Thumbnail
  • სამშაბათს ინტერში გადამწყვეტი შეხვედრაა და დიდი შანსია, კონტე წავიდეს
  • მაქსი ალეგრის ინტერი და პსჟ სათადარიგო ვარიანტად განიხილავენ

იტალიური პრესის ცნობით, მაქსი ალეგრის დანიშვნის ვარიანტს ერთდროულად ორი კლუბი განიხილავს. ფავორიტი მილანის ინტერია.

ევროპალიგაზე წაგებული ფინალის შემდეგ, ანტონიო კონტემ ინტერის ხელმძღვანელობას კიდევ ერთხელ შეუტია და გააკრიტიკა. სამშაბათს კონტესა და გუნდის დირექტორებს შორის გადამწყვეტი შეხვედრაა დანიშნული. ამ შეხვედრას კონტე, კლუბის პრეზიდენტი სტივენ ჩჟენგი, დირექტორები: მაროტა და აუზილიო და კლუბის მენეჯერი ლელე ორიალი დაესწრებიან.

კონტეს კონფლიქტი აქვს აუზილიოსთან და მენეჯმენტს უჩივის, რომ კლუბიდან პრესაში ზედმეტად ბევრი ინფორმაცია იჟონება. შესაბამისად, მოსალოდნელია კონტეს ან აუზილიოს კლუბიდან წასვლა. იტალიური პრესის ცნობით, უფრო მეტი შანსია, რომ კონტემ კონტრაქტი გაწყვიტოს და მის ნაცვლად მაქსი ალეგრი დაინიშნოს.

სავარაუდოდ, კონტეს მიყვება ლელე ორიალიც, რომელიც მისი გუნდის წევრად და თანამოაზრედ განიხილება. ალეგრის მაროტასთან იუვენტუსიდან მოყოლებული ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს.

მეორე ვარიანტი პარი სენ ჟერმენია. პარიზში ტუხელის წასვლის შემთხვევაში, ალეგრის კანდიდატურა დიდი ხანია განიხილება. ჩემპიონთა ლიგის წაგებული ფინალი ცუდ შედეგად არ შეიძლება ჩაითვალოს. შესაბამისად, დიდი ალბათობით, ტუხელი პარიზში დარჩება, თუმცა თუ ამ კვირაში პარიზში მწვრთნელის შეცვლაზე მაინც დაფიქრდებიან, მაქსი ალეგრი უპირველესი პრიორიტეტია.

კომენტარები

ბოლო ამბები