Thumbnail

‘მგონი, ცოტა გაბრაზებული იყო’ - მესიმ ალფონსო დევისს მაისური არ მისცა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

ალფონსო დევისი კორონა-სეზონის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი აღმოჩენაა! მიუნხენის ბაიერნის ახალგაზრდა მარცხენა მცველი ძალიან მაგრად თამაშობს და უკვე ბევრის ქება დაიმსახურა - მათ შორის ერთ-ერთი საუკეთესო მარცხენა მცველის, მარსელოსი, რომელმაც ის საუკეთესო ეპითეტებით შეამკო.

მართალია, ნახევარფინალში ლიონთან (3:0) რამდენიმე ეპიზოდში არცისე კარგად ითამაშა, მაგრამ საერთო ჯამში, მარცხენა ფლანგზე ჩვეულად კარგი იყო. კანადელმა განსაკუთრებით კარგად ბარსელონასთან 8:2-ზე მოგებულ შეხვედრაში იასპარეზა. ახლა გაირკვა, რომ მატჩის შემდეგ მან ლიონელ მესის მაისურა სთხოვა, მაგრამ არგენტინელი სუპერვარსკვლავისგან უარი მიიღო!

“მესის მაისურა ვთხოვე, მაგრამ მგონი ცოტა გაბრაზებული იყო.” - განაცხადა დევისმა BT Sport-თან ინტერვიუში. ბაიერნის ფეხბურთელმა იქვე დასძინა, რომ არგენტინელის უარი არ ეწყინა და მომდევნო შეხვედრის დროს კიდევ ერთი მცდელობა ექნება…

შესაძლოა, მესიმ თავი მოსალოდნელი დისკვალიფიკაციის გამო შეიკავა. როგორც იცით, პარი სენ-ჟერმენის ბრაზილიელმა სუპერვარსკვლავმა ნეიმარმა ლაიპციგთან მატჩის შემდეგ მარსელ ჰალსტენბერგს გაუცვალა მაისურა, რასაც მისი შესაძლო დისკვალიფიკაციის შესახებ სტატიები მოჰყვა. საქმე ისაა, რომ უეფამ მაისურების გაცვლა კორონავირუსის გავრცელების რისკის გამო აკრძალა.

ჩემპიონთა ლიგის ფინალში მიუნხენის ბაიერნი სწორედ პსჟ-ს შეხვდება. “ძალიან კარგი თამაში იქნება და გოლებიც გავა. ყველა ფეხბურთელი სწორედ იმაზე ოცნებობს, რომ საუკეთესოებთან ერთად, საუკეთესოების წინააღმდეგ ითამაშოს,” - დასძინა 19 წლის დევისმა ინტერვიუში.

 

კომენტარები

ბოლო ამბები