Thumbnail
  • საქართველოს სტრონგმენის ჩემპიონატი ბათუმში გაიმართა
  • დიდებს შორის ჩემპიონი სამ წონით კატეგორიაში გამოვლინდა
  • ჩემპიონები: ნუკრი ჯაში, ვალიკო ფიფია, კონსტანტინე ჯანაშია
  • ახალგაზრდებს შორის 16 წლის ნიკა ლეკაიძე ტურნირის აღმოჩენა გახდა
  • ყველაფერი პროექტის "პასუხისმგებლიანი თამაში" შესახებ - responsible.ge  

საქართველოს ჩემპიონატს უძლიერეს მამაკაცთა შორის სტრონგმენის მოძრაობებში ამჯერად ბათუმმა უმასპინძლა. უძლერეს მამაკაცთა შორის 2020 წლის პირველობა კომპანია ევროპაბეთის მხარდაჭერით, ანბანის კოშკთან გაიმართა და ბევრი მაყურებელი დაესწრო - შეჯიბრი დაძაბული და სანახაობრივი გამოვიდა და დაახლოებით 5 საათი გრძელდებოდა.

"ქართველი ხარი" კონსტანტინე ჯანაშია

შოუში მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სტრონგმენი, ქუთაისელი კონსტანტინე ჯანაშიაც მონაწილეობდა და როგორც მოსალოდნელი იყო, +105 კგ წონით კატეგორიაში ძალიან ადვილად გაიმარჯვა. მეორე ადგილზე იანვარში გამართული ჩემპიონატის გამარჯვებული ჭაბუკა ჭიღლაძე (თბილისი) გავიდა, მესამეზე კი - ავთანდილ ყარმაზანაშვილი (დუშეთი).

კონსტანტინე ჯანაშია (საქართველოს ჩემპიონი): “ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ეს შეჯიბრი, რადგან ტრავმებისა და პანდემიის გამო დაახლოებით წელიწადნახევარი გამიცდა. უკვე დრო იყო, რომ შეჯიბრზე გამოვსულიყავი. ეს ტურნირი ძალიან დამეხმარება იმაში, რომ შემდეგ პროფესიონალურ დონეზეც კარგად ვიასპარეზო. ეს ტურნირი ჩემთვის ადვილად მოსაგები იყო, მაგრამ ძალიან საჭირო. ბიჭებისთვის ეს სტიმული უნდა იყოს, რადგან რაც უფრო ძლიერი სპორტსმენი გამოდის შეჯიბრზე, მით უფრო გემატება მოტივაცია. ბედნიერი ვარ, თუკი ვინმეს სტიმულს ვაძლევ. რაც უფრო ბევრი კარგი ბიჭი წამოვა, ჩემთვის მით უფრო სასიხარულო იქნება - მით უმეტეს, თუ ამის მიზეზი მე ვიქნები.”

კონსტანტინე ჯანაშიამ, რომელიც პროფესიონალი სტრონგმენია, შეჯიბრი  იოლად მოიგო

105 კგ წონითი კატეგორია ზუგდიდელმა ვალიკო ფიფიამ მოიგო. მეორე ადგილზე ლუკა გაბუნია (მარტვილი-ბანძა) გავიდა, მესამეზე - დავით ზუმაძე (მესტია). 90 კგ წონით კატეგორიაში საპრიზო ადგილები ასე გადანაწილდა: ჩემპიონი ნუკრი ჯაში (თბილისი), მეორე ადგილი - გიორგი ურუშაძე (თბილისი), მესამე ადგილი - ჯიმშერ ჭელიძე (ქუთაისი). 42 წლის ჭელიძე ვეტერანი სტრონგმენია, რომელმაც ყველა გააოცა თავისი შესაძლებლობებით.

ჯიმშერ ჭელიძემ 90 კგ წონით კატეგორიაში მესამე ადგილი დაიკავა

ჯიმშერ ჭელიძე (90 კგ. მე-3 ადგილი): “ეს მოვლენა ჩემთვის ნამდვილად საამაყოა. ჩემი ასაკის კაცისთვის ახალგაზრდა სპორტსმენებში მესამე ადგილზე გასვლა ძალიან დიდი შედეგია. ახალგაზრდები მე მაძლევენ მოტივაციას, მე კი მათ. ეს სპორტი იმის გამო მომწონს, რომ კარგი შოუა და არასტანდარტულ წონებთან გიწევს ბრძოლა. ჩემს სპორტულ ცხოვრებაში ასევე დიდი როლი აქვს მუსიკას და განსაკუთრებით ტექნოს. ერთგვარ ადრენალინს მაძლევს. 92 წლიდან ვუსმენ ტექნოს, სწორედ მაშინ დავიწყე სპორტული ცხოვრებაც. ტექნო-მუსიკა ჩემში დადებით ემოციებს იწვევს, მოტივაციას და სტიმულს მაძლევს. მუსიკა სპორტშიც ძალიან დამეხმარა.”

