Thumbnail

დონჩიჩის სუპერდებიუტი და პორზინგისის გაძევება - დალასი კლიპერსთან დამარცხდა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ლოს ანჯელეს კლიპერსი 118:110 (1:0) დალას მავერიქსი 
  • გამარჯვებულებს 29 ქულით კავაი ლეონარდმა ულიდერა
  • ლუკა დონჩიჩის ფენომენური რეკორდი NBA-ს ისტორიაში
  • კრისტან პორზინგისი მარკუს მორისთან ჩხუბისთვის გააძევეს

NBA-ს დასავლეთ კონფერენიის პლეი ოფის ¼-ფინალის პირველი მატჩი გაიმართა, რომელშიც ნომინალურმა მასპინძელმა ლოს ანჯელეს კლიპერსმა დალას მავერიქსი დაამარცხა და სერიაში დაწინაურდა, რომელიც ოთხ მოგებამდე გრძელდება.

გამარჯვებულთა შორის ყველაზე შედეგიანი კავაი ლეონარდი იყო, რომელმაც ორმაგი დუბლი მიითვალა - 29 ქულა, 12 მოხსნა. 27 ქულა იყო პოლ ჯორჯის აქტივში. 

დალასში საუკეთესო ლუკა დონჩიჩი იყო, რომელმაც 42 ქულა, 7 მოხსნა და 9 პასი მიითვალა და ლიგის ისტორიაში რეკორდი დაამყარა - პლეი ოფის სადებიუტო მატჩში მოპოვებული ქულების რაოდენობით.

📺 ლუკას დებიუტი პლეი ოფში

21 წლის სლოვენიელი გახდა პირველი კალათბურთელი, რომელმაც თავის კარიერაში პლეი ოფის სადებიუტო მატჩში სულ ცოტა 40 ქულა მიითვალა. თანაც, დონჩიჩის 42 ქულა, მავერიკსში 2011 წლის (დირკ ნოვიცკი) შემდეგ, პლეი ოფში ნაჩვენები ყველაზე მაღალი შედეგია.  

აღსანიშნავია, რომ დალასს კლიპერსთან მატჩის მესამე მეოთხედში კრისტაპს პორზინგისი გაუძევეს, რომელმაც მეორე ტექნიკური ფოლი მიიღო. ლატვიელი თანაგუნდელ დონჩიჩს გამოექომაგა, რომელსაც მარკუს მორისთან მოუვიდა შელაპარაკება. პორზინგისმა, რომელსაც ერთი ტექნიკური ფოლი უკვე ჰქონდა, მორისს ხელი ჰკრა. 

"რა თქმა უნდა, მეორე ტექნიკური ფოლი დაუმსახურებელი იყო. უბრალოდ, ჩვენ ცოტა შევკამათდით. დავინახე, რომ მორისმა ლუკა დონჩიჩზე გაიწია და რეაგირებაც ამიტომ მოვახდინე. კლიპერსის მხრიდან ეს ჭკვიანური იყო, მე კი მომდევნო ჯერზე უფრო გონივრულად უნდა მოვიქცე და ემოციები ვაკონტროლო", - თქვა თამაშის შემდეგ პორზინგისმა.

ბევრის აზრით, კრისტაპსის გაძევება უსამართლობა იყო. სხვებთან ერთად ლატვიელს მხარი სოციალურ ქსელში დირკ ნოვიცკიმ და ლებრონ ჯეიმსმაც დაუჭირეს.

ლოს ანჯელეს კლიპერსისა და დალას მავერიკსის მეორე დაპირისპირება თბილისის დროით 20 აგვისტოს გამთენიისას გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები