Thumbnail
  • 'ვნახოთ, რას ფიქრობს მასზე ბოლონი, რომელიც გენტის მწვრთნელად ახლა დაინიშნა'
  • გიორგი ჩაკვეტაძე ბელგიის ჩემპიონისთვის გამოსადეგ ფეხბურთელთა ხუთეულში მოხვდა

ბელგიურმა საფეხბურთო ვებ-გვერდმა Walfoot-მა 5 ფეხბურთელი ჩამოწერა, რომელთაც ქვეყნის მოქმედი ჩემპიონის ბრიუგეს შემტევი ხაზის გაძლიერება შეუძლიათ. ხუთეულში საქართველოს ნაკრებისა და გენტის 20 წლის ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძეც მოხვდა, რომელსაც ტრავმების გამო დიდი პერიოდი გაუცდა, თუმცა, ევროპული კლუბებისთვის კვლავაც საინტერესო ფეხბურთელად მიიჩნევა. აი, რას წერს აღნიშნული ვებ-გვერდი ქართველი ტალანტის შესახებ:

გიორგი ჩაკვეტაძე

"ის ბელგიაში 3 წლის წინ დინამო თბილისიდან ჩამოვიდა, თუმცა, მას შემდეგ, გენტის მაისურით არცთუ ბევრი მატჩი უგროვდება. მაგალითად, გასულ სეზონში ჩაკვეტაძემ მინდორზე მხოლოდ 325 წუთი გაატარა. სხვა საქმეა, რომ გიორგიმ ეფექტური თამაშით ქომაგებისთვის თავის დამახსოვრება მაინც მოახერხა და ეს, განსაკუთრებით, 2018-19 წლების სეზონზე ითქმის. ჩაკვეტაძე ფლანგზე ანაც ცენტრალურ შემტევ ნახევარმცველად თამაშობს, თუმცა, ბრიუგესთვის ის ფორვარდის პოზიციაზეც საინტერესო უნდა იყოს. ჯერ უნდა ვნახოთ ისიც, მასზე რას ფიქრობს ლასლო ბოლონი, რომელმაც გენტის მთავარი მწვრთნელის პოსტი სულ რამდენიმე დღის წინ დაიკავა".

შეგახსენებთ, რომ ბელგიური ჟუპილერ ლიგის ახალ სეზონში უკვე 3 ტურია გამართული და გენტმა სამივე მატჩი წააგო, ჩაკვეტაძე და გენტელთა კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი გიორგი ქვილითაია კი მინდორზე ჯერ არ გამოჩენილან. კარგი ისაა, რომ ჩაკვეტაძემ ტრავმა მოიშუშა და მის საქმეში დაბრუნებას უახლოეს პერიოდში ელიან. ბრიუგეს 2 მატჩში 3 ქულა აქვს და მე-10 ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი, დღეს, ბეერსხოტთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები