Thumbnail
  • როგორ გამოეხმაურა იტალიური და ესპანური პრესა ბარსელონა-რომას მატჩს.
  • ინტერნეტის მომხმარებლებმა რომას ავტოგოლებზე იხალისეს.

ჩემპიონთა ლიგის ¼-ფინალში ბარსელონა-რომას პირველ მატჩთან (4:1) დაკავშირებით იტალიაში უფრო უიღბლობაზე საუბრობენ, ესპანეთში კი კატალონიურ გუნდსა და მის ლიდერს მოსაწყენი ფეხბურთის ჩვენების გამო აკრიტიკებენ.

"კამპ ნოუზე" ანგარიში ჯერ რომაელთა კაპიტანმა დანიელე დე როსიმ ავტოგოლით გახსნა, შემდეგ კი კოსტას მანოლასმა გაუტანა თავის მეკარე ალისონს. კატალონიელთაგან თითო გოლი პიკემ და სუარესმა შეაგდეს, რომას პრესტიჟის გოლი კი ჯეკოს ანგარიშზეა. 

► 2 ავტოგოლი და 4:1 - ბარსელონა ფაქტობრივად ნახევარფინალშია

CORRIERE DELLO SPORT: ესპანური კოშმარი

"მხოლოდ სასწაულის იმედად შეიძლება ვიყოთ. მესი, რა თქმა უნდა, რონალდოსავით არ ბრწყინავდა, მაგრამ რომამ ბარსელონასთან მაინც დიდი ანგარიშით წააგო. თუმცა, იქ იყო არბიტრის საკამათო გადაწყვეტილებებიც და უიღბლობაც. რომა პენალტს ორჯერ ითხოვდა, მაგრამ ორი გოლი აქეთ მიიღო - ორივე ავტოგოლი…"

LA GAZZETTA DELLO SPORT: რომას სასწაული თუ უშველის

გამოცემის გარეკანზე იუვენტუსი-რეალისა და ბარსელონა-რომას მატჩების საერთო ანგარიშებია გამოყვანილი - ესპანეთი-იტალია 7:1.

"რომას არ გაუმართლა, ბარსამ პოკერი შეასრულა და ახლა იტალიურ გუნდს მხოლოდ სასწაული თუ უშველის. ანგარიშმა არავინ მოატყუოს - კატალონიელებისთვის ეს გამარჯვება არცთუ ისეთი ბრწყინვალე იყო. მესი? ის ცდილობდა გოლების გატანას, რათა რონალდოსთვის პასუხი გაეცა და ზოგჯერ ამას მეტისმეტად ჯიუტად ლამობდა".

როგორც ჩანს, ბარსელონისგან ყველა ისედაც გამარჯვებას ელოდა და შესაბამისად, რომას განადგურება ესპანურ პრესაში დიდ მოვლენად არ აღქმულა.

მაგალითად, AS-მა მთავარ გვერდზე სულაც წინა სათამაშო დღის გმირი - კრიშტიანო რონალდოს ფოტო დაბეჭდა, კატალონიელებს კი ნაკლები ყურადღება დაუთმო.

SPORT: ბარსელონის ყველაზე ცუდი ვერსია

"ეს ბოლო დროის ბარსელონის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ვერსია, მაგრამ მიუხედავად გაუგებარი ფეხბურთისა, გუნდმა ბრწყინვალე შედეგს მიაღწია და უკვე ერთი ფეხით ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშია. 

ეს არ იყო ის თამაში, რომელსაც გუნდისგან პლეი ოფში ელიან და განსაკუთრებით, “კამპ ნოუზე”. ასეა თუ ისე, რეალის მსგავსად, ბარსელონაც უკვე ნახევარფინალშია (თუ რომში აპოკალიპსი არ მოხდება). ამ გუნდებს შორის განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ არავის გაახსენდება რომასთან მატჩი, რონალდოს თამაში ისტორიაში დარჩება".  

MARCA: მესის უფერული მატჩი

"მატჩის ფავორიტები უბრალოდ არ ხდებიან. ბარსელონამ, მიუხედავად იმისა, რომ ბრწყინვალე ფეხბურთი არ აჩვენა, საპასუხო მატჩის წინ იდეალური შედეგი დადო. ორმა ავტოგოლმა თავისი ქნა, სწორედ მაშინ, როდესაც მესი უფერულ მატჩს ატარებდა. ეს კი უკვე ამბავია…"

ბარსა-რომას მატჩს ინტერნეტში უფრო შემოქმედებითად და ხალისიანად მიუდგნენ.

 

კომენტარები

ბოლო ამბები