Thumbnail

სულ რამდენიმე დღის წინ, საქართველოს ნაკრების 28 წლის მცველი სოლომონ კვერკველია იჯარის წესით ვოლგოგრადის როტორში ჩაირიცხა და ახალ კლუბში დებიუტის მოლოდინშია, მანამდე კი იყო, 3-წლიანი პერიოდი მოსკოვის ლოკომოტივში, რომელიც აღზევება-დაცემით ხასიათდებოდა. სწორედ ამ წლებზე გააკეთა კომენტარი “რკინიგზელთა” ყოფილმა სელექციონერმა ვიკტორ ტიშჩენკომ, რომლის სახელსაც უკავშირდება ქართველი ლეგიონერის ლოკომოტივში გამოჩენა.

“2016 წელი იყო, როდესაც საიმედო მცველის დამატების აუცილებლობა დადგა. სწორედ მაშინ გადავწყვიტე, რომ საქართველოს ნაკრების მატჩის სანახავად წავსულიყავი. კვერკველიას მანამდეც გვთავაზობდნენ, თუმცა, მაშინ ძალიან გამოუცდელი იყო და თანაც, უცხოელი. ისინი, ვინც სოლომონი ჩამოიყვანა, ცდილობდნენ, რომ მას რუსეთის მოქალაქეობა მიეღო, თუმცა, არ გამოვიდა. საბოლოოდ, კვერკველია რუბინში აღმოჩნდა. იქ ხან მომწონდა, ხან – არა. 2016 წლის ნოემბერში კი, ის საქართველოს ნაკრებში მოლდოვას წინააღმდეგ ვნახე და ნამდვილად გამაოცა: გაცილებით სწრაფი გამხდარიყო და წონაც აღარ აწუხებდა, ნამდვილი მებრძოლი იყო. მანამდე, უელსთან მატჩში მან გარეთ ბეილი უბრალოდ შეჭამა. როდესაც ჩორლუკამ აქილევსის მყესი გაიწყვიტა, კვერკველიამ პეიჩინოვიჩთან ერთად საიმედო დუეტი შექმნა. 2017-18 წლების სეზონში მან ლოკომოტივის წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. მის გარეშე ჩემპიონები ნამდვილად ვერ გავხდებოდით. ახლა, სოლომონი საუკეთესო მდგომარეობაში ისევ არ იმყოფება. ის ისეთი ადამიანია, რომელსაც მუდმივი მოტივაცია სჭირდება, რათა ვარჯიშებზე ბოლომდე დაიხარჯოს. სამწუხაროდ, მას ლოკომოტივის ხელმძღვანელობასთან ურთიერთობა აერია (გუნდის პრეზიდენტმა გერკუსმა მას, მგონი, რაღაც თანხა დააკლო), უხალისობა დაეტყო და კუნთებთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა”.

სოლომონ კვერკველია გარეთ ბეილის წინააღმდეგ

შეგახსენებთ, რომ კვერკველიამ მოსკოვის ლოკომოტივში საერთო ჯამში 109 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. გასულ წელს მან სერიოზული ტრავმა მიიღო, რომლის მოშუშების შემდეგ ძირითადში ადგილი ვერ დაიბრუნა. ქართველი მცველი როტორში განათხოვრებული 2020-2021 წლების სეზონის ბოლომდე იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები