალი
  • 📅 27 აგვისტო | ⌚ 20:00 | ⚽ აპოლონი V საბურთალო | 📺 პირველი არხი

ხუთშაბათს, დინამო ბათუმი, თბილისის ლოკომოტივი და თბილისის საბურთლო ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებენ. გია გეგუჩაძის გუნდი სტუმრად ბეერ-შევას ჰაპოელს დაუპირისპირდება, ლოკომოტივი რუმინულ კრაიოვა უნივერსიტატეას შეხვდება, ხოლო საბურთალო კვიპროზე აპოლონს ესტუმრება.

ჰაპოელი V დინამო ბათუმი

ბათუმელები ევროსარბიელს 3-წლიანი პაუზის შემდეგ უბრუნდებიან. გია გეგუჩაძის გუნდი შარშან ეროვნულ ლიგაში ახლოს იყო ჩემპიონობასთან, მაგრამ საბოლოოდ მე-2 ადგილს დასჯერდა და ევროპალიგით მოუწია დაკმაყოფილება. დინამო ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე 2017/18 წლების სეზონშიც თამაშობდა და პოლონურ იაგელონიასთან ორივე თამაში წააგო (0:1, 0:4).

საერთოდ, აჭარულ კლუბს ევროთასებზე ბოლო ოთხ შემთხვევაში პირველი ეტაპი არ გადაულახავს. ჯერ იყო ერევნის არარატთან მარცხი (0:3, 2:0), რასაც ბელგრადის პარტიზანთან (1:0, 0:2), ნიქოზიის ომონიასთან (1:0, 0:2) და იაგელონიასთან (0:1, 0:4) წარუმატებელი დაპირისპირებები მოჰყვა. დინამო ბათუმმა ბოლოს 1996/97 წლების სეზონში მოახერხა ერთი ეტაპის დაძლევა, როდესაც ფარერების ტორსჰავნი ორი მატჩის ჯამში 9:0 გაანადგურა და შემდეგ პსვ ეინდჰოვენთან დამარცხდა.

სამაგიეროდ, გია გეგუჩაძე დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთადერთი მწვრთნელია, რომელმაც გუნდი ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა. ეს იყო 2004/05 წლების სეზონში, როდესაც დინამო თბილისმა უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზა. საპირისპიროდ, ჰაპოელს ევროპაში თამაშის დიდი გამოცდილება გააჩნია და ისტორიაში ჩატარებული 59 მატჩიდან ევროთასებზე 20 მოგებული აქვს.

დინამო ბათუმმა ევროპალიგის წინ ლაშა შერგელაშვილი დაიმატა
📸 | დინამო ბათუმი

დინამო ბათუმი ახლა საკმაოდ კარგ ფორმაშია და ოფიციალურ მატჩში გასული წლის 1 დეკემბრის შემდეგ არ წაუგია. ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში 10 ტურის შემდეგ ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდია და 20 ქულით ჩემპიონატის ლიდერია. ისრაელის ჩემპიონატი ჯერ არ დაწყებულა, თუმცა ჰაპოელმა მიმდინარე სეზონში უკვე მოასწრო 3 ოფიციალური მატჩის ჩატარება. სუპერთასზე თელ ავივის მაკაბისთან ორივე თამაში წააგო (0:2, 0:2), ხოლო 22 აგვისტოს თასზე ჰაიფას მაკაბი 1:0 დაამარცხა.

