Thumbnail
  • პსჟ-ს მიზანი ბაიერნის დაცვაში სივრცეების გამოყენება იყო
  • პარიზელთა გეგმას ხელი რეალიზაციამ და ნოიერმა შეუშალა
  • ბაიერნის ყველაზე ძლიერი მხარე პრესინგია
  • მეორე ტაიმში მიუნხენელებმა თამაში ძალიან კარგად გადააწყვეს
  • კინგსლი კომანმა ჰანსი ფლიკის ნდობა სრულად გაამართლა

სეზონის მთავარ შეხვედრაში ბაიერნმა პსჟ მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. რა იყო პარიზელთა შანსი და თომას ტუხელის ძირითადი სტრატეგია? რა მიზეზებმა შეუწყო ხელი მიუნხენელთა ტრიუმფს? რეკორდმაისტერის გამარჯვების ხუთი ძირითადი ფაქტორი პოპსპორტის ანალიტიკურ სტატიაში.

გეგმა, რომელიც ვერ იქცა გოლებად

პსჟ ბაიერნისთვის სტილურად უხერხული მოწინააღმდეგე იყო. ეს ჯერ კიდევ ლიონთან შეხვედრის დროს გამოჩნდა. მიუნხენელთა ყველაზე ძლიერი მხარე მათი პრესინგია, რომელიც მეტოქეს დაცვიდან ბურთით ამოსვლის საშუალებას არ აძლევს. ბარსელონასთან ვნახეთ, როგორ მუშაობს ეს პრესინგი. თუმცა ლიონმა, რომელიც სწრაფი შემტევების იმედად დაცვიდან გრძელი პასით ამოდიოდა, მიუნხენელთა კართან რამდენიმე მომენტი შექმნა. ბაიერნის დაცვის ხაზი თითქმის ცენტრამდე ამოდის, მათ განაპირა მცველებს, იოზუა კიმიხს და ალფონსო დევისს მიუნხენელთა შეტევაში მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრიათ და წინ თავისუფლად მიდიან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბაიერნის ნახევარზე ბევრი სივრცე რჩება - განსაკუთრებით განაპირა მცველების ზონებში.

პრობლემა ის არის, რომ ბაიერნის პრესინგი მეტოქეს ამ ზონებამდე მისვლის საშუალებას არ აძლევს. თუმცა ის მეტოქე, რომელიც გრძელ და გამჭოლ გადაცემებს იყენებს და სწრაფი შემტევები ყავს, თეორიულად მიუნხენელთათვის ყველაზე სასიამოვნო მოწინააღმდეგეები არ უნდა ყოფილიყვნენ. ასე თამაში პსჟ-საც შეუძლია, მით უმეტეს კილიან მბაპეს ფაქტორის გათვალისწინებით, რომელიც ყველაზე კარგად სწორედ მეტოქის ცენტრალურ და განაპირა მცველებს შორის არსებულ ზონებში იხსნება. ლიონისგან განსხვავებით, პსჟ-ს ინდივიდუალურად შეუდარებლად ძლიერი შემტევები ყავს.

ტუხელის გუნდს ბაიერნთან მოედნის ცენტრში ბრძოლა არც უცდია - პარიზელები ორად გაიყვნენ, 7 კაცი დაცვაზე ზრუნავდა და წინ დი მარია-ნეიმარი-მბაპეს შემტევი სამეული დატოვა. შედეგად, პსჟ-ს ორი კარგი ვარიანტი ჰქონდა:

ტუხელის გუნდს მეტოქის ამოწეული დაცვის ხაზის ზურგში გრძელი გადაცემებით თავისი შემტევების მონახვა შეეძლო...

...ან ბაიერნის დაკარგული ბურთის დროს შეეძლო წინ წასული განაპირა მცველების პოზიციით ესარგებლა და ასე შეეტია. ამ ტაქტიკამ ფრანგებს პირველ ტაიმში რამდენიმე ძალიან კარგი მომენტის შექმნის საშუალება მისცა.

პსჟ რეალიზაციამ და მანუელ ნოიერის ფაქტორმა დააღალატა. ნოიერმა გუნდი რამდენჯერმე გადაარჩინა.

