Thumbnail

'მუდმივად საბრძოლო რეჟიმში ვარ' - ხაბიბი თავის ფორმაზე, ნაკლსა და რეპზე

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • UFC-ის ჩემპიონმა პრესკონფერენციაზე აქტუალურ კითხვებს უპასუხა
  • დაღესტნელმა სპორტსმენმა რჩევები დამწყებ მებრძოლებსაც მისცა

UFC-ის ჩემპიონმა მსუბუქ წონაში ხაბიბ ნურმაგომედოვმა, რომელსაც შემოდგომით სატიტულო ბრძოლის ჩატარება ჯასტინ გეიჯისთან მოუწევს, მოსკოვში პრესკონფერენცია გამართა და თავის სპორტულ ფორმაზე ისაუბრა. 

ხაბიბისა და ორგანიზაციის დროებითი ჩემპიონის, ჯასტინ გეიჯის შეხვედრის ადგილი ჯერ დადგენილი არ არის, თუმცა, დიდი ალბათობით, ის 24 ოქტომბერს აბუ-დაბიში გაიმართება. დაღესტნელი მებრძოლისთვის ეს პირველი ბრძოლა იქნება 2019 წლის სექტემბრის შემდეგ, როდესაც დასტინ პორიე დააამარცხა.

"გამუდმებით ვვარჯიშობ. ამჟამად დაღესტანში, საკუთარ სახლში ვემზადები, სადაც დარბაზი მაქვს მოწყობილი. ვარჯიში არ შემიწყვეტია. არანაირი პრობლემა არ მაქვს იმისთვის, რათა პაუზის შემდეგ დავბრუნდე. საბრძოლო რეჟიმში მუდმივად ვარ", - ამბობს ხაბიბი.

ცოტა ხნის წინ ხაბიბს მამა გარდაეცვალა, რომელიც მისი მწვრთნელი იყო

დაღესტნელი არ ეთანხმება მოსაზრებას, თითქოს მისი ბრძოლები არასანახაობრივია:

"რა თქმა უნდა, ადამიანი ვარ და მაქვს მინუსები. შეუძლებელია ადამიანი 12 წლის განმავლობაში უნაკლო იყოს და საჭიროა მას რაღაც მინუსი მიაკერონ. და აი, არასანახაობრიობას ასახელებენ. ოღონდ ეგაა, ჩემი ბრძოლებს უამრავი ნახვა აქვს და ის ყველას აინტერესებს. აიღეთ ჩემი ბრძოლა ბარბოზასთან, პორიესთან - ისინი არასანახაობრივია? აბსოლუტურად არ ვეთანხმები მოსაზრებას, თითქოს არასანახაობრივი მებრძოლი ვარ". 

ხაბიბს ჯერ კიდევ აქვს იმედი, რომ დაპირისპირებას ტონი ფერგიუსონთან შეძლებს:

"სულის სიღრმეში მჯერა, რომ ფერგიუსონთან ბრძოლა შედგება. თუკი ჯასტინს ვაჯობებ, ტონის ნახვას ჩემი მეტოქეების სიაში ვისურვებდი. არ ვიცი, რა უნდა მოხდეს, რომ ფერგიუსონთან ბრძოლა შევძლო… ეს ჩემი ყველაზე რთული ბრძოლა იქნებოდა. მინდა, რომ ის დაბრუნდეს".

31 წლის ხაბიბს UFC-ში ჩატარებული 28-ვე ორთაბრძოლა მოგებული აქვს

ნურმაგომედოვმა ახალგაზრდა მებრძოლებს წარმატების საიდუმლო გაუზიარა:

"რჩევა დამწყებ მებრძოლებს - დაიცავთ რეჟიმი, არ გააცდინოთ ვარჯიში. დარბაზში სამი საათის გატარებას, სამი ერთსაათიანი ვარჯიში სჯობს. რა თქმა უნდა, საჭიროა გამართლებაც. შეიძლება ტრავმა მიიღო, სათანადოდ ვერ მოემზადო. საჭიროა მოთმინება და სათანადო ადამიანები გვერდით. იმისთვის, რომ ჩემპიონი გახდე, ძალიან დიდი გზა უნდა გაიარო".

დაღესტნელ მებრძოლს მუსიკა არ უყვარს

ხაბიბმა ასევე ისაუბრა იმაზე, თუ რატომ არის დაღესტანში რეპ-კონცერტის გამართვის წინააღმდეგი.

"რატომ არის ცუდი რეპ-კონცერტი? ჩვენ რაღაცებს განსხვევებულად ვუყურებთ. არ ვზივარ კაბინეტში და ვერ გადავწყვიტავ კონცერტის გაუქმების საკითხს. მაქვს საკუთარი პრინციპები და გამოვთქვი ჩემი აზრი. ვისაც გაინტერესებთ, მოისმინეთ, ვისაც არა - ნუ მოისმენთ. ჩვენთან დემოკრატიაა და ყველას შეუძლია აზრის გამოთქმა. მე მუსიკის მოყვარული არ ვარ".

კომენტარები

ბოლო ამბები