Thumbnail
  • დალასი 135:133 (2-2) კლიპერსი
  • ლუკა დონჩიჩს სამმაგი დუბლი და 43 ქულა ჰქონდა
  • კლიპერსიდან საუკეთესო ლუ უილიამსი იყო, ჯორჯმა თამაში ისევ ჩააგდო

კლიპერსმა და დალასმა წლევანდელი პლეი ოფის საუკეთესო მატჩი შემოგვთავაზეს. შეხვედრას სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა - სერიას კალიფორნიელები 2-1-ს იგებდნენ და კიდევ ერთი მოგების შემთხვევაში, საბოლოო გამარჯვებამდე ძალიან ახლოს იქნებოდნენ.

მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა. დალასმა მესამე მეოთხედი 16 ქულით მოიგო, მეოთხე მეოთხედშიც წინ იყო და მატჩის დასრულებამდე სამი წუთით ადრე 8 ქულასაც იგებდა, თუმცა კავაი ლეონარდის სამიანით კლიპერსმა ანგარიში ჯერ შეამცირა, შემდეგ გაათანაბრა და ბოლო შეტევაში კავაის თამაშის მოგებაც შეეძლო, თუმცა მისი ორქულიანი არაზუსტი აღმოჩნდა.

კიდევ უფრო დრამატული გამოდგა ოვერტაიმი: დალასი შეხვედრის დასრულებამდე წუთით ადრე  ქულას იგებდა, რასაც ლუ უილიამსის 2+1 მოყვა, ლუკამ გაათანაბრა და შემდეგ კიდევ ერთი ორქულიანით დალასი წინაც გაიყვანა.

მატჩის დასრულებამდე 10 წამით კავაი ლეონარდმა პერიმეტრზე მარკუს მორისი იპოვა და კლიპერსი  ქულით დაწინაურდა. საბოლოო სიტყვა დონჩიჩის იყო. ოვერტაიმის დასრულებამდე 3.7 წამით ადრე დალასმა ბურთი შემოიტანა, დონჩიჩი დარჩენილ დროში პატრიკ ბევერლის დაუსხლტა და ჯადოსნური სამქულიანით თამაში მოიგო.

დონჩიჩის ბაზერი 0.8 წამით ადრე

ლუკას ფენომენალური 43 ქულა, 17 მოხსნა და 13 შედეგიანი გადაცემა ჰქონდა. მან 31-დან 18 სროლა გამოიყენა და პერიმეტრიდან 40 პროცენტით უტევდა (10-დან 4 ზუსტი სამქულიანი). აღსანიშნავია, რომ მუხლის ტრავმის გამო, შეხვედრა გამოტოვა ტექსასელთა კიდევ ერთმა ლიდერმა კრისტაპს პორზინგისმა.

კლიპერსში საუკეთესო მათი სათადარიგო ლუ უილიამსი იყო, რომელმაც 20-დან 13 სროლა გამოიყენა, 36 ქულა ჩააგდო და +16 ჰქონდა. კავაი ლეონარდმა 22 სროლაში 32 ქულა ჩააგდო, თუმცა კალიფორნიელთა ძირითად ხუთეულში ის ერთადერთი იყო, რომელიც 15 ქულას გადაცდა.

კვლავ ძალიან ცუდად გამოიყურებოდა პოლ ჯორჯი, რომელმაც 14-დან მხოლოდ 3 სროლა გამოიყენა და თამაში კატასტროფული 9 ქულით დაასრულა. ასევე ძალიან ცუდი იყო მონტრეზ ჰარელი, რომელმაც თამაში 2 ქულით და -19-ით დაასრულა.

📺 დალასი 135:133 კლიპერსი (მიმოხილვა)

სერიაში ანგარიში 2:2-ია და შემდეგ შეხვედრას ფუნდამენტური მნიშვნელობა ექნება.

კომენტარები

ბოლო ამბები