თავის მხრივ, პარიზელებიც რისკავდნენ. როცა ერთდროულად შენი სამი მოთამაშე შემტევ პოზიციებში რჩება, შეუძლებელია, მეტოქემ შანსი არ შექმნას. პირველ ტაიმში ყველაზე სახიფათო ალფონსო დევისის შეტევაში ჩართვას და ჩაწოდებას მოჰყვა, როცა რობერტ ლევანდოვსკიმ ძელს გაარტყა. დი მარია შემტევ პოზიციაში დარჩა და ფლანგი ცარიელი დატოვა.

სტატისტიკაც ადასტურებს, რომ ეს სცენარი პარიზელთათვის მისაღები იყო. მიუხედავად იმისა, რომ ბაიერნი უფრო ხშირად ფლობდა ბურთს (62-38-ზე პირველ ტაიმში), პარიზელები უფრო ხშირად ურტყამდნენ კარისკენ (6-5) და კარში (2-1). ამასთან ერთად, მთელი მატჩის სტატისტიკის მიხედვით, ბაიერნის დარტყმების 67 პროცენტი საჯარიმოს გარედან შესრულდა, პსჟ-მ კი ამ დისტანციიდან თავისი დარტყმების 30 პროცენტი განახორციელა, დანარჩენი საჯარიმოს ფარგლებიდან. ანუ, ბაიერნს კი ჰქონდა ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობა, თუმცა პსჟ უფრო ხშირად ურტყამდა და უფრო უკეთეს დასარტყმელ პოზიციებში გადიოდა.

ცვლილებები შესვენებაზე

მეორე ტაიმში ბაიერნმა თამაში ძალიან ჭკვიანურად გადააწყო. ფლანგის მცველები უფრო ხშირად რჩებოდნენ თავის პოზიციაზე და ცენტრალურ მცველებამდე სივრცეებს აღარ ტოვებდნენ.

ბაიერნის დაცვის ოთხეული მეორე ტაიმში კომპაქტურ პოზიციაშია

ამასთან ერთად, ბაიერნმა ტემპი დააგდო და უფრო ხანგრძლივ გათამაშებაზე გააკეთა აქცენტი. თუკი უფრო მაღალ ტემპში თამაშის დროს ბურთის დაკარგვის, ან სხვა ამ ტიპის შეცდომის (და შესაბამისად კონტრშეტევის) ალბათობა უფრო მეტი იყო, ბაიერნი, რომელიც უფრო ფრთხილად და ხანგრძლივად ათამაშებდა ბურთს, შეცდომებს საერთოდ აღარ უშვებდა - აღარც ბურთს კარგავდა და აღარც პოზიციას.

მეორე ტაიმის პირველ 15 წუთში მიუნხენელებს ბურთი 79 პროცენტი ეჭირათ, მათ პსჟ მთელი გუნდით, მათ შორის შემტევებითაც აიძულეს, რომ თავიანთ ნახევარზე დაწეულიყვნენ. შედეგად, პარიზელთა შემტევი სამეული ძალიან შორს აღმოჩნდა მეტოქის კარისა და ზოგადად სახიფათო სივრცეებისგან. ბაიერნი ბურთს უფრთხილდებოდა და პოზიციური შეტევის დროს მოახერხა იოზუა კიმიხის შეტევაში ჩართვა, რომელმაც ფლანგზე ცარიელი სივრცე იპოვა და საგოლე შეტევა დაიწყო.

მიუხედავად იმისა, რომ პარიზელთა სასტარტო გეგმა ცუდი არ იყო, ბაიერნმა თამაში ძალიან მაგრად გადააწყო.

დაღლის ფაქტორი

პსჟ-ს თითქმის მთელი თამაშის უბურთოდ გატარება მოუწია. არადა პარიზელებს ჩვეულებრივ თავად უყვართ პირველ ნომრად თამაში. ბაიერნის პრესინგმა მათ ბურთის გათამაშების საშუალება დაცვაშიც კი არ მისცა.

ბაიერნის პრესინგი. პსჟ 7 კაცით თავის ნახევარზეა და შეტევას მაინც ვერ იწყებს

შედეგად, პსჟ-ს მხოლოდ ერთ მოთამაშეს, ცენტრალურ მცველ ტიაგო სილვას ჰქონდა 40-ზე მეტი პასი შესრულებული. მაგალითად, მბაპეს მხოლოდ 11 გადაცემა ჰქონდა გაკეთებული, პარიზელთა ცენტრში ლეანდრო პარედესმა მხოლოდ 25, ხოლო ანდრეს ერერამ 23 გადაცემა შეასრულა. შედარებისთვის, მხოლოდ ტიაგო ალკანტარამ 85 პასი გააკეთა და ბაიერნს ერთდროულად 5 ფეხბურთელი ჰყავდა 50 და მეტი გადაცემით.

