Thumbnail

‘მადლობა ერთგულებისთვის!’ - დინამო ბათუმის ფეხბურთელებმა ფანებს იუბილე მიულოცეს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ბათუმელი ფეხბურთელები მერანთან მატჩზე სპეციალური მაისურებით გავიდნენ
  • დინამოს ფანკლუბი 9 წლის ხდება, ფეხბურთელებმა იუბილე მიულოცეს

დინამო ბათუმისთვის 17 აგვისტო განსაკუთრებული დღეა - კლუბის ფანკლუბი, რომელსაც ‘შავი ზღვის პირატების’ სახელით ვიცნობთ, 9 წლის ხდება.

გია გეგუჩაძის გუნდი საქართველოს ჩემპიონატის მე-10 ტურის მატჩს თბილისის მერანთან მართავს. ბათუმელი ფეხბურთელები მოედანზე სპეციალური მაისურებით გამოვიდნენ - წარწერით: “გილოცავთ იუბილეს, მადლობა ერთგულებისთვის!” ფეხბურთელებმა საიუბილეო მაისურები მიხელ მესხის სათადარიგო სტადიონზე შეკრებილ ბათუმელ ქომაგებსაც აჩუქეს.

‘შავი ზღვის პირატებს’ დინამო ბათუმის წარმატებებში დიდი წვლილი მიუძღვით. წინა სეზონშიც და წელსაც, პანდემიამდე, ანგისას ბაზაზე დინამოელთა ყველა საშინაო მატჩზე ანშლაგი იყო, რაც სამწუხაროდ, იშვიათი და უჩვეულოა ქართული საკლუბო ფეხბურთისთვის. ახალი სტადიონის გახსნამდე დინამო ბათუმი საშინაო მატჩებს ‘ანგისაზე’ ატარებს, სადაც მხოლოდ ერთი, 1600 ადამიანზე გათვლილი ტრიბუნაა. თუმცა, ბათუმელთა მატჩებს, როგორც წესი, გაცილებით მეტი გულშემატკივარი ესწრება.

არაოფიციალური მონაცემებით, პანდემიამდე მინიმუმ 2 500-3 000 ქომაგი თითქმის ყველა მატჩზე იყო, რამდენიმე შეხვედრას კი გაცილებით მეტი ადამიანი დაესწრო. მაგალითად, წინა სეზონში დინამო ბათუმისა და დინამო თბილისის მატჩის სანახავად ბაზაზე და მის ირგვლივ დაახლოებით 7 000 გულშემატკივარი შეიკრიბა. დინამო ბათუმის ქომაგები ემოციური ქომაგობით და საინტერესო პერფორმანსებით გამოირჩევიან. ისინი გუნდს ამხნევებენ როგორც გამარჯვების, ისე მარცხის შემდეგ. 

მალე დინამო ბათუმი ახალ სტადიონზე ითამაშებს, რომელიც 20 000 გულშემატკივარზეა გათვლილი. ბუნებრივია, ახალი არენა კიდევ უფრო მეტ გულშემატკივარს მიიზიდავს და ბათუმური გუნდი სავსე ტრიბუნების ფონზე გააგრძელებს თავისი ახალი ისტორიის წერას.

📺 ფილმი: 'შავი ზღვის პირატები'

კომენტარები

ბოლო ამბები