6 ქულა ინტერთან - რა გუნდია ჰაპოელი

საერთოდ, ებრაული გუნდი ევროტურნირებზე პირველად 1976 წელს გამოჩნდა, როდესაც იინტერტოტოს თასზე ითამაშა. თუმცა, სტაბილურად ევროთასებზე გამოსვლა 2014 წლიდან დაიწყო. ყველაზე შთამბეჭდავი კი 2016/17 წლების სეზონი გამოდგა, როცა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ორი ბარიერი დაძლია, ჯერ ტირასპოლის შერიფს მოუგო (3:2, 0:0), შემდეგ პირეოსის ოლიმპიაკოსს (1:0, 0:0). ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გლაზგოს სელტიკთან დრამატულ დუელში დამარცხდა (2:0, 2:5) და ჯგუფურ ეტაპზე ვერ მოხვდა, მაგრამ სამაგიეროდ ევროპალიგის ჯგუფში განაგრძო ასპარეზობა, სადაც კლუბის ისტორიის დაწერა მოახერხა. ჰაპოელს საკმაოდ ძლიერი კონკურენტები ჰყავდა მილანის ინტერის, პრაღის სპარტასა და საუთჰემპტონის სახით, მაგრამ ჯგუფიდან გასვლა მოახეხა - ინტერს ორ თამაშში 6 ქულა წაართვა! 

ჰაპოელმა მომდევნო სეზონშიც (2017/18) მოახეხა ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაში. ევროთასებზე ასპარეზობა ისევ ჩემიონთა ლიგიდან დაიწყო, სადაც უნგრული ჰონვედისა (2:1, 3:2) და ბულგარული ლუდოგორეცის (2:0, 1:3) ბარიერი გადალახა, მაგრამ პლეი-ოფი კვლავ დაუძლეველი წინაღობა აღმოჩნდა - მარცხი მარიბორთან ბრძოლაში (2:1, 0:1). ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე შვეიცარიულ ლუგანოს მოუგო (2:1), მაგრამ ეს პრაქტიკულად მაქსიმუმი გამოდგა, რადგან 6 თამაშში მხოლოდ 4 ქულა მოიპოვა, პლზენთან ორჯერ დამარცხდა, სტიაუასთან ერთხელ (ერთი ფრეც) და ასპარეზობა დაასრულა.

2018/19 წლების სეზონი წინა ორთან შედარებით წარუმატებელი გამოდგა. ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ესტონური ფლორა ადვილად დაჯაბნა, თუმცა ზაგრების დინამოსთან თავადაც ადვილად დამარცხდა (2:2, 0:5), მერე კი ევროპალიგაზე გადაინაცვლა, სადაც მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე ნიქოზიის აპოელთან მარცხი განიცადა (2:2, 1:3). გასულ სეზონში კი ერთი ნაბიჯი დააკლდა ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე მესამედ მოსახვედრად. პლეი-ოფში როტერდამის ფეიენოორდს შეხვდა, რომელსაც მანამდე დინამო თბილისი ჰყავდა დამარცხებული. ჰოლანდიური ფეხბურთის გრანდთან ჰაპოელი უშანსოდ იყო და ორივე თამაში 0:3 წააგო.

ლოკომოტივი V კრაიოვა უნივერსიტატეა

თბილისის ლოკომოტივი ევროტურნირებს 12 წლის შემდეგ უბრუნდება. ბოლოს თბილისური გუნდი ევროსარბიელზე 2008 წელს თამაშობდა და ინტერტოტოს თასზე ლუქსემბურგის ეტცელას ბარიერი ვერ დაძლია (2:2, 0:0). უეფას თასზე კი ლოკომოტივს აქამდე ხუთჯერ უთამაშია, ბოლოს 2005/06 წლების სეზონში, როდესაც სომხურ ბანანცთან განიცადა მარცხი (0:2, 3:2). მანამდე ვერც დანიური კოპენჰაგენის, მალტური ბირკირკარას და სლოვაკური სლოვანის ბარიერის დაძლევა შეძლო. ერთადერთი შემთხვევა, როცა ლოკომ უეფას თასზე და ზოგადად ევროსარბიელზე ეტაპი გაიარა, 1999/00 წლების სეზონია და მაშინ ჩრდილოეთ ირლანდიური ლინფილდი ორი მატჩის ჯამში 2:1 დაამარცხა, თუმცა მეორე წრეში პაოკ-თან 0:9 განადგურდა (0:7, 0:2).