უბურთოდ თამაში ბევრ ენერგიას მოითხოვს. შედეგად, პსჟ მეორე ტაიმში ძალიან დაიღალა. რაც უფრო მეტი დრო გადიოდა, ბაიერნის უპირატესობა მხოლოდ იზრდებოდა და ეს იმის მიუხედავად, რომ გოლი პარიზელებს ჰქონდათ გასატანი.

კინგსლი კომანი

ჰანსი ფლიკმა წინა მატჩთან შედარებით, მხოლოდ ერთი მოთამაშე შეცვალა და ამ ცვლილებამ მას ძალიან გაუმართლა. კინგსლი კომანმა ივან პერიშიჩი შეცვალა. ერთი შეხედვით, ფლიკის ეს სვლა ცოტა უცნაურად გამოიყურებოდა, რადგან ხორვატი წინა თამაშებში ძალიან კარგი იყო. ფლიკმა აქცენტი კომანის ინდივიდუალურ ოსტატობაზე გააკეთა. პერიშიჩი უკეთესია პრესინგში, თუმცა ფრანგი ერთ-ერთზე თამაშის დროს ინდივიდუალურად ბევრად ძლიერია.

კერერისა და კომანის ამ მომენტის შემდეგ, მიუნხენელები პენალტს ითხოვდნენ

პსჟ-ს დაცვაში ყველაზე სუსტად კერერი გამოიყურება და კომანიც მის წინააღმდეგ გამოვიდა. ფრანგს 9 დრიბლინგი ჰქონდა, საიდანაც 6 შედეგიანი აღმოჩნდა. პირველი ტაიმის ბოლოს მან კინაღამ პენალტიც აიკიდა, მეორე ტაიმში კი გადამწყვეტი გოლი შეაგდო.

ბაიერნი ზედმეტად ძლიერია

ბაიერნი ამ სეზონში ყველაზე ერთი თავით მაღლა იდგა. მიუხედავად იმისა, რომ პსჟ მათთვის ყველაზე იოლი მეტოქე არ იყო, ჰანსი ფლიკის გუნდს თამაში ბევრ სხვადასხვა სცენარში თანაბარი წარმატებით შეუძლია. მიუნხენელები ძალიან კარგად გრძნობენ თავს ღია და აგრესიულ თამაშში (მაგ. ბარსელონასთან და ჩელსისთან), შეუძლიათ ტემპის დაგდება და უფრო მომლოდინე და ფრთხილ თამაშში გამარჯვება (ფინალი), თანაბარი წარმატებით თამაშობენ პირველ და მეორე ნომრად და, რაც ყველაზე მთავარია, ძალიან გრძელი გუნდი ჰყავთ.

პსჟ შეცვლებმა თითქოს მხოლოდ დაასუსტა. ფრანგებს ალტერნატიული გეგმა თამაშისთვის არ ჰქონდათ. ბაიერნს ჰქონდა იმის უპირატესობა, რომ მატჩის ერთ-ერთი გმირი კომანი ადრევე შეეცვალა და სკამიდან პერიშიჩის და კოუტინიოს კლასის ფეხბურთელები გამოეყვანა. ნახევარფინალში მთავარი გმირი გნაბრი იყო, ფინალში მოულოდნელად კომანი გამოჩნდა, ბარსელონასთან პერიშიჩს ჰქონდა ძალიან შთამბეჭდავი შეხვედრა, მიულერი და ლევანდოვსკი სტაბილურად ერთ დონეზე თამაშობენ.

მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ბაიერნი ზედმეტად ძლიერი, ტაქტიკურად მრავალფეროვანი და ღრმა შემადგენლობის მქონე გუნდია, ამ სეზონში ვინმესთან რომ წაეგო - თუნდაც ისეთი შეხვედრა, რომელიც მათთვის არცთუ ისე სასიამოვნოდ დაიწყო.

კომენტარები

ბოლო ამბები