Thumbnail

მარცხი უშანსოდ ტირანასთან - დინამო თბილისმა ჩემპიონთა ლიგა უკვე დაასრულა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

საქართველოს ჩემპიონმა დინამო თბილისმა ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ალბანურ ტირანას უმასპინძლა, ორი გოლი გაუშვა და ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირს დაემშვიდობა. კახა ჩხეტიანის გუნდი ახლა ევროპალიგაზე გადაერთვება, სადაც მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოვა.

"დინამო არენაზე" მატჩი მასპინძელთა ტერიტორიული უპირატესობით, არცთუ მაღალ ტემპში დაიწყო, პირველ წუთებში თვალშისაცემი კი რამდენიმე ეპიზოდში ალბანელთა ვეტერანი მეკარის ილიონ ლიკას არცთუ დამაჯერებელი თამაში იყო, რომელსაც კინაღამ გოლი მოჰყვა.

კახა ჩხეტიანის მითითებებმა ალბანეთის ჩემპიონთან შედეგი ვერ გამოიღო

დინამო კი აკონტროლებდა ბურთს, თუმცა მეტოქის კართან სახიფათო მომენტების შექმნას ვერ ახერხებდა. მეტნაკლებად დასამახსოვრებელი ეპიზოდი 35-ე წუთზე, ბუღრიძის მოწოდებულ კუთხურს მოჰყვა, თუმცა თბილისელთა ტოგოელი მცველის ბენიოს თავური არაზუსტი აღმოჩნდა.

ტაიმის მიწურულს სტანდარტი სახიფათოდ სტუმრებმაც შეასრულეს - იდრიზ ბათჰას დარტმის შემდეგ, ბურთი მცირე მანძილით ასცდა როინ კვასხვაძის კარს.

ზედ შესვენების წინ ალბანელებმა კურიოზული გოლი მაინც გაიტანეს. ლუკა ლოჩოშვილი ბურთს თავით როინ კვასხვაძეს უბრუნებდა, თუმცა ტირანას არგენტინელმა ფორვარდმა აგუსტინ ტორასამ ბოლომდე იბრძოლა და გაიტანა. ტაიმიც აქ დასრულდა.

📺 0:1 ტორასა (45')

შესვენების შემდეგ, მალევე, კახა ჩხეტიანმა დინამოში ცვლილებებს მიმართა. დავით კობოური გიორგი ქიმაძემ შეცვალა, შემდეგ კი ბაქარ ქარდავა - გიორგი კუციამ.

დინამოელები კვლავაც აკონტროლებდნენ ბურთს, თუმცა ძალიან დაბალ ტემპში მოქმედებდნენ და რაც მთავარია, სტუმართა საჯარიმოსთან მიახლოებას ვერ ახერხებდნენ. ეპიზოდებში, გააზრებულ კომბინაციებს ტირანას ფეხბურთელები უფრო ქმნიდნენ. 

78-ე წუთზე გიორგი კუციას შესრულებულ საჯარიმო დარტყმას გოლი მოჰყვა, თუმცა არბიტრმა არ ჩათვალა - თამაშგარე მდგომარეობაში გოლის ავტორი თორნიკე კაპანაძე იმყოფებოდა.

📺 კაპანაძის არჩათვლილი გოლი 

სტუმართა ერთ-ერთ იშვიათი იერიშის შემდეგ კი დინამოელთა კარში მეორე გოლიც გავიდა. მუჩი კარში ურტყამდა, როინ კვასხვაძემ ბურთი ძალიან ცუდად მოიგერია და დამატებაზე მარსელ ისმაილგეციმ გაიტანა.

📺 0:2 ისმაილგეცი (86')

დარჩენილი დრო დინამოელებმა ალბანელთა კარზე იერიშებში გაატარეს, თუმცა ანგარიში არ შეცვლილა და საქართველოს ჩემპიონი ალბანეთის ჩემპიონთან უშანსოდ დამარცხდა, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბელგრადის ცრვენა ზვეზდას უმასპინძლებს.

ტირანამ თბილისში გამარჯვება იზეიმა

დინამო თბილისი 0:2 ტირანა

გოლები: 0:1 ტორასა (45+4), 0:2 ისმაილგეცი (86').

დინამო თბილისი (4-2-3-1): კვასხვაძე - იაშვილი, ბენიო, ლოჩოშვილი, კობოური (59' ქიმაძე)- ქარდავა (67' კუცია), პაპავა - შულაია, პერნამბუკო, ბუღრიძე (81' გაბედავა) - კაპანაძე.

ტირანა (4-2-3-1): ლიკა - ტოშევსკი, ვანგიელი, ნაიდოვსკი, ისმაილგეცი - ჩელჰაკა, ბათჰა - კალე (71' ტოლი), ტორასა (83' მუჩა), კობინა - მუჩი (87' ავდიაი).

კომენტარები

ბოლო ამბები