Thumbnail

დიდი 10-ის ნაცვლად დიდი 12 - ჩემპიონატის ფორმატი ერთი სეზონით იცვლება

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობამ 2019-2020 წლების საქართველოს კაცთა და ჭაბუკთა ლიგების ჩემპიონატების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისად, საჭირო გახდა საშეჯიბრო დებულებაში დროებითი ცვლილებების შეტანა, რომლებიც ერთი წელი იმოქმედებს. ამ ინფორმაციას საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.

2020-2021 წლების სეზონში დიდ 10-ს ორი კლუბი ემატება და ელიტაში 12 გუნდი ითამაშებს. დიდ 10-ში ადგილი შეინარჩუნეს თბილისის ლელო-სარასენსმა, ბათუმმა, ქუთაისის აიამ, რუსთავის ხარებმა, თბილისის აკადემიამ, გორის ჯიქმა, ბოლნისის ყოჩებმა, თბილისის იუნკერებმა, თბილისის ლოკომოტივმა და მარნეულის არმაზმა. მათ პირველი ლიგიდან დაემატა ორი მოწინავე – ქუთაისის არესი და პატარძეულის ვეფხვები.

მომავალ სეზონში ეს 12 გუნდი სამ ეტაპად ითამაშებს. პირველ ეტაპზე ისინი ორ ექვს-გუნდიან ჯგუფში გადანაწილდნენ. ერთ ჯგუფში მოხვდნენ ლელო-სარასენსი, ხარები, აკადემია, იუნკერები, ლოკომოტივი და ვეფხვები. მეორე ჯგუფში ითამაშებენ ბათუმი, აია, ჯიქი, ყოჩები, არმაზი და არესი.
გუნდები ორ წრედ ითამაშებენ, რის შემდეგაც, მეორე ეტაპზე, თითოეული ჯგუფის მოწინავე სამ-სამი გუნდი 6-გუნდიან საჩემპიონო ჯგუფს შექმნის, ხოლო მეოთხე-მეექვსე გუნდები ასევე 6-გუნდიან ჯგუფში განაწილდებიან და ლიგაში დასარჩენად იბრძოლებენ. მეორე ეტაპზე ყველა გუნდს გადაყვება პირველ ეტაპზე მოპოვებული ქულები. ის გუნდები, რომლებიც პირველ ეტაპზე ერთ ჯგუფში იყვნენ, მეორე ეტაპზე ერთმანეთს აღარ შეხვდებიან და შინ და გარეთ მხოლოდ მეორე ჯგუფში მყოფ სამ გუნდს ეთამაშებიან.

დიდ 10-ში გუნდების რაოდენობა იზრდება

მეორე ეტაპის დასრულების შემდეგ, მოწინავე ექვსეულის გუნდები საჩემპიონო პლეი ოფში ჩაერთვებიან. პლეი ოფის პირველ ეტაპზე მესამეადგილოსანი – მეექვსეს, ხოლო მეოთხეადგილოსანი მეხუთეს ეთამაშება. ორი მოწინავე პირველ ეტაპზე ისვენებს და პლეი ოფში ნახევარფინალიდან ჩაერთვება. ქვედა ექვსეულში პლეი ოფები არ გაიმართება და ბოლო სამი გუნდი 2021-2022 წლების სეზონს პირველ ლიგაში დაიწყებს, მეცხრეადგილოსანი კი, პირველი ლიგის მეორე გუნდთან პლეი ოფს ითამაშებს.

2020-2021 წლების სეზონში, პირველ ლიგაში ასევე 12 გუნდი ითამაშებს. თბილისის არმიას, სტეფანწმინდის ყაზბეგს, სამცხე-ჯავახეთის ტაოს, თბილისის დინამოს, ქუთაისის ბაგრატს, ოზურგეთის არწივებს, თბილისის დევებს და თბილისის ივერია ვარკეთილს, რეგიონალური ლიგის 2019/2020 წლების სეზონის შეწყვეტამდე, პლეი ოფში გასული ოთხეული დაემატება – თბილისის ხვამლი, თელავი, წყალტუბოს დინოზავრი და ჭიათურას რაგბის სკოლა.

12 გუნდიანი ელიტის მსგავსად, გუნდები აქაც გადანაწილდებიან ორ 6-გუნდა ჯგუფში. მეორე ეტაპზე თითოეული ჯგუფის სამ-სამი მოწინავე დიდ 10-ში ასასვლელად გააგრძელებს ბრძოლას, დანარჩენები კი ლიგაში ადგილის შენარჩუნებას ეცდებიან. პირველი ლიგის გამარჯვებული დიდ 10-ში პირდაპირ აღზევდება, მეორეადგილოსანი კი დიდი 12-ის მეცხრეადგილოსანთან პლეი ოფებს გამართავს. 2021-2022 წლების სეზონში, პირველ ლიგაში გუნდების რაოდენობა კვლავ 10-მდე შემცირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები