Thumbnail

ბარსელონა კუმანის ვარიანტს განიხილავს - მას ჩავისა და პოჩეტინოზე წინ აყენებენ

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • რონალდ კუმანი კატალონიელთა ღირსებას 1989-95 წლებში იცავდა
  • ამჟამად, ის ჰოლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელია

ჰოლანდიის საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი, შესაძლოა, ესპანური ბარსელონას დამრიგებელი გახდეს. Mundo Deportivo-ს ცნობით, 57 წლის სპეციალისტის შანსები ბოლო პერიოდში საგრძნობლად გაიზარდა. კუმანს ნათქვამი აქვს, რომ მოქმედი პოსტის დატოვებას არ აპირებს, თუმცა, უკანასკნელ ხანს მან გაიაზრა, რომ ბარსელონაში მისვლის უკეთესი შანსი, შესაძლოა, არც ჰქონდეს.

კატალონიური გრანდი ერთ-ერთ ვარიანტად ჩავის დანიშვნასაც განიხილავს, თუმცა, ესპანელის აზრით, ამ ნაბიჯის გადასადგმელად შესაბამისი დრო არ არის. ახლა, ბარსელონას ირგვლილ არაჯანსაღი ვითარებაა შექმნილი, ამასთან, ჩავის არ სურს, რომ გუნდის გადახალისების პროცესში, ძველი მეგობრების გუნდიდან გაშვების ინიციატორი თავად გახდეს.

რონალდ კუმანს კამპ ნოუზე მისვლის ასეთი შანსი, შესაძლოა, აღარც ჰქონდეს

ჩიხშია შესული მაურისიო პოჩეტინოს საკითხიც, რომელიც სავარაუდო სიაში ასევე ფიგურირებდა. არგენტინელის დანიშვნას ის ფაქტორი აფერხებს, რომ თავის დროზე ბარსელონას პრინციპულ მეტოქეს – თანაქალაქელ ესპანიოლს ავარჯიშებდა და მისი განცხადებაც ყველა ახსოვს, რომ ბარსას დამრიგებელი არასდროს გახდებოდა.

ამ ფონზე კუმანისთვის ბარსელონაში დაბრუნება ნამდვილი საჩუქარია და ის, ოცნებასთან ძალიან ახლოსაა მას შემდეგ, რაც ესპანურმა გრანდმა ჩემპიონთა ლიგაში სრული ფიასკო განიცადა. შეგახსენებთ, რომ ბარსელონამ მერფვედფინალში მიუნხენის ბაიერნთთან 2:8 წააგო და უკვე ცხადია, რომ მოქმედ თავკაცს კიკე სეტიენს თანამდებობაზე არავინ დატოვებს.

57 წლის კუმანი "ნარინჯისფრებს" 2018 წლიდან წვრთნის, მანამდე კი, ვიტესში, აიაქსში, ბენფიკაში, პსვ-ში, ვალენსიაში, ალკმაარში, ფეინოორდში, საუთჰემპტონსა და ალკმაარში უმუშავია. რონალდი კატალონიელთა მაისურით 1989-95 წლებში თამაშობდა და 192 მატჩში 67 გოლი აქვს გატანილი.

კომენტარები

ბოლო ამბები