Thumbnail
  • ლოს ანჯელეს კლიპერსი 114:127 დალას მავერიკსი
  • ლუკა დონჩიჩმა თამაში ნაადრევად დატოვა
  • მიუხედავად ამისა, სლოვენიელმა აბდულ-ჯაბარის მიღწევა გააუმჯობესა

ბევრი ფიქრობს, რომ დალასი კლიპერსთან პირველ მატჩშიც იმსახურებდა მოგებას. მეორე შეხვედრაში მავერიკსმა დაამტკიცა, რომ იმაზე მეტი შეუძლია, ვიდრე ბევრს წარმოუდგენია. ტექსასელებმა NBA-ს ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი 127:114 დაამარცხეს და სერიაში ანგარიში გაათანაბრეს.

მიუხედავად იმისა, რომ პარკეტზე მხოლოდ 28 წუთი გაატარა, ლუკა დონჩიჩმა მაინც ფენომენალური შედეგი დააფიქსირა და 28 ქულით, 8 მოხსნითა და 7 პასით დალასში საუკეთესო იყო. 21 წლის სლოვენიელმა თამაში ნაადრევად მეხუთე ფოლის გამო, მეორე ტაიმში დატოვა. ასე რომ არ მომხდარიყო, ალბათ პირველ მატჩში დაფიქსირებულ ისტორიულ შედეგთან (42 ქულა) მინიმუმ ახლოს მივიდოდა.

“სკამზე ჯდომა ჩემთვის მძიმეა, - აღნიშნა დონჩიჩმა მატჩის შემდეგ, -  მინდა, ჩემს გუნდს ვეხმარებოდე. თუმცა გავიმარჯვეთ და ახლა უკმაყოფილების მიზეზი არ მაქვს. ვფიქრობ, კლიპერსისთვის დიდი წინააღმდეგობის გაწევა შეგვიძლია. ყველა მატჩში თავდაჯერებულები ვიქნებით და გამარჯვებაზე ვიფიქრებთ.”

პლეი ოფის პირველი ორი მატჩის ჯამში დონჩიჩს 70 ქულა დაუგროვდა, რითაც მან ლეგენდარული ქარიმ აბდულ-ჯაბარის მიღწევა (69 ქულა) გააუმჯობესა. ლუკას პირველ ორ საპლეიოფო მატჩში ისტორიაში მეორე შედეგი აქვს - მასზე მეტი ქულის ჩაგდება პლეი ოფის პირველ ორ მატჩში მხოლოდ ჯორჯ მაიკენს აქვს (75). რომ არა თამაშის ნაადრევი დატოვება, სლოვენიელი მის რეკორდს დაამხობდა.

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად დონჩიჩის გასვლისა, კლიპერსმა დალასს ვერაფერი მოუხერხა. მესამე პერიოდში მავერიკსმა 14:4 გაქცევა შეძლო და ბოლო პერიოდის წინ 18 ქულით იგებდა. დონჩიჩის შემდეგ დალასში საუკეთესო კრისტაპს პორზინგისი გახლდათ 23 ქულით.  დალასისთვის ეს ამ სეზონში კლიპერსთან 5 დუელიდან პირველი გამარჯვებაა და პირველი მოგებაა პლეი ოფში 2016 წლის შემდეგ.

კლიპერსიდან კავაი ლეონარდი იყო საუკეთესო - მის ანგარიშზე 35 ქულა და 10 მოხსნაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მატჩის საუკეთესოც გახლდათ, მაგრამ თავისი გუნდი მარცხისგან ვერ იხსნა. პოლ ჯორჯს ცუდი დღე ჰქონდა - მან მხოლოდ 14 ქულა დააგროვა (პლუს 10 მოხსნა). ჯორჯმა 17 მცდელობიდან მხოლოდ 4 ჩააგდო და სამქულიანებშიც ვერ ივარგა (10 ისროლა, 2 ჩააგდო).

დალას მავერიკსსა და ლოს ანჯელეს კლიპერსს შორის სერიის მესამე მატჩი 22 აგვისტოს გაიმართება.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს?

  • ლეიკერსი
  • კლიპერსი
  • მილუოკი
  • ჰიუსტონი
  • ტორონტო
  • ბოსტონი
  • ფილადელფია
  • სხვა გუნდი

 

კომენტარები

ბოლო ამბები