Thumbnail
  • 'ის სულ მზად იქნება, რომ ესეთ ვიგინდარებთან თავისი ღირსეული სიტყვა თქვას'
  • 'ამ შეურაცხმყოფელმა განცხადებამ ჩვენი დიდი იმედგაცრუება გამოიწვია'
  • ქართული კლუბები ლელოს სარასენსის დამფუძნებლის წინააღმდეგ გამოდიან

ქართულ სარაგბო სამყაროში არეულობასა და დაპირისპირებას ბოლო არ უჩანს. ამჯერად, აზრთა სხვადასხვაობას კლუბებს შორის აქვს ადგილი: 31 ქართული გუნდი ერთს – ლელო სარასენსს, უფრო სწორად კი, მის დამფუძნებელ ბათუ კევკლიშვილს უპირისპირდება, მის მიერ გაკეთებული მკვახე განცხადების გამო. აი, რა განცხადებას ავრცელებს საქართველოს რაგბის კავშირში შემავალი კლუბების საინიციატივო ჯგუფი:

“რაგბის სამყარო აღშფოთებას გამოთქვამს, სარაგბო კლუბ ლელო სარასენსის დამფუძნებლის, ბათუ კევლიშვილის მიერ გამოთქმულ გამიზნულ, საჯარო შეურაცხყოფასთან დაკავშირებით, რომელიც მან ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გააჟღერა, საქართველოს რაგბის კავშირში შემავალი 31 კლუბის (სულ 32 კლუბი) და იმ უამრავი მორაგბის მიმართულებით, ვინც დღეს რაგბის გადასარჩენად და მისი განვითარებისთვის იბრძვიან. მიუხედავად მისი ასაკისა და იმ უდიდესი ღვაწლისა, რაც მას რაგბიში გააჩნია, ამ შეურაცხმყოფელმა განცხადებამ ჩვენი დიდი იმედგაცრუება გამოიწვია. ვიმედოვნებთ, რომ ის, როგორც უფროსი თაობის წარმომადგენელი, გადადგამს ბრძნულ ნაბიჯს და ბოდიშს მოიხდის, რათა წერტილი დაესვას ამ განხეთქილებას”.

და რას ედავებიან კევლიშვილს? მოკლედ შეგახსენებთ საქმის ვითარებას. რამდენიმე დღის წინ კლუბებმა რაგბის კავშირისადმი მიმართვა გაავრცელეს, სადაც ქართულ რაგბიში არსებულ უმძიმეს ვითარებაზე იყო საუბარი. მიმართვას 32-დან 31 კლუბი აწერდა ხელს, გარდა ლელო სარასენსისა. როგორც სჩანს, დაპირისპირებამ სათავე სწორედ მაშინ აიღო.

ბათუ კევლიშვილი

მოგვიანებით, კლუბების საინიციატივო ჯგუფმა პრესკონფერენცია გამართა, რასაც რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი გორგასლიძის გადადგომაც დაემთხვა. ლელო სარასენსის დამფუძნებელი ამ ფაქტმა გაანაწყენა და ტელეკომპანია "იმედის" ეთერში საკმაოც მკაცრი განცხადებაც გააკეთა:

“გორგასლიძის მიმართ შეურაცხმყოფელი გამონათქვამები იყო საფუძველი იმისა, რომ გადამდგარიყო. ნორმალური ადამიანი მათ მოსმენას და ქმედებას ვერ აიტანს. ის ბრძოლისუნარიანია და სულ მზად იქნება, რომ ესეთ ვიგინდარებთან თავისი ღირსეული სიტყვა თქვას”.

საინიციატივო ჯგუფის წევრების ინფორმაციით, ლელო სარასენსის მათ კავშირში შესვლას სწორედ ბათუ კევლიშვილი აფერხებდა, რომელიც ამავდროულად გამგეობის წევრიცაა. კევლიშვილმა აღნიშნულ ბრალდებასაც უპასუხა:

“რა იდიოტიზმია, რა არის, მეტი პასუხი ჭკვიანური ვერ თქვეს? ეს ყველაფერი არის სიცრუე. რატომ არ მოვაწერე მაგათ სისულელეებს ხელი? მათი ქმედება გადასულია ზღვარს”.

შეგახსენებთ, რომ ბოლო თვეებია ქართულ რაგბში აშკარა კრიზისული ვითარებაა შექმნილი. ხსენებულმა გორგასლიძემ პოსტი არჩევიდან სულ რაღაც 10 დღეში დატოვა. მისი განცხადებით, შექმნილ სიტუაციაში, მართვის შემოთავაზებულმა ფორმამ ვერ გაამართლა. გორგასლიძე აღნიშნულ თანამდებობაზე მას შემდეგ მოხვდა, რაც წასვლის შესახებ განცხადება უწინდელმა პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ გააკეთა. მისი გადაწყვეტილების მიზეზადაც სარაგბო სამყაროს პრობლემები დასახელდა, რის გამოც ჯერ ეროვნული ჩემპიონატი – დიდი 10-ის განახლებაც კი ვერ ხერხდება. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მომდევნო არჩევნების ჩატარება მიმდინარე წლის დეკემბერში იგეგმება. პრეზიდენტობისთვის ბრძოლას იმავე სვანიძის გარდა, ეროვნული ნაკრების ყოფილი მორაგბე ირაკლი აბუსერიძე და ბაჩო ხურციძე აპირებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები