Thumbnail

მოსკოვის ცსკა-ს ახალგაზრდა თავდამსხმელი ილია შკურინი უარს ამბობს ბელარუსის ნაკრებში თამაშზე, რომელიც ევრო 2020-ის პლეი ოფში საქართველოს ეროვნული გუნდის მეტოქეა. ამის მიზეზი ბელარუსში არსებული პოლიტიკური ვითარებაა. 20 წლის შკურინი აცხადებს, რომ ბელარუსის ნაკრებში არ ითამაშებს მანამ, სანამ ქვეყანას ალეკსანდრ ლუკაშენკო მართავს.

თავდაპირველად ფეხბურთელის არაოფიციალურ ინსტაგრამზე ასეთი შინაარსის პოსტი გამოქვეყნდა:

"ქვეყნის ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში მოხვედრის შესახებ კვლავაც სოციალური ქსელებიდან ვიგებ. შესაბამისად, ჩემს პასუხს აქვე ვწერ. ეროვნული გუნდის ინტერესების დაცვაზე უარს ვაცხადებ მანამდე, სანამ ლუკაშენკოს რეჟიმი მოქმედებს. გაუმარჯოს ბელარუსს!", - ნათქვამია განცხადებაში.

მოგვიანებით შკურინის აგენტმაც დაადასტურა, რომ თავდამსხმელი ნაკრებში გამოსვლაზე უარს ამბობს.

"არ მოვიტყუები, ეს მართლაც შკურინის ინსტაგრამი და მისივე სიტყვებია. ამ საკითხზე მას უკვე ვესაუბრე. როგორც ბელარუსის მოქალაქე, მის მიმართ სოლიდარული ვარ. ახალგაზრდა კაცი, რომელიც საფეხბურთო კლუბში თამაშობს, თავისი პოზიციის გამოთქმით დანაშაულს ხომ არ სჩადის?! ეს ნიშნავს, რომ მას თავის სამშობლოზე გული შესტკივა", - ამბობს აგენტი.

ბელარუსის ნაკრები თბილისში სათამაშოდ მარტში უნდა ჩამოსულიყო

მინსკსა და ბელარუსის სხვა ქალაქებში მეშვიდე დღეა ადამიანები ქუჩაში გამოდიან და პრეზიდენტის არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ, რომლის თანახმად, ალეკსანდრ ლუკაშენკომ დიდი უპირატესობით (80,1%) გაიმარჯვა. მშვიდობიანი მომიტინგეები პოლიციამ დაარბია, შედეგად, დაკავებულია 5 ათასზე მეტი ადამიანი, ორასზე მეტი ადამიანი კი, სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებით, საავადმყოფოში მოხვდა.

ბელარუსში საპროტესტო აქციები არ წყდება

ილია შკურინს ბელარუსის 21-წლამდელთა ნაკრებში 6 მატჩი აქვს ჩატარებული (1 გოლი), ეროვნულ გუნდში დებიუტი კი ჯერ არ ჰქონია.

საქართველოს და ბელარუსის ნაკრებები ერთმანეთს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი პლეი ოფის 1/2-ფინალში დაუპირისპირდებიან. მატჩი თბილისში 8 ოქტომბერს გაიმართება, წარმატების შემთხვევაში კი ვლადიმირ ვაისის გუნდი, ჩრდილოეთ მაკედონიასა და კოსოვოს შორის გამარჯვებულს 12 ნოემბერს უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები