Thumbnail

'ჰაპოელთან წარმატებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ' - ინტერვიუ ლაშა შერგელაშვილთან

სანდრო ცნობილაძე პროფილის ფოტო
სანდრო ცნობილაძე
  • დინამო ბათუმის ახალწვეული თავის არჩევანსა და პირველ შთაბეჭდილებებზე
  • 28 წლის მცველი გუნდში კონკურენციასა და ჰაპოელთან მოახლოებულ მატჩზე

ევროპალიგაზე უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ, დინამო ბათუმში შევსებაა. კლუბმა ბერძნული იანინადან მარცხენა მცველი ლაშა შერგელაშვილი დაიმატა. დინამოელთა 28 წლის ახალწვეული, უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში, ჯერ ლატვიაში, ხოლო შემდეგ კი საბერძნეთში თამაშობდა. აჭარული კლუბის რიგებში მისი დებიუტი თელავთან ამხანაგურ შეხვედრაში (1:1) შედგა.

ახალ გუნდზე პირველი შთაბეჭდილებების გაზიარებისთვის, ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად არსებული კონკურენცისა და ჰაპოელის წინააღმდეგ ჩასატარებელი მატჩის მოსამზადებელ პროცესის შესახებ სასაუბროდ, ლაშა შერგელაშვილს დავუკავშირდით. 

POPSPORT: პირველი შეხვედრა ჩაატარე. რა შთაბეჭდილება გაქვს დინამო ბათუმზე?

ლაშა შერგელაშვილი: ეს მატჩი ორი შემადგენლობით ვითამაშეთ. მე ერთი ტაიმის თამაშმა მომიწია. მთავარმა მწვრთნელმა ორ პოზიციაზე გამომცადა. ჯერ ნახევარდაცვაში ვიყავი და მერე ჩემს ჩვეულ, მარცხენა მცველის ამპლუას დავუბრუნდი. ადაპტაცია არ გამჭირვებია. გია გეგუჩაძესთან ქუთაისის ტორპედოში მაქვს ნამუშევარი, კარგად ვიცნობ ფეხბურთელებსაც. დინამო ძალიან შეკრული და მეგობრული გუნდია. თითოეული მოთამაშე მინდორზე მწვრთნელის დავალებების ზედმიწევნით მაღალ დონეზე შესრულებას ცდილობს.

ლაშამ დინამოელთა რიგებში ამხანაგურ მატჩში ითამაშა

POPSPORT: რიგასში ძირითადი შემადგენლობის წევრი იყავი, მაგრამ იანინაში ბოლო პერიოდში მცირე სათამაშო დრო გეძლეოდა. რა იყო ამის მიზეზი?

შერგელაშვილი: იმ სეზონში, რომელიც საბერძნეთში ჩემთვის პირველი იყო, სამწუხაროდ, იანინა სუპერლიგიდან გავარდა. ახალი სეზონიც ძირითადში დავიწყე, მაგრამ მძიმე ტრავმა მივიღე, ჯვარედინი მყესები გავიწყვიტე. როდესაც რეაბილიტაციის კურსი დავასრულე, პანდემია დაიწყო და ჩემპიონატი შეწყდა. COVID 19-მა საბერძნეთის ისედაც რთული ეკონომიკური ვითარება კიდევ უფრო დაამძიმა. კლუბებში ხელფასების გადახდის პრობლემა დადგა. ეს იყო მთავარი მიზეზი იმისა, რომ შემოთავაზებების მიუხედავად, დარჩენა აღარ მინდოდა. ჩემი დატოვება უნდოდა იანინას და სუპერლიგის რამდენიმე კლუბს, მაგრამ ყველას უარი ვუთხარი.

POPSPORT: დინამო ბათუმში მარცხენა მცველის პოზიციაზე ნაკრების წევრი გიორგი ნავალოვსკი თამაშობს. როგორ გგონია, მასთან კონკურენცია მოგიწევს, თუ შეიძლება უბრალოდ სხვა პოზიციაზე გადაგწიონ?

შერგელაშვილი: ნავალოვსკი ძალიან კარგი ფეხბურთელია. მასთან კონკურენცია მეც წამადგება და მთლიანად გუნდსაც. დანარჩენი კი უკვე მწვრთნელის გადასაწყვეტია.

POPSPORT: საკმაოდ ბევრი გაგიცდა და როგორ ფიქრობ, ოპტიმალურ ფორმაში შესასსვლელად რა დრო დაგჭირდება?

შერგელაშვილი: ახალ გუნდში ადაპტაციის პრობლემა არ მაქვს. ფაქტობრივად, ყველას ვიცნობ და ყველასთან ნათამაშები მაქვს. ვფიქრობ, რომ ძალიან მალე, ჩვეულ სათამაშო კონდიციებში ვიქნები და გუნდის სრულფასოვანი დახმარების გაწევას მოვახერხებ.

შერგელაშვილმა ბერძნულ კლუბში წელიწადნახევარი გაატარა

POPSPORT: რამდენიმე დღეში გუნდს ჰაპოელთან უმნიშვნელოვანესი შეხვედრა ელის. რა ინფორმაციას ფლობ მეტოქის შესახებ?

შერგელაშვილი: დღევანდელი ამხანაგური მატჩის შემდეგ უკვე მთლიანად ჰაპოელთან შეხვედრაზე გადავერთვებით. ეს თამაშიც ამ უმნიშვნელოვანესი დაპირისპირების მოსამზადებელი პერიოდის ნაწილი იყო. წინასწარ შანსებზე საუბარი არ მიყვარს, მაგრამ ერთი რამ დანამდვილებით შემიძლია ვთქვა - წარმატებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.

📌 28 წლის ლაშა შერგელაშვილმა პროფესიონალური კარიერა 2011 წელს ქუთაისის ტორპედოში დაიწყო. ტორპედოს გარდა, საქართველოში მას დინამო თბილისსა და სამტრედიაშიც უთამაშია. დინამოელთა რიგებში მან ქვეყნის თასი და სუპერთასი, ხოლო სამტრედიას შემადგენლობაში კი ჩემპიონობა მოიპოვა. 2017 შერგელაშვილი ლატვიურ რიგასში გადავიდა, რომელთან ერთადაც ლატვიის თასის მფლობელი გახდა. 2018 წლიდან კი ბერძნული იანინას ღირსებას იცავდა.

საქართველოს ეროვნულ გუნდში ლაშა შერგელაშვილს შვიდი მატჩი აქვს ჩატარებული. მისი დებიუტი 2017 წელს უზბეკეტის ეროვნულ გუნდთან ამხანაგურ შეხვედრაში შედგა.

კომენტარები

ბოლო ამბები