ნუკრი ჯაში 90 კგ წონითი კატეგორიის ჩემპიონი გახდა

ნუკრი ჯაში (90 კგ. ჩემპიონი): “წონებთან ჭიდაობა ბავშვობიდან მიყვარდა. ბავშვობაში კრივზეც ვიარე, ცოტა ხანს მკლავჭიდზეც, მერე კი ამ სპორტმა ძალიან მომხიბლა და გამიტაცა. აქ რომ მოვდიოდი, ვთქვი, რომ ჩემს შვილს თასს ჩავუტანდი და ასეც მოხდა. ეს ჩემთვის პირველი იყო და შედეგიც დავდე. გაჩერებას არ ვაპირებ, წინ უნდა წავიდე.”

16 წლის ნიკა ლეკაიძე შეჯიბრის მთავარი აღმოჩენა გახდა

ახალგაზრდებს შორის, აბსოლუტურ წონით კატეგორიაში 16 წლის ნიკა ლეკაიძე ტურნირის აღმოჩენა გახდა - მან პირველი ადგილი დაისაკუთრა. “16 წლის ნიკა პირველად გამოვიდა სტრონგმენის შეჯიბრზე და თავის წონით კატეგორიაში მოიგო. ვფიქრობ, რომ ამ ბიჭს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს და თუ კარგად მიყვება, ძალიან დიდ შედეგებზე გავა და ძალიან ძლიერი გახდება, შეიძლება ჩემზე ძლიერიც გახდეს,” - ეს კოტე ჯანაშიას სიტყვებია. ახალგაზრდებში მეორე ადგილზე ადრევან ჯანაშია გავიდა, მესამეზე კი - გაგა ჭინჭარაული.

ჩემპიონატი შემდეგ მოძრაობებში ჩატარდა:
1. მოუხერხებელი მორი, აქსელი და გიგანტური ჰანტელი
2. რკინის ჩემოდნები (ფერმერის გასეირნება) და უღელი
3. ღერძის (შტანგის) ამოწევა რაოდენობაზე
4. სატვირთო ავტომანქანის გაწევა დისტანციაზე
5. უღელზე ქვის გადაგდება

ავთანდილ ახვლედიანი (უძლიერეს მამაკაცთა ფედერაციის გენერალური მდივანი და ნაკრების მთავარი მწვრთნელი):
“როგორც კი პანდემიით გამოწვეული შეზღუდვები მოიხსნა, ტურნირის ჩატარება შევძელით. მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს და აჭარის სპორტის სამინისტროებს, ევროპაბეთს და ყველა სპონსორს, ვინც გვეხმარება. კონსტანტინე ჯანაშიამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ყველაზე ძლიერია საქართველოში. მეორე ადგილზე კი ჭაბუკა ჭიღლაძეა. კოტე პროფესიონალებშია, ჭაბუკა ჯერაც მოყვარულებში გადის. ნიჭიერი ახალგაზრდებიც გვყავს, ნაკრები ჩამოყალიბებულია. თუ ყველაფერი კარგად იქნება, გამარჯვებულები დეკემბერში ბარსელონას შეჯიბრზე გაემგზავრებიან. ავარჩიეთ 6 მოყვარული სპორტსმენი და მეშვიდე კონსტანტინე ჯანაშია იქნება, რომელიც პროფესიონალებში გამოვა. ახალგაზრდებში ტურნირი პირველად ჩავატარეთ და 16 წლის ნიკა ლეკაიძე ძალიან კარგად გამოვიდა. მისგან მომავალში დიდ შედეგებს ველოდებით.”

კომპანია ევროპაბეთსა და უძლიერეს მამაკაცთა ფედერაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი თებერვალში გაფორმდა. ევროპაბეთი სტრონგმენებს აქტიურად უჭერს მხარს და სპორტის ამ სახეობის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეაქვს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები