Thumbnail

მერაბ დვალიშვილის ზედიზედ მე-5 გამარჯვება UFC-ში - ჯონ დოდსონიც დაამარცხა!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • მერაბ დვალიშვილმა UFC-ში მე-7 ბრძოლა გამართა
  • მისი მეტოქე 35 წლის ამერიკელი ჯონ დოდსონი იყო
  • მერაბმა რეიტინგში 3 საფეხურით წინ მყოფი დოდსონი დაამარცხა

მერაბ დვალიშვილი შეუჩერებელია - ქართველმა მებრძოლმა კიდევ ერთხელ, ამჯერად უფრო მაღალ დონეზე დაამტკიცა, რომ წელს ბრწყინვალე ფორმაშია და UFC-ში კიდევ უფრო მეტს იმსახურებს!

29 წლის ქართველმა მებრძოლმა UFC 252-ის მთავარ ქარდში იასპარეზა და მჩატე წონის (BANTAMWEIGHT) დივიზიონში ამერიკელი ჯონ დოდსონი დაამარცხა. გამოცდილი მეტოქის დამარცხებით, რომელიც ხსენებული წონითი კატეგორიის რეიტინგში მე-12 ადგილზეა, დვალიშვილმა (მე-15 ადგილი) დიდი ნაბიჯი გადადგა სატიტულე ბრძოლისკენ. მერაბი ამ უმნიშვნელოვანესი მოგების შემდეგ, სავარაუდოდ, მე-12 პოზიციაზე დაწინაურდება. ბრძოლის შემდეგ მან კიდევ ერთხელ გამოიწვია შონ ო’მალი, რომელთან ბრძოლაც ახლა უკვე ძალიან რეალურია.

დოდსონი მთელი კვირის განმავლობაში იმეორებდა, რომ მერაბ დვალიშვილთან ბრძოლისთვის ბევრი ივარჯიშა და ძალიან კარგად იყო მომზადებული. ბრძოლის დროს გამოჩნდა, რომ ეს ასეც იყო, რადგან ქართველ მებრძოლს კარგად უძლებდა, უპირატესობას კი სწორედ დვალიშვილი ფლობდა. როგორც სჩვევია, მერაბმა ტემპი ერთხელაც არ დააგდო, პირიქით, მუდმივად უმატებდა და საბოლოოდ ბრძოლა გამარჯვებამდე მიიყვანა - 30-27, 30-27, 30-27. დვალიშვილმა ამჯერად 2 თეიქდაუნი შეასრულა (20 მცდელობიდან), დოდსონს კი მცდელობაც არ ჰქონია.

მერაბ დვალიშვილი, რომლისთვისაც ეს UFC-ში ზედიზედ მეხუთე გამარჯვებაა, მომდევნო ბრძოლას, დიდი ალბათობით, წონის ელიტარულ მებრძოლთან გამართავს. ქართველ მებრძოლს უკვე 7 ბრძოლა დაუგროვდა, საიდანაც 5 მოიგო და 2-ში დამარცხდა. დოდსონი ბოლო 5 ბრძოლაში მესამედ დამარცხდა.

კომენტარები

ბოლო ამბები