Thumbnail
  • ლოს ანჯელეს ლეიკერსი 93:100 (0:1) პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი
  • ლილარდის შედეგიანი თამაშის წყალობით პორტლენდი სერიაში დაწინაურდა
  • ლეიკერსს ლებრონის სამმაგმა დუბლმა და რეკორდმაც ვერ უშველა   

დასავლეთ კონფერენციის პლეი ოფის 1/4-ფინალური სერიის პირველ შეხვედრაში პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსმა ლოს ანჯელეს ლეიკერსს მოუგო. ნომინალურ მასპინძლებს, რომლებმაც 32 სამქულიანიდან მხოლოდ 5-ის რეალიზება მოახერხეს, ლებრონ ჯეიმსის სამმაგმა დუბლმა და ფანტასტიკურმა რეკორდმაც ვერ უშველა.

მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე პორტლენდის გამთამაშებელი დემიენ ლილარდი იყო, რომელმაც 34 ქულას 5 მოხსნა მიამატა. მისმა ბოსნიელმა თანაგუნდელმა, იუსუფ ნურკიჩმა კი ორმაგი დუბლი მიითვალა - 16 ქულა, 14 მოხსნა. ლეიკერსში შედეგიანობით ენტონი დევისი გამოირჩა (28 ქულა), ლებრონ ჯეიმსმა კი თამაში 23 ქულით, 17 მოხსნითა და 16 პასით დაასრულა.

📺 დემიენ ლილარდი V ლეიკერსი

ლებრონი გახდა NBA-ს ისტორიაში პირველი მოთამაშე, რომელმაც პლეი ოფის სტადიაზე, მატჩში სულ ცოტა, 20 ქულა, 15 მოხსნა და 15 პასი მიითვალა. 35 წლის ფორვარდმა პორტლენდთან სამმაგი დუბლით, ლეიკერსის ლეგენდა კობი ბრაიანტის მიღწევაც გააუმჯობესა. ეს ლეიკერსის რიგებში ლებრონის 22-ე სამმაგი დუბლია, ბრაიანტს კი 18 სეზონის განმავლობაში 21 ტრიპლ-დაბლი ჰქონდა.

📺 ლებრონი NBA-ს და ლეიკერსის ისტორიას წერს

ამასთან, ლებრონი ლეიკერსში პირველი კალათბურთელია მეჯიქ ჯონსონის შემდეგ (1991 წლის შემდეგ), რომელმაც პლეი ოფის შეხვედრაში 14 და მეტი პასი შეასრულა.

სხვათა შორის, პორტლენდთან სათამაშოდ ლებრონ ჯეიმსი კეპით წარსდგა, რომელზეც წარწერა ჰქონდა გაკეთებული: "კვლავ გახადე ამერიკა დიადი: დააპატიმრე პოლიციელები, რომლებმაც ბრეონა ტეოლორი მოკლეს".

ლებრონის კეპი პორტლენდთან თამაშს წინ

ამით ლებრონმა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გააკრიტიკა, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის დროს პირობას დებდა, რომ "ამერიკას კვლავ დიადს" გახდიდა. პოლიციის რეიდის დროს მოკლული 27 წლის აფროამერიკელი ბრეონა ტეილორის საქმის სამართლიან გამოძიებას სპორტის არაერთი ვარსკვლავი ითხოვს.

ლოს ანჯელეს ლეიკერსისა და პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსის სერიის მორიგი დაპირისპირება 21 აგვისტოს გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები