Thumbnail
  • ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში არც ინგლისური კლუბია და არც ესპანური
  • ასეთი რამ ძალიან დიდი ხანია, არ მომხდარა
  • თუ იტალიასაც მივათვლით, ეს ისტორიაში პირველი შემთხვევაა

რეალ მადრიდი გავარდა, ბარსელონა გავარდა, იუვენტუსი გავარდა - და ახლა მანჩესტერ სიტიც. ეს პირველი შემთხვევაა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, როცა ნახევარფინალში არც ინგლისური კლუბია, არც ესპანური და არც იტალიური.

ფაქტია: ჩემპიონთა ლიგის ეს სეზონი ბევრი რამის გამოა უნიკალური და ისტორიული. არა მხოლოდ იმიტომ, რომ კორონავირუსმა ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის კალენდარი და ფორმატი შეცვალა, სუფთა სპორტული თვალსაზრისითაც უჩვეულო ამბები ხდება.

📺 მანჩესტერ სიტი 1:3 ლიონი [მიმოხილვა]

თუკი ბოლო წლებში ჩემპიონთა ლიგაში ინგლისური და ესპანური გუნდები დომინირებდნენ, წელს ნახევარფინალში არც პრემიერლიგის წარმომადგენელია და არც ლა ლიგის. ნახევარფინალი ინგლისური ან ესპანური გუნდის გარეშე ბოლოს 1995/96 წლების სეზონში გაიმართა. თუ იტალიასაც დავუმატებთ და ვნახავთ, როდის გაიმართა ნახევარფინალი ესპანური, ინგლისური და პლუს იტალიური კლუბების გარეშე, პასუხი შემდეგი იქნება: ასეთი შემთხვევა არ ყოფილა! ამ სამი ტოპ-ქვეყნიდან ნახევარფინალში გასვლას ყოველთვის რომელიმე ახერხებდა გუნდი.

ამრიგად, ნახევარფინალში მხოლოდ გერმანული (ბაიერნი, ლაიპციგი) და ფრანგული (პარი სენ-ჟერმენი, ლიონი) კლუბები არიან. თუკი ინგლისური კლუბი ნახევარფინალს ბოლოს 2016/2017 წლების სეზონში აკლდა, ესპანური კლუბის გარეშე ფინალისწინა რაუნდი ბოლოს 13 წლის წინ გაიმართა.

📺 ბარსელონა 2:8 ბაიერნი [მიმოხილვა]

სხვათა შორის, ესპანური და ინგლისური გრანდების გავარდნით, ჩემპიონთა ლიგაში დიდი სერია დასრულდება: 2013 წელს ტურნირი მიუნხენის ბაიერნმა მოიგო და მას შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის თასს მხოლოდ ინგლისური (ლივერპული) და ესპანური (4-ჯერ რეალი, ერთხელ ბარსელონა) კლუბები ისაკუთრებდნენ.

თუკი წელს ტრიუმფატორი ან პსჟ იქნება, ანაც ლიონი, ძალიან ხანგრძლივი უიღბლო სერია შეწყდება - ბოლო ფრანგული კლუბი, რომელმაც ევროპის მთავარი ტურნირი მოიგო, მარსელის ოლიმპიკი გახლდათ, რომელმაც ეს 1992/93 წლების სეზონში მოახერხა.

P.S. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი ლიონელ მესის და კრიშტიანო რონალდოს გარეშე ბოლოს 2006 წელს გაიმართა...

 

კომენტარები

ბოლო ამბები