თბილისელთა რუმინულ მეტოქეს თბილისში უკვე ნათამაშები აქვს. 1994/95 წლების სეზონში კრაიოვა დინამო თბილისს შეხვდა და შინ 1:2 წააგო, ხოლო სტუმრად 0:2. ამრიგად, რუმინელებისთვის საქართველო კარგ მოგონებასთან არ ასოცირდება. გასულ სეზონში კრაიოვა უნივერსიტატეამ ევროპალიგაზე ორი ეტაპი გადალახა - აჯობა რა აზერბაიჯანულ საბაილის, უნგრულ ჰონვედს, ხოლო ათენის აეკ-თან ორი მატჩის ჯამში (1:3) წააგო.

ლოკომოტივი ევროთასებზე 2008 წლის შემდეგ დაბრუნდა
📸 | თბილისის ლოკომოტივი

რუმინეთის ჩემპიონატის ახალი სეზონი ახლახან დაიწყო, კრაიოვამ პირველ ტურში სეპსი სტუმრად 1:0 დაამარცხა ბოსნიელი ელვირ კოლიჩის გოლით იმარჯვა. რაც შეეხება ლოკომოტივს: გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი 13 ქულით მე-6 ადგილზეა. აღსანიშნავია, რომ ლოკო ევროპალიგაზე გიორგი კორღალიძემ გაიყვანა და სეზონიც მასთან ერთად დაიწყო, მაგრამ კორონავირუსის გამო შეწყვეტილი სეზონის შემდეგ მან კლუბი დატოვა და სოსო ფრუიძემ შეცვალა, რომელიც თავის მხრივ არადამაკლმაყოფილებელი შედეგების გამო მალევე დაითხოვეს. შედეგად, ახლა ლოკომოტივს გიორგი ჭიაბრიშვილი ხელმძღვანელობს.

აპოლონი V საბურთალო

თბილისის საბურთალო ზედიზედ მეორედ ითამაშებს ევროტურნრიებზე. შარშან საქართველოს ჩემპიონის რანგში ჩემპიონთა ლიგაზე ჩაერთო, სადაც ტირასპოლის შერიფს აჯობა, მაგრამ ზაგრების დინამოსთან წააგო და ევროპალიგაზე გადაინაცვლა, სადაც არარატ-არმენიასთან სტუმრად მოგების (2:1) შემდეგ, თბილისში დამარცხდა (0:2) და ასპარეზობას გამოეთიშა.

საბურთალოსგან განსხვავებით, ევროპაში თამაშის უდიდესი გამოცდილება აქვს აპოლონს. შორს რომ არ წავიდეთ, კვიპროსელებმა ბოლო 6 სეზონში 4-ჯერ ითამაშეს ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე და ისეთ სახელოვან გუნდებს დაუპირისპირდნენ, როგორებცი ლიონი, ატალანტა, ევერტონი, ლაციო, აინტრახტი, მარსელი და ბაზელი არიან. ლაციო და მარსელი დაამარცხეს კიდეც, ევერტონთან, ლიონთან, იმავე მარსელთან და ატალანტასთან ფრეებსაც მიაღწიეს. მოკლედ საბურთალოს ძალიან ძლიერი და სერიოზული მოწინააღმდეგე ჰყავს.

საბურთალოს შეტევის ხაზი ოლივიე ბუმალიმ გააძლიერა
📸 | საბურთალო

საბურთალომ ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონი არც ისე კარგად დაიწყო, მაგრამ ბოლო ხანს ვითარება გამოასწორა და შედეგად ლიდერ დინამო ბათუმს ერთადერთი ქულით ჩამორჩება. თეიმურაზ შალამბერიძის გუნდმა ბოლო ტურში საჩხერის ჩიხურა 8:2 გაანადგურა. რაც შეეხება აპოლონს, კვიპროსის ჩემპიონატმა სტარტი გასულ უიქ-ენდზე აიღო და საკუთარ მოედანზე დოქსას ვერ მოუგო (1:1), გოლი კი ბაგალი დაბომ გაიტანა, რომელიც ადრე აზერბაიჯანში გაბალას ღირსებას იცავდა.

კომენტარები

ბოლო ამბები