Thumbnail
  • 'მიდი ოლიმპიკი': დავით ქუბრიაშვილს მიწვევები ინგლისური კლუბებიდან აქვს
  • ქართველ მორაგბეს გრენობლთან კონტრაქტი დაუსრულდა. 

საქართველოს ნაკრების პირველხაზელი დავით ქუბრიაშვილი შესაძლოა, ინგლისში გადავიდეს. 

33 წლის ქუბრიაშვილმა ბოლო სეზონი გრენობლში გაატარა, რომელმაც PRO D2-ში მესამე ადგილი დაიკავა და TOP 14-ში ვერ გადავიდა, თუმცა ქართველი მორაგბე იქ დარჩენას არ აპირებს, მას კონტრაქტი დაუსრულდა იზერულ კლუბთან. 

ქუბრიაშვილი, რომელსაც TOP 14-ში (ტულონი) დებიუტი ჯერ კიდევ 12 წლის წინათ ჰქონდა, შესაძლოა, პრემიერშიპში გადავიდეს. მისით უორჩესტერი, ლონდონ აირიში და კიდევ სხვა კლუბებიც არიან დაინტერესებულნი, რომელთაც "მიდი ოლიმპიკი" აღარ ასახელებს. 

თავად მორაგბეს ინგლისურ კლუბში გადასვლაზე უარი არ უთქვამს, თუმცა მაინც კარიერის საფრანგეთში გაგრძელება სურს, რადგან მთელი პროფესიული კარიერა იქ გაატარა (მასი, ტულონი, სტად ფრანსე, მონპელიე, გრენობლი). ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ქუბრიაშვილით სტად ფრანსე დაინტერესდა. 

დავით ქუბრიაშვილს საქართველოს ნაკრებში 48 კეპი აქვს მოხვეჭილი, მას "ბარბაროსების" რიგებშიც უთამაშია (სამჯერ).

კომენტარები

ბოლო ამბები