Thumbnail

საკალათბურთო ვებ-გვერდმა Polskikosz-მა ევროლიგაში წლეულს ზაფხულში განხორციელებილი ტრანსფერები მიმოიხილა და უმთავრესი ყურადღება თორნიკე შენგელიას დაუთმო. შეგახსენებთ, რომ ესპანურ ბასკონიაში გატარებული ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, ქართველმა კალათბურთელმა კონტრაქტი მოსკოვის ცსკა-სთან გააფორმა და ამიერიდან ევროლიგის ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტის ღირსებას დაიცავს. აი, რას წერს Polskikosz აღნიშნულ ტრანსფერზე:

თორნიკე შენგელია – ცსკა

ამ ზაფხულს კლუბი ევროპის ერთ-ერთმა საუკეთესო კალათბურთელმა შეიცვალა და ამ ტრანსფერს არაერთი ასპექტი ახლდა, რომელთა შორს არასპორტულიც იყო. პირველ რიგში, უნდა ვთქვათ, რომ შენგელიამ მოსკოვში კაილ ჰაინსის როლი უნდა მოირგოს. ეს უკანასკნელი ცსკას რიგებში 7 წლის განმავლობაში თამაშობდა, კაპიტანი გახლდათ და გუნდის ნამდვილ ლიდერად ითვლებოდა. ახლა, ეს მისია თორნიკემ უნდა იკისროს. საინტერესო იქნება შენგელიასა და მაიკ ჯეიმსის დუეტის აღდგენაც, რომლებსაც ერთად უკვე უთამაშიათ ბასკონიაში. ცალკე საკითხია ის აჟიოტაჟი, რომელიც ქართველი კალათბურთელის რუსულ კლუბში გადასვლას მოჰყვა. თვით საქართველოს პრეზიდენტმაც კი, შენგელიას გადაწყვეტილებით უკმაყოფილება გამოთქვა, თავად კალათბურთელი კი, მაქსიმალურად ცდილობდა, ამ თემაზე არ ესაუბრა. უკვე დიდი ხანია, ამ ორ ქვეყანას შორის სიტუაცია დაძაბულია და რიგ შემთხვევებში, ეს სპორტზეც აისახება. ეს ფაქტორი შენგელიასთვის დამატებითი გამოწვევა იქნება. ვნახოთ, როგორ გაუმკლავდება ის ყველა ამოცანას. ცსკა-სა და ბასკონიას მატჩი ევროლიგაში 8 იანვარს შედგება და თორნიკესთვის ეს, განსაკუთრებული თამაში იქნება.

შეგახსენებთ, რომ შენგელია უკვე მოსკოვში იმყოფება და ცსკა-ში პირველი ვარჯიშებიც ჩაატარა. რუსული გრანდი სეზონს ვითიბი ლიგაში ასტანას წინააღმდეგ დაპირისპირებით გახსნის, რომელიც 23 სექტემბერს გახლავთ დაგეგმილი, მანამდე კი, მოსკოველებს საკონტროლო მატჩები ელით. ქართველი მძიმე ფორვარდი რუსული კლუბის ღირსებას 3 სეზონის განმავლობაში დაიცავს.

კომენტარები

ბოლო ამბები