Thumbnail

უცხოპლანეტელი ლუკა - დონჩიჩის ფენომენური მატჩის გამოხმაურება

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • დალას მავერკისის კალათბურთელმა კლიპერსთან შეხვედრის ბედი გადაწყვიტა
  • 21 წლის სლოვენიელმა ლეგენდარული მაიკლ ჯორდანის მიღწევა გააუმჯობესა
  • NBA-ს რეაქციები ლუკა დონჩიჩის თამაშსა და შესაძლებლობებზე

დალას მავერიკსის მცველმა ლუკა დონჩიჩმა ლოს ანჯელეს კლიპერსთან პლეი ოფის მატჩში (135:133 OT, სერია 2-2 ) სამმაგი დუბლი შეასრულა და ჩიკაგო ბულსის ლეგენდის, მაიკლ ჯორდანის რეკორდი გააუმჯობესა.

სლოვენიელმა კალათბურთელმა, რომლის თამაში სერიის მეოთხე მატჩში კოჭის ტრავმის გამო საეჭვო იყო, 43 ქულა, 17 მოხსნა და 13 პასი მიითვალა და რაც მთავარია, ბოლო წამებზე სწორედ მისი ზუსტი სამქულიანით შეძლო დალასმა გამარჯვება. დონჩიჩი გახდა ყველაზე ახალგაზრდა კალათბურთელი NBA-ს ისტორიაში, რომელმაც პლეი ოფის მატჩში 40+ ქულა ჩააგდო და გამარჯვების მომტანი სროლა შეასრულა, როდესაც მისი გუნდი ანგარიშში ჩამორჩებოდა.

📺 დალასი 135:133 კლიპერსი (მიმოხილვა)

მაიკლ ჯორდანმა მომგებიანი სროლა კლივლენდ კავალიერსთან 1989 წელს შეასრულა. ეს მომენტი ისტორიაში The Shot-ის სახელწოდებით შევიდა და ჯორდანის კარიერის ერთ-ერთ ყველაზე სახასიათო ეპიზოდად მიიჩნევა. მაშინ მაიკლი უკვე იყო 26 წლის იყო, ლუკა კი ჯერ 21 წლისაა..
 
ამასთან, ლუკა დონჩიჩი გახდა ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე NBA-ს პლეი ოფების ისტორიაში, რომელმაც სამმაგი დუბლი 40 და მეტი ქულით შეასრულა.
 
💬 "როდესაც ბურთი კალათში ვარდება და ვხედავ, რომ მთელი გუნდი ჩემკენ მორბის, ეს რაღაც განსაკუთრებულია. ეს ერთ-ერთი საუკეთესო გრძნობა იყო, რომელიც ოდესმე გამომიცდია, როგორც მოთამაშეს. დილით თავს არცთუ კარგად ვგრძნობდი, მაგრამ როგორც კი მოედანზე გავედი, მივხვდი, რომ თამაში შემეძლო. თანაგუნდელები ძალიან დამეხმარნენ. ექიმებმა, ადამიანებმა, რომელთა სახელები არცკი გსმენიათ, ბრწყინვალე სამუშაო ჩაატარეს. ისინი მთელი დღის განმავლობაში ჩემთან იყვნენ და ეს არის შედეგი, რომელიც მივიღეთ", - თქვა ლუკამ თამაშის შემდეგ, რომელიც თანაგუნდელებმა გასახდელში "აბანავეს".

ახალგაზრდა სლოვენიელის ფენომენურ თამაშს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მაგალითად, ლოს ანჯელეს ლეიკერსის ფორვარდს ლებრონ ჯეიმსს ტვიტერში რეაქცია ცნობილი ამერიკელი დიქტორის მაიკ ბრინის სტილში ჰქონდა: 

💬 "ბენგ-ბენგ!!! ამას მაიკ ბრინის ხმით ვამბობ".

გოლდენ სტეიტ უორიორსის გამთამაშებელმა სტეფ კარიმ კი დაპოსტა:
 
💬 "ღმერთო ჩემო, ლუკა დონჩიჩი, ეს უბრალოდ სიგიჟეა".

სლოვენიელის გადამწყვეტი სროლა ბოლო წამებზე 

ლუკას თამაში მისმა მეტოქეებმა, ლოს ანჯელეს კლიპერსის კალათბურთელებმა კავაი ლეონარდმა და პოლ ჯორჯმაც შეაფასეს. 

💬 "ლუკა დიდებული მოთამაშეა და დიდებული სროლა შეასრულა. მიაღწია თავის საყვარელ წერტილამდე და მიზანში მოარტყა", - თქვა ლეონარდმა.

💬 "მავერიკსს საკადრისი უნდა მივაგოთ. ისინი კარგად თამაშობენ, იცავენ თავს, აგდებენ. ლუკა დონჩიჩი ფენომენალურად თამაშობს და ეს უნდა დაუფასოთ. მაგრამ, მე რომ უკეთესად ვისროდე, ეს სერია სხვანაირად წარიმართებოდა", - ამბობს ჯორჯი. 

დალას მავერიკსის მწვრთნელმა რიკ კარლაილმა ლუკა ასე დაახასიათა:

💬 "ის ძალიან განსაკუთრებულია, დღევანდელი მისი თამაში კი სხვა პლანეტიდან იყო. ის ძალიან ჭვკიანი მოთამაშეა. ის რაღაცებს უფრო ადრე ამჩნევს, ვიდრე სხვა ადამიანები და ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც არის ის განსაკუთრებული. მას აქვს უნარები, ძალა და გაბარიტები, მაგრამ აქ საქმე თამაშის ხედვაშია. ის თამაშს 6G-ში ხედავს და არა 5G-ში, როგორც ადამიანების უმეტესობა".

კომენტარები

ბოლო ამბები