Thumbnail

მოგებული სეტი ფავორიტებთან – კალაშნიკოვა US Open-ისთვის ემზადება

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • კალაშნიკოვა/კუდრიავცევა 6:1, 4:6, 5:10 პეშკე/შუურსი
  • ქართველი ჩოგბურთელი აშშ-ს ღია პირველობაზე მეტოქეთა ვინაობას 31 აგვისტოს შეიტყობს

29 წლის ქართველი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა აშშ-ს ღია პირველობისთვის მზადებას განაგრძობს და რუს მეწყვილე ალა კუდრიავცევასთან ერთად მორიგი მატჩი ჩაატარა.

კალაშნიკოვა და კუდრიავცევა ნიუ იორკის მასტერსში (საპრიზო ფონდი 2 250 829 დოლარი) ჩაებნენ და მე-3 ნომრად განთესილ ჩეხურ-ჰოლანდიურ წყვილს (კვეტა პეშკე/დემი შუურსი) დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს. ქართველმა და რუსმა ჩოგბურთელებმა ფავორიტებს პირველი სეტი იოლად მოუგეს, თუმცა, საბოლოოდ, 6:1, 4:6, 5:10 წააგეს.

ცნობისთვის, აგვისტოშივე ოქსანა და ლექსინგტონის ტურნირზე (აშშ, საპრიზო ფონდი 225 000 დოლარი) გამოჩნდნენ და იქ, მერვედფინალში პირველი განთესვის მქონე ჩილეურ-ამერიკულ დუეტთან (ალექსა გუარაჩი-დესირე კრავჩიკი) 3:6, 4:6 დამარცხდნენ.

კალაშნიკოვას WTA-ს წყვილთა მიმდინარე რეიტინგში 56-ე ადგილი უკავია, კარიერის პიკი კი 2016 წლის ივნისში ჰქონდა, როდესაც 43-ე პოზიციას უწია. დიდი სლემის ტურნირებზე მისი ყველაზე დიდი წარმატება მე-3 რაუნდში (ავსტრალიის, საფრანგეთისა და აშშ-ს ღია პირველობები) თამაშია.

შეგახსენებთ, რომ Western & Southern Open-ზე ძალები ვაჟთა შორის საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმაც სცადა და კანადელ ფელიქს ოჟე-ალიასიმთან 4:6, 1:6 წააგო. აშშ-ს ღია პირველობა 31 აგვისტოდან 13 სექტემბრამდე პერიოდში ჩატარდება. ბასილაშვილი პირველი მეტოქის ვინაობას 27 აგვისტოს შეიტყობს, კალაშნიკოვა კი – 31-ში.

კომენტარები

ბოლო ამბები